ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2024


როცა დავტოვე. ჩვენი ამბავი. ჩაის ფული 1

ნინო დარბაისელი

როცა დავტოვე. ჩვენი ამბავი. ჩაის ფული

მე რა ვუთხარი?!
გახსენებას რაღა აზრი აქვს.
ვეტყოდი რამეს,
თაფლგარეულს,
უვნებელმყოფელს.

როცა მოიცლი, ხომ მიკითხავო?
- ჰო, ერთი ეს თქვა თავიდანვე,
უემოციოდ
და მერე გვერდზე გაიხედა,
ზედაპირებს თვალი მოავლო,
თითქოს, რამე ხომ არ რჩებაო,
თითქოს ვიყავი კომპიუტერის  დამყენებელი,
საქმეს რომ მორჩა,
ინსტრუმენტები ჩაიბინავა,
პატრონსაც  ხელი მოაწერინა საგარანტიო ქვითრის ბოლოს,
რომ ნამუშევრით კმაყოფილია და ინსტრუქციას კარგად გაეცნო,
ბარათიც მისცა,
რომ პრობლემის შემთხვევაში დაუკავშირდეს
და ფეხს  რომ ითრევს ჩაის ფულის მოლოდინში,
პატრონი კი ზედ არ  უყურებს,
თავაზიანად აგრძნობინებს,
ეს ყველაფერი უკვე ისედაც ძვირი დამიჯდა,
ტყუილად იცდი,
ჩაის ფული - არ იქნებაო!

როგორ მიყვარდა,
ტყვიისფერი რომ უხდებოდა ხოლმე თვალები სიბრაზისაგან,
როგორ მინდოდა,
ერთხელ კიდევ,
საბოლოოდ დამეჭირა  ის მომენტი,
მან კი,
გულგრილად,
უბრალოდ, გვერდზე გაიხედა.

რა მოხდებოდა, ან თვალზე ცრემლი შემენიშნა,
ან ხმას იმისას დატყობოდა გაბზარულობა,
ან ეყვირა,
ან ხმისთვის მაინც აეწია,
ეთქვა, რომ არის გასაგები,
მაგრამ არის  უსამართლობა,
ან რამე ექნა,
რამე უაზრო:
ხელით ქაღალდი მოეჭმუჭნა და მოესროლა,
ფესაცმლის წვერით იატაკზე ზიგზაგი ანდა წრეწირი მაინც შემოეხაზა,
თუნდაც უსიტყვოდ დაეცინა ან ჩაეცინა,
ბოლოს და ბოლოს, ადგილიდან განძრეულიყო!

თითქოს ეს წასვლა კი არ იყო,
გახედვა იყო.
როგორ  მინდოდა,
გვეღრიალა…
და ერთმანეთს საბოლოოდ ჩავხუტებოდით…

გვიან გავიგე მისი ამბავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები