ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
15 იანვარი, 2024


George Gordon Byron - Stanzas composed during a thunderstorm

ჯორჯ გორდონ ბაირონი – სტანსები, შეთხზული ჭექა-ქუხილის დროს 

პინდუსის მთებში გრუხუნებს ავხმა,
ღამემ მოგვისწრო, დაბნელდა, ცივა, 
კოკისპირული დაუშვა თავსხმა,
მრისხანე ციდან ხორხოში ცვივა.

მეგზური გაქრა, აგვებნა კვალი,
ცაზე ელვა კრთის და დელგმა გვაწვიმს,
მოოქროვდება ნათებით წყალი,
ვხედავთ ლოდებით ჩახერგილ გზაწვრილს.

ნუთუ გამოჩნდა მეცხვარის ფაცხა,
როს ელვის შუქი დაადგა შორეთს?
თუმც აღტყინება უმალვე დაცხრა,
თურქული ყორღნის აღმოჩნდა ყორე.

ქაფიან ჩქერის ხმაურის მიღმა,
თანაქვეყნელი მეძახის მოყმე,
ქანცი შემორჩა რომელსაც ძლივსღა
და გაჭირვებით კვალდაკვალ მომდევს.

ორჯერ მჭექარე  ხმა მესმა თოფის,
მოძმე თუ მტერი, რომელი ისვრის?
ეგებ დაეშვას ფარეხში მყოფი,
წაგვიძღვეს მწყემსი, გვარიდოს ჭირი. 

ვინმე გაბედავს ჩამოსვლას ფეხით,
გაუმკლავდება ელ-ჭექის შიშსაც,
ანდა გაიგებს გრუხუნში მეხის,
უბედურების აღმნიშვნელ ნიშანს?

ან თუ გაიგებს ჩვენს ღრიალს უცხო,
როგორ გაარკვევს, ვინ ყვირის ხრამში,
გზააბნეული საშველად უხმობს,
თუ ახმაურდა ყაჩაღთა რაზმი?

ცაში გამსკდარი ღრუბლების გროვით
თქეში მძაფრდება, მძიმდება ხვედრი,
თუმც ერთი ფიქრი მწუხარეს გლოვით,
ნუგეშით მავსებს, მითბება მკერდი.

ხეტიალისას, წახრილი ღვართქით,
როცა ბორძიკით გავდივარ ვიწრობს
და სტიქიონის დამზაფრავს ზათქი,
ფლორენსა, ახლაც შენს ბედზე ვფიქრობ.

ზღვაში აღარ ხარ, რადგან ამ მხარეს
გაშორდი, შენ არ მოგიწევს ზღვევა,
დაე, მე ვიყო მარტოდენ გარეთ
თავდადრეკილი, გამლუმპოს ზღველამ. 

მახსოვს სიროკო დაქროდა სწრაფი,
დაგემშვიდობე კოცნით და ცრემლით,
ნაპირს მოსცილდა ბიძგით და ქაფით,
თვალს მიეფარა ლამაზი გემი.

შენ ესპანეთში იქნები ახლა,
განრინებული ყოველგვარ საფრთხეს,
თუმც მოგიწია ჩემგან შორს წასვლა,
მოშუღლე ვეღარ დაგიგებს მახეს.

თავზარდაცემულს ავდრიან ღამით
თვალწინ მიდგება სახება შენი,
გამახსენდება საამო ჟამი
მუსიკის ჟღერის, ნადიმის, ლხენის.

გამოიხედე გისოსებს იქით,
თუ კადისია აზატი, ლაღი
და მოიგონე მიჯნური ფიქრით,
დატკბი ლილისფერ ლივლივა ტალღით;

გახსოვს კალიფსოს კუნძულის ქიმი?
რა დამავიწყებს ნაზ მიხვრა-მოხვრას!
სხვებს უწყალობე ათასი ღიმი,
მე კი მეყოფა სულ ერთი ოხვრაც.

მიჯნურთა დასი შეგატყობს უცებ
გაფერმკრთალებას ტრფიალის ზრახვით,
ვეღარ დამალავ წამოსულ კურცხლებს,
დამწუხარებას ნაღვლიან სახის.

ცალყბად მღიმარი, შეკრთები ოდნავ,
ჩაიქირქილებს როდესაც ბრიყვი
და ალმურს მოგგვრის იმისი ხსოვნა,
ვინც შენთანაა ფიქრებით მიწყივ.

ღიმილიც, ოხვრაც ითვლება უქმად,
როცა გაისმის გაყრილთა გმინვა,
სული შენკენ ქრის, შენით სურს სულთქმა,
შენი სხეული სწადია ბინად.

15 იანვარი, წმ. სერაფიმ საროველის ხს. დღე, 2024 წ.


პინდუსის მთები - საბერძნეთის მთიანეთი
კადისი - ესპანეთის ქალაქი
კალიფსო - საბერძნეთის კუნძული
სიროკო - ხმელთაშუა ზღვის ცხელი ქარი.


ჯორჯ გორდონ ბაირონი – სტანსები, შეთხზული ჭექა-ქუხილის დროს 

პინდუსის მთებში გრუხუნებს ავხმა,
ღამემ მოგვისწრო, დაბნელდა, ცივა, 
კოკისპირული დაუშვა თავსხმა,
მრისხანე ციდან ხორხოში ცვივა.

მეგზური გაქრა, აგვებნა კვალი,
ცაზე ელვა კრთის და დელგმა გვაწვიმს,
მოოქროვდება ნათებით წყალი,
ვხედავთ ლოდებით ჩახერგილ გზაწვრილს.

ნუთუ გამოჩნდა მეცხვარის ფაცხა,
როს ელვის შუქი დაადგა შორეთს?
თუმც აღტყინება უმალვე დაცხრა,
თურქული ყორღნის აღმოჩნდა ყორე.

ქაფიან ჩქერის ხმაურის მიღმა,
თანაქვეყნელი მეძახის მოყმე,
ქანცი შემორჩა რომელსაც ძლივსღა
და გაჭირვებით კვალდაკვალ მომდევს.

ორჯერ მჭექარე  ხმა მესმა თოფის,
მოძმე თუ მტერი, რომელი ისვრის?
ეგებ დაეშვას ფარეხში მყოფი,
წაგვიძღვეს მწყემსი, გვარიდოს ჭირი. 

ვინმე გაბედავს ჩამოსვლას ფეხით,
გაუმკლავდება ელ-ჭექის შიშსაც,
ანდა გაიგებს გრუხუნში მეხის,
უბედურების აღმნიშვნელ ნიშანს?

ან თუ გაიგებს ჩვენს ღრიალს უცხო,
როგორ გაარკვევს, ვინ ყვირის ხრამში,
გზააბნეული საშველად უხმობს,
თუ ახმაურდა ყაჩაღთა რაზმი?

ცაში გამსკდარი ღრუბლების გროვით
თქეში მძაფრდება, მძიმდება ხვედრი,
თუმც ერთი ფიქრი მწუხარეს გლოვით,
ნუგეშით მავსებს, მითბება მკერდი.

ხეტიალისას, წახრილი ღვართქით,
როცა ბორძიკით გავდივარ ვიწრობს
და სტიქიონის დამზაფრავს ზათქი,
ფლორენსა, ახლაც შენს ბედზე ვფიქრობ.

ზღვაში აღარ ხარ, რადგან ამ მხარეს
გაშორდი, შენ არ მოგიწევს ზღვევა,
დაე, მე ვიყო მარტოდენ გარეთ
თავდადრეკილი, გამლუმპოს ზღველამ. 

მახსოვს სიროკო დაქროდა სწრაფი,
დაგემშვიდობე კოცნით და ცრემლით,
ნაპირს მოსცილდა ბიძგით და ქაფით,
თვალს მიეფარა ლამაზი გემი.

შენ ესპანეთში იქნები ახლა,
განრინებული ყოველგვარ საფრთხეს,
თუმც მოგიწია ჩემგან შორს წასვლა,
მოშუღლე ვეღარ დაგიგებს მახეს.

თავზარდაცემულს ავდრიან ღამით
თვალწინ მიდგება სახება შენი,
გამახსენდება საამო ჟამი
მუსიკის ჟღერის, ნადიმის, ლხენის.

გამოიხედე გისოსებს იქით,
თუ კადისია აზატი, ლაღი
და მოიგონე მიჯნური ფიქრით,
დატკბი ლილისფერ ლივლივა ტალღით;

გახსოვს კალიფსოს კუნძულის ქიმი?
რა დამავიწყებს ნაზ მიხვრა-მოხვრას!
სხვებს უწყალობე ათასი ღიმი,
მე კი მეყოფა სულ ერთი ოხვრაც.

მიჯნურთა დასი შეგატყობს უცებ
გაფერმკრთალებას ტრფიალის ზრახვით,
ვეღარ დამალავ წამოსულ კურცხლებს,
დამწუხარებას ნაღვლიან სახის.

ცალყბად მღიმარი, შეკრთები ოდნავ,
ჩაიქირქილებს როდესაც ბრიყვი
და ალმურს მოგგვრის იმისი ხსოვნა,
ვინც შენთანაა ფიქრებით მიწყივ.

ღიმილიც, ოხვრაც ითვლება უქმად,
როცა გაისმის გაყრილთა გმინვა,
სული შენკენ ქრის, შენით სურს სულთქმა,
შენი სხეული სწადია ბინად.

15 იანვარი, წმ. სერაფიმ საროველის ხს. დღე, 2024 წ.


პინდუსის მთები - საბერძნეთის მთიანეთი
კადისი - ესპანეთის ქალაქი
კალიფსო - საბერძნეთის კუნძული
სიროკო - ხმელთაშუა ზღვის ცხელი ქარი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები