ოდნავ გაღებული ფანჯრიდან ძმრის მძაფრი სუნი ირეოდა ჰაერში... ქალს შვილის სიცხისგან გავარვარებულ შუბლზე მიებჯინა ტუჩები, ჩაშავებული თვალები ფართოდ ჰქონდა გახელილი და ერთ წერტილს მისჩერებოდა. მოდუნებული სხეული მძიმედ ედო საწოლზე, მხოლოდ გული უცემდა გამალებით, ხმაურით... უფროსი შვილის მილეული ხმა შეაკრთობდა ხანდახან: - დედა, დაიკოს კიდევ სიცხე აქვს? ამ დროს გული საგულეში აღარ ეტეოდა, ისე უნდოდა, ეპასუხა- არა! მაგრამ გამშრალი ტუჩებით ძლივს გასაგონად ამოთქვამდა: ჰო. ოთახში კაცის მშვიდი, თანაბარი სუნთქვა ისმოდა. ქალი საწოლზე წამოჯდა, ფანჯრის მიღმა მთვარის ნათებას გაუშტერა თვალი, მერე სუნთქვა შეკრული წამოდგა, სიცხისგან გახვითქულ შვილს დახედა და ფეხაკრეფით გავიდა გარეთ... ბაღისკენ მიმართა ნაბიჯი, ღია ვარდისფერი წვივებამდე სიგრძის პიჟამათი ლანდივით მილასლასებდა ბნელ ღამეში და გაუჩერებლად ბუტბუტებდა: -ოღონდ ჩემი შვილი გამოაკეთე, ღმერთო... ოღონდ ჩემი შვილი გამოაკეთე, ღმერთო... მერე კი გაბედულად დაეშვა მუხლებით ძირს, ცალი მხრით ღობეს მიეყრდნო და გრილი თითებით მიწას დაუწყო ჩიჩქნა. ხელის გული ფხვიერი მიწით აივსო, პირთან მიიტანა, თვალები მაგრად დახუჭა, ღმად ჩაისუნთქა და პირი მიწით აივსო... ნერწყვით დაალბო და გადაყლაპა ერთი ლუკმა, მერე მეორე, მესამე...მეოთხე... ხმაურმა შეაკრთო, კაკლის ხეს ამოფარებული შვილი შეშინებული თვალებით შესცქეროდა. -აქ რას აკეთებ? - ელდანაცემი წამოვარდა ქალი, ადგომისას პიჟამა ლურსმანზე გამოედო და დაეხა. -მაპატიე, რომ ჩუმად გამოგყევი, დედა ...- ასლუკუნდა გოგონა. -ხომ გინდა, რომ შენი დაიკო კარგად იყოს? -მხრებში ხელები ჩაავლო ქალმა შვილს და ცრემლიან თვალებში ჩახედა. -კი, დედიკო, მარტო ეგ მინდა. -ჰოდა, მამიკოს არ უთხრა, რაც დაინახე, ღმერთს დავპირდი, რომ თუ დაიკო კარგად იქნებოდა, ისეთ რამეს გავაკეთებდი, რაც არასოდეს გამიკეთებია, თანაც ამის შესახებ არავის ვეტყოდი. გასაგებია? -კი დედა,- აცახცახებული ხელებით მოეხვია შვილი ქალს. კარის ზღურბლთან დახვდა ქმარი: - სად დაბოდიალობ ამ შუაღამეს?- შეღრინა ცოლს. -ცუდად ვიყავი და ეზოში გავედი ჰაერზე...-ძლივს გასაგონად ამოილუღლუღა ქალმა. -გეტყობა, როგორ ცუდადაც იყავი... ჩამოხეულ პიჟამაზე მიანიშნა კაცმა და ღონივრად შეანჯღრია ცოლი... * * * -დედა, მამიკოსთვის სიმართლე რომ გეთქვა, იქნებ აღარ გამოვეგდეთ სახლიდან? -სლუკუნებდა გოგონა. -მთავარია, შენი დაიკო გამოკეთდეს. -რომ არ გამოკეთდეს? -გამოკეთდება! - მტკიცედ თქვა ქალმა. ნელ-ნელა სინათლე ერეოდა ბნელ ღამეს. ცარიელ ქუჩებში შვილებთან ერთად მძიმე ნაბიჯებით მიდიოდა ქალი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. სამწუხაროდ. მადლობა რომ წაიკითხეთ. სამწუხაროდ. მადლობა რომ წაიკითხეთ.
3. რატომაა რომ მამაკაცს ბევრი რამის უფლება აქვს, ქალს კი ... გული დამწყდა რატომაა რომ მამაკაცს ბევრი რამის უფლება აქვს, ქალს კი ... გული დამწყდა
2. ნამდვილად. მადლობა ყურადღებისთვის ???? ნამდვილად. მადლობა ყურადღებისთვის ????
1. ლოცვა კურნავს ყველას, დიდსაც და პატარასაც,
ლოცვა კურნავს ყველას, დიდსაც და პატარასაც,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|