ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გელაშვილი ანნა
ჟანრი: პროზა
29 იანვარი, 2024


იამარი /ლიტერატურული გაზეთი N24 (352)


  მზესუმზირას მარცვლებით დაკოპლილ მიწას ირიბად დასჩერებოდა ლაზარე და გონებაში მოწინააღმდეგის კარში გოლი გაჰქონდა.
-ჰა, ბიჭო, კიდევ არ უთხარი იმ გოგოს რომ გიყვარს?
ნიკას უადგილო რეპლიკა არ ესიამოვნა ლაზარეს და ფეხებში მოქცეული ბურთი ესროლა.
-ვაა, ბურთის გარდა გიყვარს კიდევ რამე? -ჭრილობაზე მარილი დააყარა დიმამ.
-ეგ შენი წითელი ყურების საქმე არაა, -ცალყბად გაეპასუხა ლაზარე და ახლა იმას მოარტყა გვერდებში ბურთი.
-აღარ იტყვი ვინ გიყვარს ასეთი? -არ სცხრებოდა ნიკა.
-შენ რა უნდა გითხრას, დარწმუნებული ვარ, იმ გოგოსთვისაც არ უთქვამს ჯერ, - არც დიმას ასვენებდა ცნობისმოყვარეობა.
-მოიცა, მოიცა, მართლა არ გითქვამს იმ გოგოსთვის, რომ გიყვარს? ხელზე დაიხვიეს დიმას ნათქვამი ბიჭებმა და ერთ მუშტად დაესხნენ ლაზარეს.
-მოკეტეთ მეთქი! -მუშტი მოიღერა ლაზარემ.
-ხო კარგი, კარგი, ეკლესიაში მაინც წამოდი, იცი რა კარგი გოგოები არიან? - სიტუაციის განეიტრალება სცადა ერთ-ერთმა.
-ხო, წინა კვირას ახლი გოგო მოვიდა, მანამდე არ შემინიშნავს,- იამარი ჰქვია, -გამომცდელად გადახედა ნიკამ ლაზარეს.
სახელის გაგონებაზე ლაზარეს ლოყები აეწვა.
-ეს ორი სახელი რა პონტია, ან ია დაერქმიათ ან მარი, - ჩაიცინა ლაშამ.
-რა შენი საქმეა, ვის რა ერქმევა? აიჭრა ლაზარე და ლაშასაც აწვნევინა ბურთის გემო.
  ამ დროს გზის მოპირდაპირე მხარეს მანქანა გაჩერდა, ფანჯრიდან მამაომ გადმოყო თავი და მჭექარე ხმით დაიძახა: -ლაზარე, წამოდი ეკლესიაში!
-შემეშვი, მამა რა! - ხელის აქნევით მიაძახა ლაზარემ.
-წამოდი-მეთქი!- მკაცრად გაიმეორა მამაომ.
ლაზარე ზანტად წავიდა მანქანისკენ, ჩაჯდა თუ არა მამაო პირკატა ეცა:
- რამდენჯერ გითხარი, ხალხში მამას ნუ მეძახი- მეთქი? ეს კარგი ჯანდაბას, მაგრამ, სირცხვილია, ბიჭო, სირცხვილი...- ხმა შეარბილა მამაომ და მანქანა დაძრა, -მრევლი სულ იმას მეუბნება, შენი შვილი რატომ არ დადის ეკლესიაშიო, რა მოგდის შე ურჯულო, ყოველ დღე იარე- მეთქი ხომ არ გეუბნები, შაბათ-კვირას რომ მოხვიდე და ორი საათი გაძლო, ხომ არ მოკვდები?
-ვაი და მოვკვდე? - ყურებამდე გაიკრიჭა ლაზარე.
მამაომ უნუგეშოდ ჩაიქნია ხელი.
შევიდა თუ არა ლაზარე ეკლესიაში, მაშინვე შენიშნა განცალკევებით მდგარი იამარი, შარვლის ზემოდან შემოხვეული ცისფერი გამჭირვალე თავსაფრით.
გული აუჩქროლდა...
როგორც კი დრო იხელთა, იამარისთან მივიდა და მორიდებით გადაულაპარაკა:
-არ ვიცოდი, ეკლესიაში თუ დადიოდი.
-შემთხვევით გავიგე წინა კვირას, რომ მამა პლატონი მამაშენია, -თქვა იამარიმ და მაშინვე თემა შეცვალა, -პარასკევს რატომ არ იყავი სტადიონზე?
-ფეხი მტკიოდა.
-ახლაც გტკივა?
-ახლა აღარ.
-ანუ, ხვალ ისევ ითამაშებ ფეხბურთს? გოგოებმა გადავწყვიტეთ, გამამხნევებელი პლაკატები დავამზადოთ და გიგულშემატკივროთ.
-აბა, რა, აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ ხვალ! -ნიშნისმოგებით უთხრა ლაზარემ და თვალი ჩაუკრა.
იამარის ლოყები ალისფრად აენთო.
ლაზარეს სიხარულისგან გული საგულეში აღარ ეტეოდა და გამარჯვებული სახით უყურებდა ტაძარში მყოფ ძმაკაცებს.
***
მაღვიძარას დარეკვამდე ათი წუთით ადრე გაეღვიძა მამაოს. ეკლესიაში წასასვლელად დაიწყო მომზადება.
გარეთ გასულს ელდა ეცა - ლაზარე ამდგარიყო და მანქანასთან იდგა.
-ამ დილაადრიან რამ აგაყენა? -ეჭვის თვალით გადახედა შვილს.
-უჩემოდ თურმე ხალხი ვერ ლოცულობს. ტაძარში მოვდივარ! -თქვა ლაზარემ და მანქანაში ჩაჯდა.
-ღმერთო დიდებულო! ღმერთო მაღალო! ღმერთო შენს ძალას ვენაცვალე... რა დაეტაკა ამ ბიჭს?- ხელები ზემოთ აღაპყრო მამაომ და პირჯვრის წერით მიუჯდა საჭეს...

ანა გელაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები