ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
29 იანვარი, 2024


ექიმბაშ იარეთელს ყველაფრის წამალი აქვს

      როცა ექიმბაშს მივადექი, არც ისეთ სახელგანთქმულ სასწაულმოქმედს, ძალიან მალევე ფეხებში ჩავუვარდი და ავტირდი. მეთქი, ექიმო, ვინმეს სახელით მიშველე, არ აქვს მნიშვნელობა ვისი.
    თავში ტრილიონობით ნეირონი მაქვს, ექიმო, და თითოეული მათგანის დაბადება შევიგრძენი, როცა ჯერ კიდევ დამუხტული მკვდარი უჯრედები იყვნენ.
ვგრძნობ თუ როგორ ტუმბავს ჩემი გული სისხლს და ყოველ იმ წამის მეასედს, სადაც ის ისვენებს და ამ წამის მეასედში ჩაქსოვილ ურთულეს ბიოქიმიურ პროცესებს.
    ვიცი, რომ ჩემზე და ჩემში უსასრულობა სუფევს, თავის კვანტური ობიექტებით თუ ცოცხალი ორგანიზმებით.
    აქ კი, გარეთ, ჩემი თვალთახედვის არეში, უსიცოცხლო, უფერო, უწონო, ქიმიური ნაგვით გაჟღენთილ სამყაროში მხოლოდ ჰამბემ შუტირი მსტუმრობს როცა არაყი გაუთავდება და მეკითხება, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რა არის მომავალში და როგორ ვიყოთ ადამიანურები. და როცა ის მიდის, როცა ბალიშში თავს ჩავრგავ და უფლებას ვაძლევ საკუთარ მეს, იყოს ჩაგრული, საწყალი ბავშვი, მაშინ ვამბობ:
ერთ დღეს ჩემთან მოხვალ!
- ერთ დღეს ჩემთან მოხვალ. რომც არ გინდოდეს, მაინც მოხვალ, შენი ჩუმი უხერხულად მოკლე-მოკლე ნაბიჯებით. და მოსვლას მდინარესავით გადაჭიმული დრო გაიძულებს, რომელიც ყველა ცოცხალ ლოდს უსრიალებს გვერდებში და ანადგურებს.
    მაგრამ, ვაი რომ, ექიმო, სიკვდილსაც ვღალატობ, ხანდახან სიცოცხლეზე ფიქრი რომ მომეძალება და მისი მეშინია.  მაგრამ ხომ ვიცით, როგორი მწყალობელიც არის, არა?! მაპატიებს.
    და მაშინ, როცა ვფიქრობ რომ ყველაფერი დამთავრდა, როცა ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, როცა დილით ვიღვიძებ, გეგმებს ვალაგებ და ჩაის ვიდუღებ, ან კიდევ ვფიქრობ, რომ ჯერ არ მოვწიო და მოვუფრთხილდე ფილტვებს, თავში უროსავით მხვდება მთელი კოსმოსური ნაგავი, თავის ყველა ხვრელიანად, შავი გინდა თუ ჭიის, და მახსენდება, რომ ძალიან შორეულ კოსმოსში თუ ერთი ვარსკვლავი განთავისუფლდება ძლიერი გრავიტაციული გავლენიდან და ძალიან სწრაფად ჩაიფრენს კენტავრის უბანში, შეიძლება პეპლის გაქნეულმა ფრთამ დედამიწის სწორხაზოვანი გრავიტაციული ბილიკი დააღვიოს და ჩემი პლანეტიანად სადღაც ძალიან ტრაკში მომისროლოს, მაგრამ ეს არ ხდება და რომ არ ხდება ეგ მაგიჟებს, ექიმო.
    რამდენი რამე შეიძლება მოხდეს ამ ქიმიური ნაგვის გროვებში, მაგრამ არაფერი ხდება. დროის მარყუჟში ვართ, ექიმო და არ ვიცი, ვინც გინდა მოიხმე, ვის სახელზეც გინდა ილოცე, ოღონდ მიშველე.
    ექიმბაში თითქოსდა დაიღალა ჩემი ვედრების სმენით, დაამთქნარა და მითხრა, აზოტის ჰიპოქსით გიმკურნალებ.
      თითქოს სადღაც გაგონილი მაქვს, რომ ეს მკურნალობის მეთოდი ას პროცენტიან გარანტიას იძლევა.
- აზოტის ჰიპოქსიის კურსი კბილის ტკივილსაც ისევე კურნავს, როგორც შენ ფიქრებს განკურნავს.
     
-

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები