ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პროზა
29 იანვარი, 2024


იტალიური ეზოს სტოპკადრები

იტალიურ ეზოში გავიზარდე, ვასო აბაშიძის 7-ში. ეს სახლი 1912 წელსაა აშენებული და დღემდე დგას, გადაბმული აივნებით და სპირალივით დახვეული კიბეებით.
ჩვენი სამეზობლო  მრავალეროვანიც იყო და მრავალენოვანიც.
საკუთარ ოთახებში ყველა მშობლიურ ენაზე საუბრობდა, აივანზე გამოდგამდნენ ფეხს თუ არა, ქართულად იწყებდნენ ლაპარაკს, მთლად გამართულად ვერა, მაგრამ მაინც ქართულად...ბავშვის თვალს და ყურს ხომ არაფერი გამოეპარება და მეც "ვასინეთობდი"...
ერთ დილას მეზობელი როზიკა ეკითხება დედაჩემს:  - ლიაჯან, ჩემს ოთახში ჩერჩილები დაფრინამენ და რამე წამალი ხომ არ იციო? - ვაა, როზიკ, შენ რა პატივში ყოფილხარ, ერთის ნაცვლად ბრიტანეთის რამდენიმე პრემიერ მინისტრი  გწვევიაო- უპასუხა სიცილით დედამ  და როზიკას გაოცებული სახე რომ დაინახა, აუხსნა, რა განსხვავება იყო ჩრჩილსა და ჩერჩილს შორის...
ერთ მშვენიერ დღეს მთელი ეზო პროფესორი მეზობლის საიუბილეო საღამოს სამზადისში ჩაერთო. ღრმად პატივცემულ ვლადიმერ მგალობლიშვილს 60 წელი უსრულდებოდა. საღამოს გაიშალა დიდი სუფრა, იყო ქებადიდების კორიანტელი. თავისი სილამაზის გამო მეზობელი ქალებისგან თვალდასობილმა ვალენტინამ გადაწყვიტა "კამკამა" ქართულით ეთქვა პროფესორის სადღეგრძელო და ჭიქით ხელში, რიხიანად განაცხადა: -ბატონი ვლადიმირი ისეთი კარქი კაცია, რომ ყველამ უნდა შევიკვეხოთ! (დავიკვეხნოს ამბავში რა)???? ატყდა ერთი სიცილ-ხარხარი, დაბნეული ვალია კი მხრებს იჩეჩავდა და  აფახულებდა დატუშულ წამწამებს, სანამ მის მიმართ არც თუ გულგრილმა კაცებმა არ მოუთარგმნეს, განსხვავება დაკვეხნასა და შეკვეხებას შორის...
ყველაზე მაგარი მაინც სომეხი სათოსა და კვერცხების გამყუდველი აბასას გაბაასება იყო. სათო  იმ სიგრძე ფოხნებს ფენდა რომ ქარის დაქროლვისას გემის აფრასავით იბერებოდა სათენიკას  "საწმერთული ხოხბის ყელისფერი". ან სად შოულობდა ამდენ  ფერად- ფერადებს...
კვირა დილას, ჩვეულებისამებრ,  ეზოში შემოვიდა აბასა კალათით ხელში და დაიძახა - იაისა, ხოროში იაისა, სეგოდნია პოლოჟილა მოია კურისა, სვეჟი იაისა, კტო ხოჩეტ, პაკუპაი! აბასას ხმოვანი რეკლამის დამთავრებისთანავე გადმოდგა სათო აივანზე ფასის საკითხავად, უცებ სათოს ერთ შპილკაზე მოქანავე ფოხანი მოწყდა თოკს და ზედ გადაეფარა აბასას კალათას. სათომ გადმოსძახა- აბას, სნიმი ტრუსი ი პოკაჟი ტვოი იაიცა! -
აბასამ მექანიკურად შარვალზე წაივლო ხელი და გაკვირვებულმა იკითხა, - სათო, ზაჩემ ტებე მოი იაისა? 
ახარხარებულ ეზოს მეტი რა უნდოდა, ატყდა ერთი ლაზღანდარობა სათო-აბასას დაწყვილებაზე და ქათმისა თუ საკუთრივ აბასას კვერცხებზე... მოკლედ, ეს ამბავი იმით დასრულდა, რომ ერთმა მეზობელმა მოხსნა კალათს სათოს აფრა-ფოხანი და ყველა კვერცხი ციმ ციმ გაიყიდა...

ჩემი ეზო დღემდე მესიზმრება... მგონია, დღესაც იქ ცხოვრობს ჩემი ბავშვობა...იმ სახლს  ლოკოკინასავით ზურგით დავატარებ, ყველა თავისი ბინადარით... უმეტესი მათგანი ალბათ, ცოცხალი აღარც არის, მაგრამ ჩემმა მეხსიერებამ ცოცხლად შემოინახა მათი სახეები და ის სითბო, რაც იმ ეზოში ტრიალებდა...
  პ.ს. გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები