წერ გააფთრებით, თითქოს გსურდეს მისგან გაქცევა, რასაც წერ, ხედავ, შეიგრძნობ და ხშირად პოულობ ყოველდღე, როცა ისევ გიწევს თვალის გახელა, რომ საკუთარ თავს მილიონჯერ თქმული მოუყვე ძველი იგავი, ძველ სიზმარზე, ძველი მოტივით, ძველი განწყობით, ისტორიით, ფიქრით, იმედით რომ ჭიქის ფსკერზე თავის თვისის მძებნელ ლოთივით ერთ დღესაც სრულად პროზაული სიკვდილით მოკვდე.
არაფერია - გახსენდება თითქოს, ლოზუნგი. მღვრიე თვალებში ანთებული სიცარიელით გატეხილ ღამეს ორიოდე სტრიქონს მიუგდებ და მზის შუქამდე ტკივილები მიგაცილებენ, რომ გამოშიგნონ შენს სახელზე ნაძერწი თიხა. ისევ მოიტანს ქუჩის მტვერი ოთახში დაღლას. შენ ახლა ზიხარ და სივრცეში სამიზნეს ნიშნავ, რომ ღამე მოკლა, მოიშორო... შენ ზიხარ ახლა
ისეთი მარტო, ისე მშვიდი, არის სულერთი, ღამის ორია, ოთხია თუ სულაც ახლახანს დაღამდა. უმზერ - ღამის ცაზე ღრუბლის პორტრეტი დაბომბვისათვის გამზადებულ ვერტმფრენს წააგავს, რომელსაც ქარი უცვლის ფორმას იმის მიხედვით, თუ რომელ მხარეს დაუბერავს. ქვემოთ სრულიად უმიზნოდ სხედან კაცები და მათი ფიქრებიც ამ ღრუბლებივით უმიზნო და აბსურდულია.
რომელი წერა... რომელ ლექსში იპოვი საშველს, სულაც რომ სისხლის მელანს მისცე შანსი გამოხსნას შენს სულში კვანძად გამოკრული უხეში ღამე. (ცდილობ იმედი უსიტყვობის ხიდან ჩამოხსნა რომელსაც დილით დაეკიდა ყელზე სიმართლის თოკით შებმული) როგორ გინდა საკუთარ თავსვე კისერში წვდე და ქუჩის ბინძურ არხში მიაგდო, რომ ყველაფერმა მიგატოვოს. თუმცაღა აქვე იმასაც იტყვი, ყველაფერი ყოველთვის ხომ არ იყო ასეთი მოსაწყენი, ასეთი მყიფე, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გაძღლებულ კაცების ხროვას ჯერაც გახსოვს, რომ ხალხი ერქვა.
ღამეა ისევ...
რამდენჯერ წახდი... რამდენ შიშში იპოვე შვება, რამდენ ტკივილში შეაბიჯე შენივე ნებით, რომ შენი სულის სიმხურვალით გამთბარი ზეცა მხრებით გეზიდა. ყეფა არის სიცოცხლე, ხვდები და უყეფ ღამეს, მთვარეს, კედლებს, ქუჩას, შენივე ლანდს - იატაკზე ჩამოღვენთილ ოცნების ნამწვავს, ქალებს, რომლებსაც უყვარდი და ვერ შეირიგე, იღბალს, რომელსაც მიაფურთხე, ყველა იმ ამბავს რაც მართლა იყო, რაც არ იყო, მაგრამ ისეთი რწმენით გწამდა, რომ ნამდვილობა ირწმუნე მათი. სიმართლეს თავის ტკივილით და ტყუილს იმ ერთი გზით სიმართლემდე რომ მიგათრევს. გათენებამდე ისევ შორია, ისევ ცივა, ისევ ღამეა... წერ გააფთრებით, თითქოს გინდა სადმე გაექცე აკლდამებამდე შემორჩენილ მცირე არეალს, რომელშიც ხედვით ამოშანთულ თვალებს აცეცებ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ორივე მომეწონა. ეს მელოდიაც მიყვარს ლექსში გააფრთებულ მოვარდნილ მდინარესავით მიედინება 5 ორივე მომეწონა. ეს მელოდიაც მიყვარს ლექსში გააფრთებულ მოვარდნილ მდინარესავით მიედინება 5
1. კარგია, სათაური შეიძლებოდა უკეთესი. კარგია, სათაური შეიძლებოდა უკეთესი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|