 | ავტორი: დებორა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 24 თებერვალი, 2024 |
#გალაკტიონოლოგიური_ოპუსები Svi Jangulashvili
ნინო დარბაისელი სტრონი
ერთი ხელნაწერი - ორი ლექსის წყარო? (“მეგობრის ხსოვნას” თუ “ურიცხვ დროშებში”)
საიტ galaktion.ge-ზე, რომლის ხშირი სტუმარიც გახლავართ და თქვენთვისაც მირჩევია, ესტუმრეთ- მეთქი, პოეტის ერთი ხელნაწერით (იხ. ილუსტრაციებში) ორი ლექსი დევს.
https://galaktion.ge/?page=AdvancedSearch
მე ვიტყოდი, ერთი ხელნაწერის ორი სხვადასხვა, ორგვარი წაკითხვა. ერთ ლექსს ჰქვია ,,მეგობრის ხსოვნას”, ხოლო მეორეს - “ურიცხვ დროშებით” ვნახოთ ეს ვერსიები:
მეგობრის ხსოვნას
მიუძღოდი ჯარს, ჭიხვინებდა შენი მერანი - ომში წასულთა ზიარება გებარა ოდეს - წინ მიდიოდენ მედროშენი, მოსიმღერენი, ერთი მათგანიც აღარ მოვა აქ არასოდეს.
უკანასკნელად გიღიმოდენ გზაზე ქალები, გეუბნებოდენ: საქართველო შენი გახსოვდეს. ბედნიერებას გპირდებოდენ მათი თვალები. ერთი მათგანიც აღარ მოვა აქ არასოდეს.
მუსიკა, ცრემლი, საქართველო: ზრუნვის საგანი.. თითქო ყველაფერს კარი მძიმედ გადარაზოდეს, ოჰ, არასოდეს არვინ მოვა იმათთაგანი - ოჰ, არასოდეს არ ამოვა მზე, არასოდეს!
1920-იანი წლები
ურიცხვ დროშებში
ცხრაას ჩვიდმეტი! ჭიხვინებდა შენი მერანი, ბარიკადების მღელვარება გებარა ოდეს. ურიცხვ დროშების მიდიოდნენ მოსიმღერენი. ბევრი მათგანი აღარ მოვა აქ არასოდეს!
უკანასკნელად გვიღიმოდნენ გზაზე ქალები: გახსოვდეთ მასა და მიზანი მისი გახსოვდეთ, ბედნიერებას გვპირდებოდნენ მათი თვალები, ბევრი მათგანი აღარ მოვა აქ არასოდეს!
მუსიკა, რისხვა და ქვეყანა, ზრუნვის საგანი... თითქო ყველაფერს კარი მძიმედ გადარაზოდეს... ოჰ, არასოდეს არვინ მოვა იმათთაგანი!
[1925]
თქმა არ უნდა ჩვენს წინაშეა ერთი და იგივე ლექსი, ორი სხვადასხვა ამოკითხვითა და ასევე, ორი სხვადასხვა სათაურით! თავისთავად ლექსის შინაარსობრივ მხარეზე ამჯერად არ გავამახვილებ ყურადღებას, ვიტყვი მხოლოდ, რომ გალაკტიონისებრი სიმძაფრით გაჯერებული ტრაგიკული ინტონაციითაა სავსე და გადმოცემულია დიდ რევოლუციურ ცვლილებათა პირობებში ადამიანის, პიროვნების ფრუსტრაციის მდგომარეობა. ვინაა ლექსის ერთ ვერსის სათაურში ,,მეგობრად” მოხსენიებული, თვით ტექსტებში კი მეორე პირით გამოხატული ეს პიროვნება? - თავიდან იმედიანი, მერე კი - მრავალმხრივ დანაკარგთა გამო, ტრაგიკული? ვინმე სხვა თუ იქნებ, თავად გალაკტიონი?- - პირობითად დისტანცირებული და ექსპლიცირებული მეორე პირში? ასეთ ხერხს ხომ გალაკტიონი სხვა ლექსებშიც მიმართავდა. ჯერ კიდევ ადრე ადრე , მაგ,, “აუზისაგან”, იგი იყენებდა პირობით მეორე პირსაც - ,, “შენ აისრულე სურვილი დიდი” მარმარილო ,, აჰყვე კიბეებს, სადაც სფინქსი ქვას ეფერება”. იქნებ ლექსში ,,მას გახელილი დარჩა თვალები”, რომლის არაერთ ანალიზსაც ვიცნობთ, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ რომელიმე მათგანი ბოლომდე მისაღები და ამომწურავია, თავად გალაკტიონიცაა ნაგულისხმევი? ამ ბოლო ლექსში პოეტი მესამე პირშია წარმოდგენილი და ჩემი აზრით, ესაა საკუთარ, მომავალ სიკვდილში “წინასწარი შერბენის ცდა” , რაც თუ ჩემს მიდგომას გავიხსენებთ, გალაკტიონის სიმბოლისტურ ქმნილებათა ესთეტიკურ სპეციფიკას რომ ეხება, სახეთა მრავალპლანიანობის, პოლიფონიურობის გამო, კი არ გამორიცხავს, კი არ აუქმებს ინტერპრეტაციათა სხვა შესაძლებლობებს, არამედ ერთვის და ემატება მათ. თუმცა ეს უკვე სხვა საუბრის თემაა და აქ ვჩერდები… “აწ პირველსავე სიტყვას მივიდეთ “! როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ ორ ლექსს ხელნაწერი წყარო - ერთი აქვს. სავარაუდო თარიღად ერთგან ოციანი წლები ეთითება, მეორეგან - თითქოს მეტი კონკრეტიკაა, 1925 წელიო. გალაკტიონს რომ სჩვეოდა საკუთარი ხელნაწერების არა მხოლოდ გადათარიღება, არამედ მკვეთრი კონცეპტუალური ცვლილებაც ტექსტში, ეს გალაკტიონოლოგებისთვის და მისი გულდასმითი მკითხველებისთვისაც ცნობილი ამბავია. შემთხვევათა უმრავლესობაში თუ ამგვარ ცვლილებათა მოტივი პოლიტიკური კონიუქტურა იყო, ამას გარდა, ცნობილია მაგალითებიც, როცა არჩევანს იგი ლექსის კომპოზიციის, პოეტური იმიჯის, რიტმიკის, რითმის და აშ გამოსაკვეთად მიმართავდა, მაგალითად, როგორც სულში მუსიკის მსუბუქ ზვირთებით მიმავალი მოცარტი, პოეტი შეიძლება მორთული იყოს თეთრი და სრულიად მის საპირისპიროდ, შავი ტანისამოსითაც, როგორც ხელნაწერებიდან ვგებულობთ; ,,დროშები ჩქარა”, - “ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო!” - ამ ბიბლიური 42(41)-ე ფსალმუნის დასაწყისის ამპლიფირებული ალუზიით გაჯერებული ეს ლექსი შეიძლება, ოქტომბრის რევოლუციასაც ეძღვნებოდეს, თებერვლისასაც და საერთოდ, ნებისმიერ რევოლუციას. იგი ხელმოწერით - ,,გალაქტიონი.” პირველად გამოქვეყნდა ოქტომბრის რევოლუციამდე რამდენიმე თვით ადრე, გაზეთ ,,სოციალ-დემოკრატში” და თარიღად 1917 წლის 13 მარტი უზის. ჩვენთვის საინტერესო ხელნაწერს კი სავარაუდოდ, ოციანი წლები ეთითება. არც ეს გვაძლევს რაიმე მყარი დასკვნის საფუძველს. ათიანი წლების ბოლო რომ ეთითებოდეს, მაშინაც კი გაჭირდებოდა თქმა, კერძოდ, რა იგულისხმება მასში, რადგან ეს ორი თარიღი - რუსეთის რევოლუციისა 1917 და საქართველოს დამოუკიდებლობის დასაწყისისა 1918 - ძალიან ახლოს დგას ერთმანეთთან. ოციან წლებში - დიდი ცვლილებები უკვე მომხდარია, წარსულშია. ჩემთვის არაა ცნობილი, თუ რამ განაპირობა ერთი ხელნაწერის დართვა ორი სხვადასხვა სათაურის ლექსისათვის. გალაკტიონის საარქივო გამოცემაში მოხდა რაიმე გაურკვევლობა? გალაკტიონის საიტს ხომ ბაზად სწორედ იზა ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით გამოცემული ეს საარქივო გამოცემის ოცდახუთტომეული უდევს. ან ეს შემთხვევა გამოკვლეულია თუ არა; შესწავლილია თუ არა ტექსტოლოგიურად? საინტერესო კი იქნებოდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მადლობა, მუხა! სავსებით გეთანხმები. უმდიდრესი არქივი დაგვიტივა გალაკტიონმა და საკვლევ- სამუშაო თაობებს ეყოფა. მადლობა, მუხა! სავსებით გეთანხმები. უმდიდრესი არქივი დაგვიტივა გალაკტიონმა და საკვლევ- სამუშაო თაობებს ეყოფა.
2. მადლობა, მუხა! სავსებით გეთანხმები. უმდიდრესი არქივი დაგვიტივა გალაკტიონმა და საკვლევ- სამუშაო თაობებს ეყოფა. მადლობა, მუხა! სავსებით გეთანხმები. უმდიდრესი არქივი დაგვიტივა გალაკტიონმა და საკვლევ- სამუშაო თაობებს ეყოფა.
1. ცნობილია, რომ გალაქტიონ ტაბიძე ერთ ლექსის ვარიანტებს წერდა,რაც ნაწილობრივ ეხმაურება გალაკტიონ ტაბიძის გაორების ცნობილ ფორმულას. ბევრი რამ არის გალაკტიონის შემოქმედებაში აუხსნელი და ყველა ეპოქის გალაკტიონოლოგი მომავალი დროის მკითხველზე აიღებს ორიენტაციას. საინტერესო პუბლიცისტიკაა. ცნობილია, რომ გალაქტიონ ტაბიძე ერთ ლექსის ვარიანტებს წერდა,რაც ნაწილობრივ ეხმაურება გალაკტიონ ტაბიძის გაორების ცნობილ ფორმულას. ბევრი რამ არის გალაკტიონის შემოქმედებაში აუხსნელი და ყველა ეპოქის გალაკტიონოლოგი მომავალი დროის მკითხველზე აიღებს ორიენტაციას. საინტერესო პუბლიცისტიკაა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|