 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 13 აპრილი, 2024 |
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ქვეყანა ერთი. ერთი სამყარო
ვერ მოვიშალე ჩემს არსებაში ჩატანებული ეს ოხერი ნაივურობა. რა არ ვიკითხე, რა არ ვისწავლე, კარგი ბრძენივით სხვისთვის რჩევებიც მიმიცია, მე კი დღემდე ისევ იქ ჩავრჩი, იმ ბავშვობაში, სადაც მჯეროდა, რომ არსებობს რაღაც ქვეყანა დედამიწაზე, სადაც გროვდება ყველაფერი, რასაც დაკარგავ, წაგართმევენ, დაცინვით ანდა მოტყუებით მიითვისებენ, გეთხოვებიან და აღარასდროს დაგიბრუნებენ, შეგიჭამენ, შენს დასანახად - სხვას მოახმარენ. დაკარგული ახლობლები და მეგობრებიც, რა ხანი არის, ერთმანეთს გაუშინაურდნენ და ყველა ერთად - იქ მოგელიან.
ოღონდ გზა არის გასაგნები იმ ქვეყნისაკენ, იმ გზაზე - წყვილად არ გამოვა, ყველამ მარტო უნდა იაროს, საცალფეხოა თუ ჩამწვანებულ, გოგირდის სუნად აყროლებულ ჭაობში დადის ან ეკალ-ბარდში წვრილად ნახლართში, აღმართებში თუ თავდაღმართებში; ზოგი ისეთი ადგილია იქ მიმავალი, ძალიან უნდა გადაახტე, კარგი იქნება, ზედ გადაფრენა რომ შეგეძლოს, მაგრამ სჯობია, ახლომახლო ჯოხი იპოვო და ჯოხი ჭოკად მოიხმარო. თუმცა უფრთებოდ როდის, სად, ვის, რა გამოსვლია! და რაკი ყოფამ ფრთები ადრევე ძირში დაგაჭრა, უნდა ილოცო და მოიხმო ანგელოზები, სულ იმეორო:
“ანგელოზებო, მომეშველეთ, მთელო ლაშქარო!”
“ანგელოზებო, მომეშველეთ, მთელო ლაშქარო!”
“ანგელოზებო, მომეშველეთ, მთელო ლაშქარო!”
იცქირო ცადო და დაიცადო, ეს ლაშქარი არ ააჩქარო.
რა უნდა ჭამო მიმავალმა?! რასაც ბუნება გამოიმეტებს, ვინ რა სამეფოს დაგახვედრებს, ან ააჟღერებს შენთვის ვინ რა ქნარს! ჰოდა, ერიდე კენკრანაჭამი დათვების ნაქნარს, ჩასაფრებული მტაცებელი ცხოველის კვალიც ამოიცანი, სუნი იკარი, ვიდრე ბინდბუნდში გამოკრთება რაღაც ჭიშკარი.
მიხვალ და ურდულს აზიდავენ, გამოგიღებენ, თუმცა თავიდან გიცნობენ ვერ კი, იქნება ერთი ჟრიამული, ჩახუტებები, იქნება დიდი ფეიერვერკი, თავზე კანფეტებს დაგაყრიან, ჩამოგკიდებენ გირლიანდებს, იხილავ ლანდებს, ცრემლიც იქნება, ცხელი, ცხელი, აურაცხელი - იქნება ცრემლის ნიაღვრები - - უერთმანეთოდ გალეული დღეების, წლების, ყოფისა და ყოფიერების, დაგუბებული მონატრების, და ისევ შეყრის ბედნიერების!
ბევრი ვიარე, ცოტა ვიარე, ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადავიარე, ჭიშკარიც ვნახე, კარიც შევაღე, შემომეხვივნენ ყველა ერთად, ცრემლებიც იყო, ცხელი, ცხელი, აურაცხელი - და იყო ცრემლის ნიაღვრები - - უერთმანეთოდ გალეული დღეების, წლების, ყოფისა და ყოფიერების, დაგუბებული მონატრების, და ისევ შეყრის ბედნიერების!
როცა დავწყნარდით, დაღალულმა მიმოვიხედე, და რასა ვხედავ, ეს ჩვენი მრგვალი დედამიწა რომ არ ვიკმარე, მთლად სამყარო შემომივლია, ამ სიარულში და ფრენაში კი წრე შემიკრავს ჩემი თავიდან ისევ ჩემში დავბრუნებულვარ…
ისევ აქა ვარ აქვე ვდგავარ, და ცოცხლობს ისევ ასე ბავშვი - ამ არსებაში.
ეს კი - “მითხარი, ასე უხმოდ რად დამჯდარხარო, თითქოს აქა ხარ, მაგრამ მაინც აქ არა ხარო, არ გირჩევნია, რაც აქ გერგო, იმით იხარო, ვიდრე მაგ რაღაც წარმოსახვებში გადაიხარო?! ეს რა ახალი მოიგონე?- ყოფა, სამყარო?
და შენ წინ ვდგავარ, მერამდენე გზაგასაყარო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა მუხა! ამას წინათ ერთ ლექსთან მადლობა და დიდი ტექსტი მინდოდა დამეტოვებინა შენთვის. ძალს მე ვიყავი და ძალს საიტის რაღაც ტექნიკური გაუმართაობა. ექვსჯერ ავკრიფე ახლიდან და ექვსჯერვე წამიშალა. მერე ვიფიქრე, სხვა ლექსთან მაინც დავუტოვებ-მეთქი, იქ - სამჯერ წამიშალა. მერე თავს ვუთხარი, ცხრაჯერ რომ ერთსა და იმავეს გააკეთებ და არ გამოგივა, მაინცა და მაინც ათამდე ხომ არ უნდა დაამრგვალო- მეთქი. და დავანებე თავი. მადლობა მუხა! ამას წინათ ერთ ლექსთან მადლობა და დიდი ტექსტი მინდოდა დამეტოვებინა შენთვის. ძალს მე ვიყავი და ძალს საიტის რაღაც ტექნიკური გაუმართაობა. ექვსჯერ ავკრიფე ახლიდან და ექვსჯერვე წამიშალა. მერე ვიფიქრე, სხვა ლექსთან მაინც დავუტოვებ-მეთქი, იქ - სამჯერ წამიშალა. მერე თავს ვუთხარი, ცხრაჯერ რომ ერთსა და იმავეს გააკეთებ და არ გამოგივა, მაინცა და მაინც ათამდე ხომ არ უნდა დაამრგვალო- მეთქი. და დავანებე თავი.
1. ამ ღამეს ეს მინდოდა?!, როგორ შემაშინე, "ჭიშკარი ვნახეო, კარი შევაღეო. წრე შემიკრავს ჩემი თავიდან ისევ ჩემში დავბრუნებულვარ…ო," რავი იქედან ამბის მომტანი მე არ მინახავს...
ამ ღამეს ეს მინდოდა?!, როგორ შემაშინე, "ჭიშკარი ვნახეო, კარი შევაღეო. წრე შემიკრავს ჩემი თავიდან ისევ ჩემში დავბრუნებულვარ…ო," რავი იქედან ამბის მომტანი მე არ მინახავს...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|