 | ავტორი: ქეთ ჟანრი: პროზა 22 აპრილი, 2024 |
"და მერე ისე გამოდის, რომ იმათ ვღალატობთ ერთმანეთთან და თან ისე, რომ იმათთან ვართ და არა ერთმანეთთან"
კარს მჭიდროდ ვხურავ და ვცდილობ მისი სურნელი აღვიდგინო. სადღაც გონების მცირე კუნჭულში ცოცხლდება მისი ქალური ნაკვთების იდუმალება. მაგიჟებს მისი მანერა - ეწეოდეს სიგარეტს და ამ დროს თვალებით იმდენად მჭამდეს, ვფიქრობდე - მე ვიფერფლები მის თითებში. მისი სურნელი, ჩემს სურვილებთან იყოფს სარეცელს - ხარბად ვცდილობ ჩავისუნთქო, თუმცა ვიცი, კარს იქით გაუჩინარდა უკვე კარგა ხანია. მისი ქცევა - ვხიბლავდე და მუდამ გარბოდეს, ალბათ იმ თვისებათაგანია, რომელიც მისდამი ამბივალენტურ განწყობას მიჩენს. ყორნისფერი თმების დაუმორჩილებლობა მახსენდება მის ყურებთან, როგორ იშორებს ტალღებს ერთი ხელისმოსმით და მზერას ფანჯრისკენ აპარებს. იცის, რომ მაგიჟებს, მაგრამ ისიც იცის - ამას არასოდეს ვაღიარებ.
წინა საღამოს, ანდაც სულ სხვა რეალობაში
- მე მინდა არასოდეს დამივიწყო. მესმის, რომ კაცისგან ასეთი ფრაზა ცოტა ისტერიულად ჟღერს, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ, როცა მის შიშველ ზურგს ვაყოლებ თითებს. - იცი, ყოველ 7 წელიწადში კანის ყველა უჯრედები კვდება და გამოდის, რომ წლების მერე მე მექნება სხეული, რომელსაც არასოდეს შეხებიხარ. იცის, როგორ გამაღიზიანოს, თუმცა ალბათ ამ თვისების გამო უფრო მეტად ვგიჟდები მასზე. მაზოხიზმი არაფერ შუაშია, ეს მისი ძალაა, რომელიც მაიძულებს დავემორჩილო, თუმცა კი ქცევით საპირისპიროს ვანახებ მუდამ. - გინდა დავითვალოთ რამდენჯერ მომიბრუნდი? კოზირს ვათამაშებ და ამ წამს იმდენად მინდა დავიმორჩილო, რომ უსასრულო უსუსურობას ვგრძნობ. უყვარს, როცა მთელი ტანით იხრება ჩემკენ, მაკვირდება შავი თვალებით და ცდილობს ყველაფერი გააქროს, რაც კი ჩემსა და მას შორისაა. - გინდა დავითვალოთ, რამდენი ღამე გაატარე ჩემზე ფიქრში და ვერაფრით მოხვედი? ჩამეღიმა. შახი და მატი. ჩემი დედოფალია, რომელთანაც წაგება გამარჯვების გემო აქვს.
* * *
კაფეში ზის და ლეპტოპს უაზროდ მისჩერებია. იცის, რომ მის ნაცვლად ვერავინ გაგზავნის სამსახურის წერილებს, თუმცა იმის წარმოდგენა, რომ ამის შემდგომ სახლში მოუწევს ასვლა, ცოტათი თრგუნავს. ალბათ ელოდება, ჩაის ამზადებს და სამზარეულოში ღიღინით ცდილობს პოზიტივი შეინარჩუნოს. საიდან ჩნდებიან გრძნობები? ალბათ მარტივია, წერილებივით გაგზავნო ემოციები ადრესატამდე და მერე საპასუხო წერილის მოლოდინში სხვა სიახლეებს გაეცნო. არა, ურთიერთობაში ასე მარტივად არ ხდება. ყველა წერილი ვერ აღწევს ადრესატამდე, ზოგი არ ხსნის, ზოგს კი უბრალოდ წაკითხვა არ შეუძლია. მას შეეძლო, ყველა წერილი ათჯერ გადაიკითხა და იგრძნო. დიახ, ის სამზარეულოში არის ახლა და მისი მოლოდინში რაიმე გემრიელს ამზადებს. საერთოდ დაავიწყდა როდის გაიცნო, რატომ გაიცნო და როგორ მივიდნენ აქამდე. ერთ ჭერქვეშ ცხოვრება არასოდეს ყოფილა მარტივი, მით უფრო ახლა, როცა ყველა წერილი თავში უტრიალებს, მათ შორის წარსულში გამოგზავნილიც. ლეპტოპის კუთხეში საათს დახედა, კიდევ არის დრო. ცოტა დააგვიანებს და მერე ეტყვის რომ არ შია და კაფეში ივახშმა. ალბათ არ დაბადებულა იმისთვის, რომ ვიღაც სახლში ელოდოს, ანდაც დაიბადა, მაგრამ სახლის კარის გაღება დღემდე ვერაფრით ისწავლა. იცის, როგორც უყვარს მას, ყველა სიტყვით და ყველა ქმედებით. ნუ, თითქმის ყველა ქმედებით. გარდა იმ დღეებისა, როცა ნალექიანი ყავა ავიწყდება გაზქურაზე და გემრიელად შეიგინება ხოლმე. ამ დროს ცუდ განწყობაზეა და ჯობია ყველა ერიდოს, ისიც კი. რა ქმნის ადამიანს ახლობლად? ალბათ ემოციების ერთნაირობა და მათ ინტენსივობა. არა, რაღაც აკლია. ამ ყველაფერს ყოველთვის რაღაც აკლდა, ანდაც თვითონ იყო გადამეტებულად ზედმეტი. ახსოვს, როგორ უთხრა, სულ მგონია რაღაც მაკლიაო. მან კი უპასუხა, - რაღაც კი არ გაკლია, პირიქით, გადაჭარბებულად გაქვს ყველაფერიო. აბა, როგორ აეხსნა ამის მერე, რომ ცარიელი განცდა იყო - ემოციებისგან დაწნული თოჯინა. არაა მარტივი გიყვარდეს ასეთი ადამიანი, იცის რომ არაა ადვილი მისი სიყვარული, ალბათ ამის გამო უყვარდება ყველას. ადამიანი ხომ მუდამ მაზოხისტური შემართებით ადგება ყველაზე რთულ გზას და ჯიუტად სჯერა, რომ მისი ბოლო ყველაზე სასურველია. ვერ იტანს კაცების ხარბ გამოხედვას, როცა ქუჩაში მიდის. თითქოს თვალებით ჭამენ, თუმცა არავის აქცევს ყურადღებას. ამაყად კვეთს ჰაერს თავდაჯერებული მოძრაობით და იმდენად მიუწვდომელია ასეთ დროს, ვერაფრით მიხვალ და გამოელაპარაკები. ალბათ მისი ნაწილია - ასეთი უკარება რომ არის და ამასთანავე ამდენად მაგნიტივით იზიდავს ადამიანებს. მორჩა, უნდა გააგზავნოს წერილები, თორემ ჩაიც გაცივდება, მისი სახლში ასვლის სურვილთან ერთად. როგორ უნდა გაარჩიო გიყვარს თუ უბრალოდ ასეთი ვინმე გინდა გიყვარდეს?
* * *
კარს ფრთხილად ვცილდები. ჯიბიდან სანთებელას ვიღებ და ვცდილობ მოვუკიდო. ჯანდაბა, მასთან სიახლოვის მერე მისდამი სურვილი უფრო მეზრდება, ისევ და ისევ მსურს დავეუფლო მის სხეულს, მაშინ როცა სხვებთან მუდამ პირიქით ვიყავი. მკლავებით მინდა დავატყვევო და სრულად დავიმორჩილო. არაფერია იმაზე ლამაზი, ვიდრე მისი მიმნდობი თვალები, როცა ქვეყნად ყველაფრის უფლება მაქვს და რაც მსურს ის შემიძლია გავუკეთო. ცდუნებას, რომელიც მიბიძგებს მთლიანად დავამდაბლო, გავანადგურო - ვერევი და თავდავიწყების მორევში ვეშვები მასთან ერთად. მგონია, შერწყმისას ჩვენი სხეულები იდეალურად ჯდება ერთმანეთში და ჩემს დაკარგულ ნაწილს ვუერთდები. ალბათ, თუ სადმე რაიმე არსებობს, ის ჩემი სხეულის მოწყვეტილი ნაწილი არის, მუდამ რომ მიხმობს, მაგრამ მახსენებს რომ ჩემი დანაკარგია. იცის, როგორც მაგიჟებს, ისიც იცის რომ ბრაზისგან ვიხრჩობი, როცა წარმოვიდგენ როგორ შეიძლება სხვა ეხებოდეს. მისი მანერა - მიყურებდეს თვალებში და ყველა ბარიერს აქრობდეს ჩვენს შორის, მიბიძგებს, რომ გავიქცე, თუმცა ნაბიჯსაც ვერ ვდგამ, მისგან განსხვავებით. რატომ მიდიხარ ჩემგან სულ? როგორ ახერხებ გაქცევას, როცა სულ მგონია რომ ამჯერად მე უნდა დაგასწრო. არცერთი დაშორება არ შემიძლია გაპატიო, ამიტომ ჩემი შენდამი სასჯელი იქნება - მუდამ ვრჩებოდე შენს მოლოდინში. წარმოუდგენლად ლამაზია, მაშინ როცა მისი სახის არცერთი ნაწილი არაა სიმეტრიული, არც მისი ხასიათია შესანიშნავი და არც გონებაა - სამოთხე. მინდა რომ ჩემი იყოს, იმდენად ჩემი, რომ არასოდეს ვიყოთ ერთად და მაინც სულ მე ვახსოვდე.
* * *
მთელ სახლში დარიჩინის სურნელი დგას. ფრთხილად იხდის ფეხზე და ჩუმი ნაბიჯებით შედის სამზარეულოში. ბიჭის სხეული მსუბუქად ტრიალდება და მისი დანახვისას თვალებში კმაყოფილების სხივები უკრთება. - ცოტა კი გაცივდა ჩაი, მაგრამ მაინც თბილს მოუსწარი. გაიხადე და მოდი. ისეთი ტონით ესაუბრება, თითქოს დაბადებიდან იგი ზრუნავდა მასზე. ალბათ ეს ისაა, როცა იჯერებ, შენი მზრუნველობა სიყვარულის ყველაზე კარგი გამოხატულებაა. კი, მისას ჯობია ალბათ. ოთახიდან გადის და ტელეფონს ხმას უთიშავს. იცის, რომ არ მიწერს, მაგრამ ურჩევნია უფრო მშვიდად იყოს. ტანზე მაისურს გადაიცვამს და სარკეში საკუთარ თვალებს აკვირდება. უხდება თვალების ღამისებური სიშავე, თითქოს ასეთ თვალებში უფრო ადვილია დამალო შენი ემოციები. თავს იმშვიდებს ამ ფიქრებით და ოთახში ბრუნდება. ჩაი უკვე ფაიფურის ფინჯანში ასხია, უღიმის და ჯდება. - იცი რას ვფიქრობდი დღეს? სანამ ერთ ყლუპს მოსვამს, ბიჭი უკვე ასწრებს საუბრის დაწყებას. მომლოდინე თვალებით მიაჩერდება. - მგონი დროა ქვეყნიდან წავიდეთ. აქ გაჩერება შეუძლებელი გახდა. თან შენ ისეთი სამსახური შეგიძლია იშოვო, რომელზეც დისტანციურად იმუშავებ. ყველაფერი დაულაგებია. ეს კითხვა არა, უფრო გადაწყვეტილი მოცემულობაა. სადღაც გულის სიღრმეში ბრაზდება, არ იცის როგორ და რა უპასუხოს. ისევ დარიჩინის ჩაის მოსვამს და ცდილობს ხმა ჩაიწმინდოს. ბიჭი რამდენიმეწამიან დუმილს ვერ უძლებს და საყვედურნარევი ხმით ეუბნება. - მენატრები. ერთ ჭერქვეშ ვართ და მენატრები, გესმის? ახლა ალბათ ისევ იმაზე დაიწყებს საუბარს, რომ სექსი არ ჰქონიათ. თითქოს სხვა ქვეყანა რამეს შეცვლის მათ შორის. ხელს თმაზე იკიდებს, ყურსუკან იწევს და მშვიდი ხმით პასუხობს. - არ მინდა წასვლა. დრო, სივრცე და ადგილი არ ცვლის ემოციასა და დამოკიდებულებას. - შეგვიძლია თავიდან დავიწყოთ. მხოლოდ მე და შენ, უცხო ქვეყანაში. უნდა რომ წაიყვანოს აქედან, ყველას მოპაროს მისი თავი. როგორი ეგოისტია. ზოგიერთი სიყვარული ალბათ უფრო გვაეგოისტებს. იცის, რომ არსად წავა, ორივემ იცის. - შენ გაფრინდი. თუკი გადავწყვეტ, წამოვალ. - თავიდან მიშორებ. ნაწყენი ხმა ჰქონდა ბიჭს. - ხომ იცი, გალიაში ვკვდები. შენ კი ბოლო ხანებია ჩემს გალიად იქეცი. თვალებში ატყობს, რომ აწყენინა, მაგრამ სხვანაირად ვერ შეძლო. მისი ხასიათია ხანდახან ხისტად დააწესოს ბარიერები. ოთახში ისევ დარიჩინის ჩაის სურნელი იდგა.
მას შემდეგ ან ცოტა მერე
- ანუ არ წახვედი? - როგორც ხედავ. მეუბნება და ზურგით ტრიალდება ჩემგან. მისი შიშველი სხეული იმდენად ახლოს არის, ისევ მებინდება გონება და მინდა ახლავე ერთიანად შევიგრძნო. თავს რაღაცნაირად ვერევი და მის ყურთან ახლოს მივდივარ. - ჩემს გამო დარჩი? - როგორი კომპლექსიანი ხარ. ჩაილაპარაკა და გადმობრუნდა. იცის, რომ ჩემს ნარცისულ ბუნებასთან ერთად კომპლექსებიც მაწუხებს. მის პასუხს დასტურად აღვიქვამ და გულში გამარჯვებას ვზეიმობ. დღემდე ვერ მივხვდი, მოგება უფრო მიყვარს, თუ წაგების მეშინია. ალბათ ამიტომ ვერ ამოვიგდე თავიდან, მასთან ყოველთვის ვიგებ და ამით მუდამ ვმარცხდები ჩემს თავთან. ფრთხილად მეხება თმაზე, უნდა რომ სინაზე გამოიჩინოს, რასაც ვერ ვიტან და უხეშად ვკიდებ ხელს მაჯაზე. ვგრძნობ, უფრო ძლიერ რომ მოვუჭირო აუცილებლად ვატკენ. იმდენად მინდა ეს გავაკეთო და ვატკინო, რომ უეცრად ხარბად ვკოცნი, რათა ჩემი ძლიერი სურვილი ვნებაში გადავიტანო. ეს უბრალოდ ლტოლვა არაა, ყველა უჯრედით ვგრძნობ, როგორ მინდება და ალბათ ბოლომდე რომ მივცე ჩემს სურვილს გასაქანი - მოვკლავდი მოფერების დროს. ზურგზე წვება და მისი სხეულის ზემოდან ჩემი სხეულის სიმძიმეს გრძნობს. იმდენად შავი თვალები აქვს ასეთ დროს, მგონია მის უსასრულობაში ვვარდები. უეცრად ყელში მიჭერს ხელს და ჩვენი დაუსრულებელი თამაშიც იწყება - თამაში, სადაც ყოველთვის მარცხდება და ამით მიგებს.
* * *
ერთსა და იმავე კაფეში სიარული მისი ახირებული ხასიათის ერთ-ერთი უბრალო შტრიხია. ჩანთიდან დღიურს იღებს და ფრთხილად ფურცლავს. უადვილდება გააზრება, როცა წერს. თითქოს ასე ფურცლები უყვებიან მის ისტორიას და გვერდიდან აღიქვამს. „ახლა ალბათ სულ სხვაგან უნდა ვიჯდე. ჩაის ვამზადებდე და თავად ვუმასპინძლდებოდე. მისი გრძნობები ის სამოთხეა, რომლის ფასიც არასოდეს მეცოდინება, რადგან ჩემი ადგილი იქ არაა. თუ სიყვარული სისულელეა და მათ უნდა ვირჩევდეთ და ვიყვარებდეთ, ვინც ჯობია ჩვენთვის, მაშინ სადაა თავისუფლება? გრძნობებიც კი გაწერილი რომ უნდა გქონდეს. არასოდეს ავირჩევ გალიას ჩემი ნებით. მჯერა, რომ თავისუფლება შემიძლია შევთავაზო იმ სამოთხის ნაცვლად, რომელიც ჩემთვის (ანდაც ჩემთან) სურს. ახლა ალბათ აეროპორტშია, ბილეთით ხელში და ჩვენი პირველი შეხვედრის წუთებს იხსენებს. იმდენი დრო გავიდა, მგონია წინა ცხოვრებაში გავიცანი და ისე ჩავებღაუჭე, როგორც მაშველ რგოლს. მინდა მუდამ გახსოვდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი - თავისუფლება მოგეცი, თუმცა კი ჩემთან ერთად გალიაში ყოფნა გსურდა მხოლოდ.“ წერტილი დასვა, როგორც დღიურში, ასევე ცხოვრებაში. დაშორება მისი ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა. აი, გაქცევა კი... შიშთან გამკლავების ერთადერთი გზა იყო მისთვის. უეცრად მისი თვალების ჯიუტი გამოხედვა გაახსენდა და გულმკერდში სითბო იგრძნო. იცის, რომ ელოდება. და ეს ლოდინი იმდენად სასურველია, რომ დროის ყველა გამოხატულებას ანგრევს. თვითმფრინავმა ჰაერის ნაკადი გაკვეთა, როცა კაფედან გამოვიდა და გზას გაუყვა.
* * *
მისი გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში ერთგვარი გარდატეხა იყო. მახსოვს, როგორ მავსებდა. ერთადერთია, ვისთვისაც არ მიღალატია. მის მერე რამდენიმე გოგოსთან პარალელურად ყოფნა დამჩემდა, - ერთი გოგო ვერ მავსებს ყველანაირად, როგორც ჩანს მხოლოდ მას შეეძლო ეს. არასოდეს ვაღიარებ, რომ ველი. პერიოდულად აკვიატებასავით მომივლის ხოლმე მისი სურვილი და სულ მგონია აი, ახლა შემოაღებს კარს, ანდაც ახლა მომწერს. იმდენად მჭიდრო კავშირია ჩვენს შორის, სულ მგონია ავსულია, რომელიც ჩემდა ჭირად ცხოვრებაში გადამეყარა. ვერ წარმომიდგენია, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, რომ არ გამეცნო. ხო, ბრმამ არ იცის რას ნიშნავს ფერები. კარზე ზარის ხმა მიფანტავს მასზე ფიქრებს. ღამის პირველი ხდება უკვე. ვდგები და კარს იქით მისი ტყავის ქურთუკის მოხაზულობას ვხედავ. მოვიდა. ცოტა ხნით ვჩერდები, რამდენიმე წამი უსასრულობა მგონია და უეცრად ყველა გაუგებრობას ვფანტავ თავის გაქნევით და თავდაჯერებული მანერით ვაღებ კარს. როგორ უხდება ეს დაუცველობა, რომელიც მის ძლიერ ხასიათთან დისონანსშია. წამით ორივე ჩუმად ვდგავართ, ყველა შესაძლო ფრაზას ჩვენს შორის აბეზარი ფიქრივით ვიშორებ და კარშივე გიჟივით ვუწყებ კოცნას. ჩემია და თან არ მეკუთვნის. ჩემიანია და ამას დრო ვერ შეცვლის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარგია, ემოციები მოდის... კარგია, ემოციები მოდის...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|