 | ავტორი: ჰოლმვუდი ჟანრი: პროზა 24 აგვისტო, 2024 |
ფაბრიციო ძველისძველ სახლის ტელეფონზე საუბრობდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან მთელი ოთახი აშორებდათ. იტალიელს ყურმილი მხარსა და კისერს შორის გაეჩრა, მარჯვენა ხელის ხუთივე თითი ერთად შეერთებინა და გაოგნებას "პერკეს" და "სანტო ჩელოს" ძახილით გამოხატავდა. იგი მოუსვენარი ბუზივით ხან ერთ, ხან მეორე კედელს აწყდებოდა და ისე მოძრაობდა, გეგონებოდათ კაცი ელავსო. ამ წრიალ - წრიალში ტელეოფონის ზამბარისებული სადენი ისე დაჭიმულიყო, ყოველი შერხევისას დაკარგული სულივით ზმუოდა, მისი დილაადრიანი ვოიაჟი კი ასეთი იყო: იგი საწოლის ტუმბოზე მდგარი ტელეფონიდან მისაღებში გამოდიოდა, იქ სავარძლის ზურგს ეხვეოდა, შემდეგ ტორშერს ახრჩობდა და ბოლოს, ფაბრიციოს ფეხებს შორის ამოდებული, ყურმილს უერთდებოდა. საძინებლიდან სამზარეულომდე სადენს "Z" კონტური მოეხაზა. როცა იტალიელს წრეზე სიარულით თავბრუ დაეხვა, სამზარეულოს მაგიდაზე სპაგეტის ჩრხირებს გადაწვდა და კარის ზღურბლთან კიბესავით აეყუდა: - რატომ აღარ მირიგდები, გრეტა?! - იკითხა ფაბრიციომ, თან უმი სპაგეტი ჩააკრატუნა და შპალერზე ცერა თითის ფრჩხილით თოლიები მოხატა, - უკვე შევიგნე, რომ ბოლო დროს მაგრად გავუბერე... კი, კვერცხები დაგიშინე და აღმოსავლურ შროშნიანი თეფშებიც დაგილეწე, მაგრამ ყვავილებს ჰომ მაინც ვერ იტან?.. როგორ? ჰო, ეგ კიდე სხვა ამბავია... კი, მახსოვს, თეფშის ნამსხვრევი შენს ბოტასში, რომ მოხვდა და ცერა თითი გაგეჭრა, ერთი კვირა პირუეტებს ვეღარ ასრულებდი, (არადა ცერა თითზე ფარგალივით ბზრიალებ) ქორეოგრაფმა კი მთავარ კომპოზიციაში სიუზი ფრეგო შენს მაგივრად ჩააყენა, - ფაბრიციომ თოლიების ქვემოთ ციცქნა ზოლები მიახატა, "მოისაქმესო" გაიფიქრა. საუბრის გაგრძელება სურდა, მაგრამ გრეტამ ყურმილი დაკიდა. იტალიელმა ექსპრესიულად შეიკურთხა, სწორედ ამ დროს სადენმა სავარძლის ზურგიდან აიშვა, ისე როგორც მოჭიმული მშვილდის თოკი თავისუფლდება გასროლისას, ყურმილმა - ფაბრიციო, სადენმა კი გაკოჭილი ტორშერი მოქაჩა. იტალიელი დაბზრიალდა, ჯერ სადენის ქსელში გაიხლართა და ხალიჩის კიდეს წამოსდო ფეხი, შემდეგ შორი კუთხიდან გამოტყორცნილ ტორშერს შეენარცხა და ძირს დამპალი ვაშლივით გაგორდა. ცოტახანს უძრავად იწვა და უკმაყოფილებისგან ღმუოდა; შემდეგ ტანზე შემოხვეული სადენისგან თავი გაითავისუფლა და სანათის საჩრდილობელი, რომელიც თავზე პანამის ქუდივით ჩამოფხატვოდა, უმისამართოდ მოისროლა. ფაბრიციო ხალიჩიდან გადაბობღდა და ცივ იატაკს შუბლი დაადო, როდესაც ხარხარი მოისმა. იტალიელმა თვალები მოისრისა და ყურმილი ყურთან მიიტანა: - გრეტა, დამცინი, არა? - მაგრად გაიჩალიჩე, გეფიცები, ჰა-ჰა, კიდევ შორს უნდა წასულიყავი, მაცივარს, ქვაბს ან მიკროტალღურს ჩარევდი ამ ამბავში, ჰა-ჰა-ჰა! - ხარხარებდა ხმა, რომელიც ნამდვილად მამაკაცის უნდა ყოფილიყო. ფაბრიციოს ცივმა ოფლმა დაასხა, წამოიმართა, იატაკს იდაყვით დაეყრდნო და ხმა დაიბოხა: - ვინ ჯანდაბა ხარ, გრეტა სადაა?! - მე ტუტუ ვარ, გრეტა ჯოვანის ელაპარაკება. - რა?! ვინ ვარო?! არა, ეს ჯოვანი ვინღაა, ვინმე მეტყვის?! - აღშფოთდა იტალიელი და ტორშერს ქუსლი ისე ძლიერად დაჰკრა, სანათი ყურის ჩხირივით გაიღუნა. - შენი ტელეფონი ვარ, ტუტუ, თუ ძმა ხარ, დამშვიდდი, პატივი მეცი და ნუ მაფურთხებ! - რა?! - რა ვერ გაიგე?! ყურმილი ვარ - მეთქი, ყურმილი! ხელში... - რეებს როშავ, სადმე გინახავს ყურმილი საუბრობდეს?! - გააწყვეტინა ფაბრიციომ, შემდეგ კოჭლობით წამოდგა და საძინებისკენ გაემართა. გზაში ერთი-ორჯერ ლამის ცხვირ-პირი მოიმტვრია. - ვიცოდი არ დამიჯერებდი, ბავშვობიდან ეგეთი თავფქვილა იყავი, გაკვეთილებსაც კი ვერ ინიშნავდი კლასელებისგან... ფაბრიციომ საწოლამდე მიაღწია თუ არა ტელეფონი დაკიდა, ჩამოჯდა და სიგარეტის კოლოფს სტაცა ხელი: - სიგიჟეა! გაუგონარი სიგიჟე! - ჩაიდუდღუნა და თავზე კოპი შეიმოწმა. იფიქრა ტელეფონს ხელს აღარ ვახლებო და ორ წუთში ისევ გრეტასთან გადარეკა. დაკავება იყო, დაკიდებას აპირებდა, როცა იგივე ხმა ჩაესმა: - ალბათ ყურმილი მაგიდაზე უდევს ან, როგორც გითხარი, ჯოვანის ელაპარაკება. - ვის?! - ფაბრიციო ისევ გაცხარდა, შემდეგ გაახსენდა, რომ ჯოვანი კი არა, ვის ესაუბრებოდა ეგეც არ იცოდა და აზრზე მოვიდა, - მოიცა, შენ... რაო? ჰა, ვინ ვარო?! რა პუპუ? ეს ჯოვანი ვინღაა, ღმერთმანი! - ტუტუ - მეთქი, ბიჭოს! მეტს აღარ გავიმეორებ. - ტუტუც ხარ და ტუტუციც! - რეებს ბედავ?! შენი სახლის ტელეფონი ვარ საძინებლიდან სამზარეულომდე ოთხად, რომ გადამწელე. ისე, თუ დამიჯერებ, აქამდე ასე შორს არასოდეს ვყოფილვარ. წელში კი გავიშალე, იცოცხლე. - რეებს ბოდიალობ?! გრეტა მალაპარაკე! - ვბოდიალობ კი არა, ყურმილი ვარ - მეთქი, რომ ვიძახი! არა, ხედავ? ცხოვრებაში პირველად ამოვიღე ხმა და უკვე ნერვები დამაგლიჯე! - დაუჯერებელი ამბავია. - ათიათასი ზარის ვარ. ინსტრუქციის მიხედვით მეათიათასე დანარეკზე შევძლებდი ხმის ამოღებას. გეფიცები, მეგონა ტყუილი იყო, მაგრამ ხედავ? ამდენი წელი ველოდი. ბებიაშენმა, როზამ მომიყვანა ""Telefoni d'Epoca"- დან, 1978-ში. თავიდან მარტო "ტუ - ტუ" ვიცოდი, მერე როზას მოცარელასავით გაწელილი ენის წყალობით იტალიური და ცო-ო-ო-ტა ინგლისურიც შემომესწავლა. - არა, როზას ალაპარაკებული ქვაც არ გამიკვირდება, მაგრამ... - ხედავ? ცოტა აზრზე მოდიხარ, - ჩაეჭრა ტუტუ. - ეს - მეტისმეტია! - ისე, მაგარი ქალი იყო როზა, მაგრად მეწყინა ოთხმოცდასამი წლისამ ენაზე პირსინგი, რომ გაიკეთა, ისე თლიფინებდა ერთ სიტყვას ვეღარ გაიგებდი. - მოიცა, მოიცა, რა დროს ეგაა... მითხარი, ადამიანი არ ხარ? - უბრალოდ ყურმილი ვარ. - ესე იგი, ტუალეტში არ დადიხარ. - არა. - არც ზურგს იფხან ან კბილებს იხეხავ? - არა. - ღმერთის გწამს? - ალექსანდერ ბელის. - ეგ ვინაა? - ტელეფონი შექმნა. მოკვდა. - ჩვენიც. - რა? - არაფერი, არაფერი... იქნებ ბაბუაჩემის სული ხარ და ყურმილში ჩასახლდი, ჰა? ალიკვალი გამსგავსებ. - ჰა - ჰა - ჰა, ძალიან ხუმარა ხარ, - სიცილი გააყალბა ყურმილმა. - როგორც მივხვდი, ოცდახუთის უნდა იყო. - დიახ, ვარ. - რამდენი დაგრჩა? - უკვე ერთი სული აქვს თავიდან მომიშოროს. - მიპასუხე. - იქამდე ვიქნები სანამ დავალიანების გამო არ ჩამჭრიან. ისე, დღედაღამ დიალოგებს ვისმენ, ხან ვინ უყვება ვიზე ვინმეს რამეს, ხან ვინ ვის რას ეუბნება, ხან ვის ვინ ვიზე რამეს... ავიჭერი. მოკლედ, რაც არის, მაგარი დამღლელი რამეა, ხანდახან თავშესაქცევიც. სხვათაშორის, ვისთანაც კი ჩემიდან დარეკილა, ყველა იმ ტელეფონის მოსმენა და უკვე იმათი ყურმილიდან ლაპარაკიც შემიძლია. იმდენი საიდუმლო ვიცი, ეშმაკსაც არ დაესიზმრება. - მოიცა, ესე იგი, შეგიძლია პარალელურად სხვასაც ესაუბრო? - არა, მხოლოდ ერთს ვესაუბრები. სანამ არ გამთიშავ ვერავისთან წავალ. - აჰა, ახლა მომისმინე... - როგორც ინგლისელები იტყოდნენ - "I'm all ears", - ყურმილმა უზადო კმაყოფილებით წარმოთქვა ბოლო ფრაზა, გეგონებოდათ მთელი ტექნოლოგიური ცხოვრება ამისთვის ემზადებოდაო. - იმ კაცზე მომიყევი. - ვიზე, ჯოვანიზე? - ჰო, ჯოვანია თუ ვინცაა. - ეგ შენი ჯოვანი კაი ძველბრუცუნა ვინმეა. ცოტა ენას სლიქავს და კბილების ღრჭიალი უყვარს. კოსმიური რაოდენობის "ქემელს" ეწევა, ლამის კუზი ამოუვიდეს და ბედუინები მოიკუტიალოს ზედ; სიტყვებს შორის ისე ღრმა ნაფაზებს არტყავს, უხერხულობისგან მინდა გავითიშო ხოლმე. მისი ჰობი თევზების დიეტური ფიტნესია. ზღვაზე აბოდებს, ყველაფერი უყვარს რაც ზღვასთან კავშირშია, გარდა ზღვის პროდუქტებისა, თუმცა თევზის კრეკერები აღაფრთოვანებს. - ღმერთმანი, ეს რაში მაინტერესებს?! გრეტასთან რა კავშირი აქვს? - მოკლედ გეტყვი. ამ ბოლო დროს, ბატონი ჯოვანი თავისი ტელეფონის სადენის, ზამბარის რა, თითებით გრეხას დაეჩვია, ვფიქრობ, ეს ქმედება გრეტას ოქროსფერ კულულებს ახსენებს. დანარჩენს შენით მიხვდი. - როზა დედიკოსგან ენაკვიმატობაც გისწავლია. - აუ, იცი რამდენს მაცინებდა, გაყვანილობები გაწყვეტამდე მიმდიოდა ხოლმე. - რეებს ეუბნება გრეტას ეგ ჯოვანი? - გუშინ იახტაზე ელაპარაკებოდა, "ჩუმადჩუმი ბალაგარი" დაურქმევია, უხმაურო ძრავი აქვსო. გასეირნებას გეგმავენ. დეტალებში აღუწერა რის ჩაცმას აპირებდა: ფლორენციის ვარდისფერი შარვალი და ლიმნისფერი პერანგი, რომელსაც ზღვის ტალღისფერი ფეხსაცმელი და თოლიისფერი ქუდი ამშვენებს. მისი სიტყვებია. - ღმერთო, მიშველე. - აუ, კიდე მაგარს გეტყვი, - აღფრთოვანდა ყურმილი. - არა, აღარ მინდა ჯო... - მოკლედ, როგორც გრეტამ ჟანეტს მოუყვა, ერთხელ ჯოვანის უთქვამს საჭმლის მომზადება ხელოვნების ყველაზე რთული განშტოებააო. ერთ საღამოსაც, როცა მეგობრებმა სთხოვეს, სადილისთვის რამე გაეკეთებინა, მან მხოლოდ სალათის ფოთლები და ბამბუკის ჩხირები გაუზიარა, რის შემდეგაც თქვა: "ეს არის ხელოვნების მწვერვალი, თქვენ უნდა იგრძნოთ, როგორ ჭამთ ბუნებას!" მაგარი შერეკილია. - რამე უნდა ვიღონო. - აბა რით გიშველო? ხელები, რომ მქონდეს მხარზე მოგხვევდი ან სიგარეტზე მიგიკიდებდი. - სიგარეტი... სულ დამავიწყდა. - ფაბრიციომ დაკუჭული კოლოფიდან, რომელიც მთელი ეს დრო ხელში ეჭირა, სიგარეტი ამოაძრო, გაუკიდა და დასძინა, - თუმცა ხელები არ გჭირდება იმისთვის, რომ იატაკზე მომადენინო ზღართანი. - მგონი ბოდიში აქეთ გაქვს მოსახდელი, კინაღამ ჭიაყელასავით გამყე შუაზე. - რა საჭიროა. - რა შხამს ეწევი? - ტუტუმ ჩაახველა. - ჩემი ეზოსია. მალე თამბაქოს მაღაზია მექნება, სახელი ჯერ არ ვიცი, მაგრამ ლოგოზე ქაშაყი ეხატება, რომელიც სიგარას ლაყუჩებიდან მოწევს. - ჯოვანისეული იდეაა. - რა თქვი? - რა ვთქვი, არაფერი. იქნებ მითხრა რატომ დაგცილდა გრეტა. უღალატე? - საუბრის თემა შეცვალა ტუტუმ, ფაბრიციომ აღარ შეიმჩნია და მშრალად მიუგო: - არა. - მაშ, რა მოხდა? - ბოლო დროს ზედმეტად შეურაცხადი გავხდი, ვაღიარებ... ვსვავდი, ვჩხუბობდი, თეფშებსა და ჭიქებს კედლებს ვესროდი... - ფაბრიციო რამოდენიმე წამით ჩაფიქრა, ღრმა ნაფაზი მოარტყა და განაგრძო, - თუმცა მის გადაწყვეტილებაში აშკარად სხვა მიზეზები ტრიალებს... გრეტამ გადაწყვიტა მაისონ მარჯიელას კოლექციის კაბები ეტარებინა. ჩემი ღრმა რწმენით, ამ პიკანტურმა სტილმა მისი პიროვნების უკიდურესი გარდასახვა მოითხოვა. - სერიოზული დასკვნაა, - ირონიით მიუგო ტუტუმ. - რომელზე ხვდებიან და სად, იცი? - მგონი რვისთვის. მისი იახტა პორტო დი სტელაში დგას. იქ წასვლას თუ აპირებ, ჯოვანის მოძებნა ნამდვილად არ გაგიჭირდება, მოსიარლე პოპ არტს დაინახავ. იმედი მაქვს, სისულელე არ გაქვს ჩაფიქრებული. - მშვენიერი მზე კი ამოსულა, დღეს უშანსოდ გამაღვიძა, - ჩაილაპარაკა ფაბრიციომ, სიგარეტი მაგიდას დააჭყლიტა და გაბრწყინებულ ქალაქს ფანჯრიდან გადახედა. - ეეე... ამას რატომ იძახი? - რა შენი საქმეა? - მითხარი, რა იყო, ვის უნდა მოვუყვე? - აბა, რა ვიცი? - ეგრე მიცნობ? რამე ხათაბალაში გაეხვევი. თავი ჯეიმს ბონდი ჰომ არ გგონია? შენ ფიქრობ ზღვიდან იახტაზე აიპარები, მერე ჯოვანის ღუზას მიაბავ, ფსკერზე ჩაუშვებ და შენ და გრეტა კაიუტაში ჩაიკეტებით? თუ ძმა ხარ, კიჩო თავში არ მოგხვდეს! - ვინმე მეტყვის ტელეფონმა ამდენი რამ საიდან იცის?! - საუბრისას უკანა ფონზე ყველასთან ტელევიზორია ხოლმე ჩართული, რას არ გაიგონებ. ერთხელ სარტრზე ლექცია მოვისმინე და კინაღამ საკუთარი საკომუნიკაციო ქსელი შევქმენი. - ტუტუ, მესმის, პირველი დღეა, ენას ვერ აჩერებ და აჟიტირებული ხარ, მაგრამ ბოდიში, ვერ დაგკიდებ. - მაგრად ახურებ, დასვენება მჭირდება! რომ იცოდე იმდენი ზრდილობა მეყო შენთვის არ მეთქვა, რომ ამას წინად ტელეფონზე დაბრეცილი დამდე და მთელი ღამე შენს ბობოქარ ხვრინვას ვისმენდი! ისე, ოთახის აკუსტიკაზეა სამუშაო, ექო იქმნება, გინდა მაგარ სპეციალისტთან დაგარეკინებ, ჟორჟი ჰქვია. - არა, გმადლობ, უნდა წავიდე. ტელევიზორს ჩართულს დაგიტოვებ. - ჯობია საკენკი იყიდო საფოსტო მტრედებისთვის, ხმას აღარ ამოვიღებ, იცოდე!.. ეი, ეი! გაიგე რაც გითხარი?.. ფაბრიციოს უკვე საწოლი დაეტოვებინა, ტუტუ ყვიროდა, მაგრამ არავის აღარაფერი ესმოდა. ყურმილმა კი ყველაფერი გაიგონა: როგორ ააჭრიალა იტალიელმა კარადები, როგორ გვარიანად მოისაქმა და ჩარეცხა უნიტაზი, როგორ ჩართო ტელევიზორი, "ჩაოო" დაიყვირა და როგორ უზრუნველად გაიჯახუნა საძინებლის კარი. ტელევიზორში ამინდის პროგნოზს აცხადებდნენ, ორმოცდაორამდე აღწევდა სიცხე. ტუტუმ ძახილი, რომ შეწყვიტა, ღრმად ამოიოხრა და ჩაიბურტყუნა: - ალექსანდერ, შენ მაინც უშველე ამ უბედურს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. დიდი მადლობა, მოულოდნელად გამახარა თქვენმა კომენტარმაც :) დიდი მადლობა, მოულოდნელად გამახარა თქვენმა კომენტარმაც :)
5. რა კარგი იყო. მოულოდნელად რა კარგი იყო. მოულოდნელად
4. ჰარირამა, დიდი მადლობა. ჩემთან ყოველთვის შემოდიხართ ხოლმე და ეს ძალიან მახარებს :) ჰო უფრო იუმორისტულია, მაგრამ პროზაში დავტოვე მაინც.
ჰარირამა, დიდი მადლობა. ჩემთან ყოველთვის შემოდიხართ ხოლმე და ეს ძალიან მახარებს :) ჰო უფრო იუმორისტულია, მაგრამ პროზაში დავტოვე მაინც.
3. დარწმუნებული ვარ ალექსანდერი არ დააღალატებს :) ტან ისე ცხელა დაეზარება რამე იდოტობის გაკეთება, სადმე ბარსი სევა და ცივ ლუდს დალევს, მარრკონი და ტესლას მადლი შეეწევა, დავწერ 5 , მსუბუქი სისულელე იყო რაც მახალისებს. :) დარწმუნებული ვარ ალექსანდერი არ დააღალატებს :) ტან ისე ცხელა დაეზარება რამე იდოტობის გაკეთება, სადმე ბარსი სევა და ცივ ლუდს დალევს, მარრკონი და ტესლას მადლი შეეწევა, დავწერ 5 , მსუბუქი სისულელე იყო რაც მახალისებს. :)
2. მადლობა, რომ წაიკითხეთ, თუმცა დამაბნეველი კომენტარია. მეტის გაგებას ვისურვებდი. მადლობა, რომ წაიკითხეთ, თუმცა დამაბნეველი კომენტარია. მეტის გაგებას ვისურვებდი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|