ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამ მებუკე
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2024


* * *


თურმე ხანდახან შეგიძლია საკუთარ კანში ეტეოდე,
ძვალგამოცლილი.
ბებიაშენს რომ ეძახდნენ ჩიტის წონის ქალს,
ეგეთი იყო
ან არც მთლად ჩიტი.
დახედავ ხელებს, სიმეტრიულს, შემოხვევ წელს
და
გაუხეშებულ ორ მუხლისთავს აჩვენებ  სხივებს.
მზეზე ამწვარი კანის შიშხინს მოისმენს ვინმე
ხის კარს მიღმა, გვერდით ოთახს შეფარებული.
შენც ისე გინდა მატლი გერქვას
და იმ კარს ჭამდე,
ავიწროვებდე ხორცისფერ სხეულს,
რბილდებოდე, სფერულ ფიგურებს ხაზავდე
და
უარყოფდე სულ ყველა ამინს,
აღსარებას, უძვლო სახესაც.
როცა შეაღწევ მეზობელი ოთახის კარში
აიკრავ მტვერს და აბლაბუდებს დაემალები,
დახუჭობანას ერთისთვისაც გართობა ჰქვია - ვერავინ გხედავს.
ხის კარადასაც უცნაური გემო და სუნი დაჩვევია
უდედამისოდ.
რა მოხდებოდა ამ კედლებზე გეცხოვრა,
როგორც ობობები ცხოვრობენ ჭერზე.
მაგრამ შენ არც ჩიტის წონა გაქვს
და
არც მატლი ხარ,
ხის ჭამაც კი არ შეგიძლია.
ამიტომ დროა სიმეტრიის, ცხელ კანში ჯდომის.
წელზე ხელების შემოხვევის - სარკის გარეშე,
მენჯებიდან აფრის აშვების.
როცა ძილი ხრავს ვიწრო თვალებს,
დაორთქლილ მუხლებს მოკეცავენ თბილმუცლიანი ბოშები
და იწყებენ ლოცვას:
„იდუმალი არ იყავი,
საიდუმლოდ შემეყარე,
შორი ზღვები გამრიყავენ,
მაგრამ მაინც გადმოგძახებ -
სხვას რომ ჰგავდე,
როგორ გიცნო?
რომელ კლდეზე მოგეჯაჭვო?
რამდენ ქვიშას ჩავეჭიდო?
მარტო კაცო, გასაქრობო,
ავი თვალის საბრალისო.“
დაურღვეველი სიმეტრია სწორ ხერხემალზე.
ბოშები მუცლებს გახურებულ ფიცრებს აკრავენ.
ლოცვა დასრულდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები