ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
12 სექტემბერი, 2024


იმედივით თეთრი ღრუბელი


თავი 4
თითქოს ვიღაცამ ხელი მკრა, ისე შევხტი. საათს შევხედე. სამს ოცი წუთი აკლდა. გიჟივით წამოვვარდი. ნამძინარევს თვალები შემშუპებოდა. ვეცადე, ცივი წლით ოდნავ მაინც ჩამეცხრო შეშუპება. არც კი მიფიქრია რა ჩამეცვა, რაც პირველი მომხვდა ხელში, ჩავიცვი. ლურჯი, წითელვარდებიანი სარაფანი ძალიან მიყვარდა. შლიაპა, სათვალე და ხელჩანთა ავიღე, ფეხი ქოშებში ჩავყავი, კარი დავკეტე და კიბეზე დავეშვი.
- კიდევ ერთი შესანიშნავი თვისება თქვენში, სიზუსტე - ამ სიტყვებით შემეგება ანდრია. თეთრ პერანგში და კრემისფერ, თხელ შარვალში ძალიან ელეგანტურად გამოიყურებოდა. კარი გააღო და წინ გამატარა. მანქანაც კრემისფერი აღმოჩნდა. აქაც, ჯენლტმენურად კარი გამოაღო, ჩავჯექი თუ არა, მომიხურა. მანქანა საკმაოდ კომფორტული და სუფთა აღმოჩნდა.
- - ეს თქვენ, უკეთესი ვერაფერი შევარჩიე - მითხრა  ანდრიამ, უკანა სავარძლიდან გვირილების თაიგული აიღო და მომაწოდა. ლამაზი თაიგული იყო, თან მე მიყვარს გვირილები. მანქანაში ისე გრილოდა, იქიდან გადმოსვლა არ მოგინდებოდა.  ბათუმში მალევე ჩავედით.
- თქვენ მანქანაში დამელოდეთ, შეკვეთას მივცემ და მერე გადმობრძანდით. მითხრა და მანქანა დელფინარიუმის ახლოს მდებარე კაფესთან გააჩერა. იქიდან მეორე კაფეს მიაშურა, შემდეგ მესამეს. ახლოს სხვა კაფე არ იყო.
- არსად ადგილი არაა - შეწუხებული ხმით მაუწყა მისი „მოგზაურობის“ შედეგი.
- არაუშავს, გავძლოთ უნაყინოდ.
- ისე ნაყინი რომ ვიყიდო და მანქანაში შევჭამოთ ახალგაზრდებივით? - სიცილით შემომთავაზა ანდრიამ.
- ძალიან კარგი, ვჭამოთ ახალგაზრდებივით. -გამეღიმა მე.
ანდრია მალე დაბრუნდა. ჩემთვის ნაყინი  კარამელითა და თხილით შეერჩია, თავისთვის შოკოლადიანი ნაყინი აეღო. სიცილ-სიცილში მივირთვით ნაყინი და შოუზე ხალხის შეშვებაც დაიწყო. ინტერნეტში ნანახი მქონდა დელფინების შოუ, მაგრამ უშუალოდ რომ ვუყურებდი, ათმაგად უფრო ლამაზი და საინტერესო აღმოჩნდა.
ემოციით დატვირთული გამოვედი სანახაობიდან. ანდრიაც აღფრთოვანებული იყო.
- ასე ბავშვებს ვერ გაწვრთნი, რა კარგები არიან, როგორი ჭკვიანები და საყვარლები. ყოველთვის მიყვარდა დელფინები, დღეიდან აღფრთოვანებაც დამემატა. - აღტაცებით მიზიარებდა განცდებს -  მერი, სადმე კარგ რესტორანში დავსხდეთ. ხაჭაპური, ნამცხვარი, ყავა მივირთვათ
- არა ანდრია. მადლობა, მირჩევია, წავიდეთ. ზღვაზე გასვლასაც მოვასრებთ.
- სულ ნახევარი საათი დაგვეკარგება, თან სადილიც ხომ გამოვტოვეთ? - სცადა ჩემი დაყოლიება.
- არა რა, მართლა არაფერი მინდა. თან ახლა, ადგილები რესტორანშიც არ იქნება. იქ კი სამხარს მივუსწრებთ.
- ამაში მართალი ხართ, კაფეებიც გადავსებული იყო - დამეთანხმა ის  და მანქანა დაძრა. წყნარი, კლასიკური მუსიკის ფონზე ჩამოვედით ისე, რომ არც ერთს სიჩუმე არ დაგვირღვევია.
- ნახევარ საათში  სამხრის დროცაა, მერე საბანაოდ გავიდეთ, ხომ თქვით, ზღვაზე გასვლას მოვასწრებთო.
გამეცინა.
- მაინც და მაინც ერთად გასვლა არ მიგულისხმია.
- რა მოხდება, ერთად რომ გავიდეთ? დაშავდება რამე?
- ალბათ, არაფერი. კარგით, გავიდეთ ერთად.
ნომერში შევედი და სარკესთან დავდეგი. იქიდან სხვანაირი „მე“ მიყურებდა. თვალებაციმციმებული და თითქოს გაახალგაზრდავებული. ნუთუ ანდრიასთან ორდღიანმა ურთიერთობამ იმოქმედა ასე? რამდენ ვინმეს უცდია ჩემთან დაახლოება, მაშვლებიც არ მაკლდნენ, მაგრამ არავისთან არ მიგრძვნია თავი ასე უშუალოდ.
გამოვიცვალე და სასადილოს მივაშურე. ანდრია „ჩვენს“ მაგიდასთან იჯდა. ორი გოგონაც მისხდომოდა მაგიდას. რომ მივუახლოვდი, ანდრია ადგა და სკამი გამომიწია. გოგონები ახალჩამოსულები აღმოჩდნენ, ერევნიდან. საკმაოდ ენაწყლიანები. სანამ ვისამხრეთ, თითქმის ვიცოდით მათი ბიოგრაფიები. სასადილოდან ოთხივენი ერთად გამოვედით. პლაჟზეც გვერდით მოკალათდნენ. ერთ-ერთს, კამელას ცურვა არ ცოდნია და საბანაო რგოლით აპირებდა ზღვაში შესვლას.
- არ ღირს მისი ხმარება. აქ  საკმაო მანძილზე წყალი წელამდეღა თუ მოგწვდება. გინდა, ცურვას გასწავლი. - შესთავაზა ანდრიამ.
გოგონა სიხარულით დაეთანხმა. საკმაოდ ღრმად შევედით. მე გავცურე. ანდრია ცდილობდა კამელასთვის აეხსნა ცურვის წესები. რომ არ ჩაძირულიყო, ხელებზე გაწოლილი ეკავა. განა შორიახლო დაცურავდა და კამელას სიცილით ამხნევებდა. გულმა რაღაცნაირად გამკრა. არ მომეწონა, ანდრია ასე ახლოს რომ იყო იმ გოგოსთან, თან  ამ ფიქრისაც შემრცხვა. „ შენ ვინ გეკითხება, როგორ მოიქცევა იგი? თან შვილის ტოლ გოგოს თუ ცურვას ასწავლის, მერე რა? ყურადღება მოგაკლდა?“ დავცინე საკუთარ თავს და ნაპირისკენ შევბრუნდი. უცებ ჩემ წინ ანდრიამ ამოყვინთა.
მოულოდნელობისგან შევკრთი.
- საკმაოდ კარგი მოსწავლე აღმოჩნდა. ერთ-ორ დღეში ისწავლის ცურვას - მითხრა ღიმილით. - ხომ არ გაგვეცურა ცოტა?
პასუხგაუცემლად შევიცვალე გეზი.
- ხვალ სად წავიდეთ? - მკითხა.
- წავიდეთ?
- აბა? მარტო  სიარული მოსაწყენია.
- გოგონები წაიყვანეთ, გაგართობენ. - ვთქვი და ენაზე ვიკბინე. ძალაუნებურად გავეცი თავი.
ანდრიას გულიანად გაეცინა.
- თქვენთან მირჩევნია. თან იმ ბავშვებთან  რაზე უნდა ვილაპარაკო? საით წავიდეთ? რისი ნახვა ჯობია?
- მომღერალი პარკი გინახავთ? ძალიან ლამაზი და უცხოა.
- არა, სად ვნახავდი? ისე, კი ვიცი რომ აქვეა. მარშუტს რომ ვარჩევდი, მაშინ წავიკითხე. კარგი. დილით ადრე გამოვიდეთ საბანაოდ და საუზმის მერე, ეგრევე წავიდეთ.
- კარგი - ვუპასუხე და ნაპირისკენ გავცურე. ანდრიაც მომყვა.
მესამე დღემაც მშვენივრად ჩაიარა.  ანდრია აღფრთოვანდა მუსიკალური პარკით. ყველა ქანდაკებასთან ვჩერდებოდით, ყველა ჩანაწერს ბოლომდე უსმენდა. მერე ერთ ლამაზ ძელსკამზე ჩამოვსხედით და კარგა ხანი ვსაუბრობდით. ჩემს ცხოვრებაზე დელიკატურად მკითხა. დაასევდიანა ჩემმა ბედმა.
- როცა ძმიშვილები ფეხზე მყარად დადგნენ, რატომ არ იფიქრეთ საკუთარ ბედნიერებაზე?
- რავი... ასე შევრჩი ოჯახს...მერე ასაკიც...
- ჯერ ისეთი რა ასაკი გაქვთ? - გაიკვირვა მან.
- როგორ არა... - ჩავილაპარაკე სევდიანად და წამოვდექი.
მანქანის დაძვრამდე უკანა სავარძლიდან ლამაზად შეფუთული რაღაც გადმომაწოდა.
- ეს რაა?
- გახსენით და ნახავთ.
შიგ შოკოლადის კამფეტების ულამაზესი და სავარაუდოდ უგემრიელესი ნაკრები აღმოჩნდა.
- დარწმუნებული ვარ, შიგ თქვენი საყვარელი შოკოლადიც აღმოჩნდება.

~

თავი 5
- როგორ მიხვდით, რომ შოკოლადი მიყვარს?
- ვისაც ნაყინი უყვარს, შოკოლადიც აუცელებლად ეყვარება.
მის ლოგიკურ პასუხზე გამეცინა.
- მერი, ხომ არ ჯობია „შენობით“ ფორმაზე გადავიდეთ? გეხვეწები - დააყოლა ქართულად, ისეთი ლამაზი აქცენტით, რომ გული რაღაცნაირად გამითბა.
- კარგით, კარგი - გავასწორე - ვისაუბროთ შენობით ვუპასუხე და ერთი კანფეტი გავსინჯე. - შენ რომელი მოგართვა?
- ნებისმიერი, მეც მიყვარს შოკოლადი.
ერთი მასაც მივაწოდე. მანქანაში გრილოდა. ამჯერად ქართული სიმღერები ჰქონდა ჩართული.
- გიყვარს ქართული სიმღერები?
- ეს ხომ ჩემი მანქანა არაა? თუმცა, ქართულ სიმღერებს ახალგაზრდობიდან ვუსმენ. ძალიან ტკბილი სიმღერები გაქვთ. მიყვარს. განსაკუთრებით „ცისფერი ტრიო“, ბუბა, ნანი, წიკლაური. გვერდწითელი ხომ საერთო გვყავს - გაეღიმა ანდრიას.
გუშინდელივით სასადილოში შევიკრიბეთ. რომ შევედი განა და კამელა რაღაცას უყვებოდნენ. ჩემს დანახვაზე ანდრიას თვალები გაუბრწყინდა. მისგან სითბოს უდიდესი ნაკადი მოდიოდა და თავიდან ფეხებამდე ბადესავით შიგ მხვევდა.
ზღვაზე ისევ ერთად გავედით. კამილას სანამ ცურვის გაკვეთილს უტარებდა, მე და განამ ორჯერ გავცურ-გამოვცურეთ ტივტივამდე. მერე განა გასარუჯად წამოწვა, კამელა ნაპირთან ახლოს ცდილობდა ნასწავლის გათავისებას, მე და ანდრიამ გავცურეთ, მოშორებით ზურგზე გავწექით და ცის თვალიერება დავიწყეთ. ჩამავალი მზე მოწითალოს ხდიდა ჰორიზონტთან ახლო მდებარე ღრუბლებს, ჩვენს ზემოთ ერთი პატარა ღრუბელი ჩანდა. დედას გამოპარულ ბატკანს ჰგავდა ჩემს თვალში.
- ნახე, თეთრ, ბამბის ქულა წიწილას არ ჰგავს? - თავით მანიშნა მისკენ ანდრიამ.
- მე ბატკანს მივამსგავსე.
- ახლა თეთრ ვარდს გჰავს.
- მე დათვის ბელს ვხედავ.
- როგორ ემთხვევა ჩვენი წარმოდგენები - გაეცინა ანდრიას.
- ანდრია, შენი აზრით, რა ფერია იმედი? - ვკითხე უცებ. მან თავი შემოაბრუნა და გაკვირვებით შემომხედა.
- იმედი... არ ვიცი... ალბათ თეთრი.
- აი, ახლა დაემთხვა ერთმანეთს ჩვენი ხედვები. იმედი ამ ღრუბელივით პაწაწა და თეთრია - ვთქვი ჩუმად. მკვეთრად გადმოვბრუნდი და გამოვცურე. ისიც მომყვა. გვერდი-გვერდ დავსხედით. ცოტა შემცივდა და ამაკანკალა. ანდრია წამოდგა და დიდი პირსახოცი ფრთხილად მომახურა. ისეთი სითბო და სინაზე ვიგრძენი, ტირილი მომინდა. მარტო რომ ვყოფილიყავი, ალბათ ავსლუკუნდებოდი.
- ანდრია, მომიყევი რამე წყალქვეშა ნავზე ყოფნის დროინდელი - ვთხოვე ჩუმად.
- რა მოგიყვე მერი? ძალიან მკაცრ პირობებში ცხოვრობს ეკიპაჟი. წუთი-წუთზე გაწერილი გრაფიკი, თვეობით გარე სამყაროდან მოწყვეტა. ძმებივით ხდებიან ეკიპაჟის წევრები, მით უფრო, თუ კაპიტანი კარგ სპეციალისტთან ერთად კარგი ადამიანიცაა. იქ ყველაზე რეალურად მოქმედებს ის პრინციპი, ჩვენ რომ ბავშვობაში გვასწავლიდნენ: „ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვისო“.
ჩუმად ვუსმენდი. რატომღაც სევდა შემომაწვა.
- რატომ მოიწყინე მერი? დამიჯერე, არაფერი ისეთი, რომანტიული ნავზე არ ხდება. გეწყინა , ნიუანსებში რომ არ ჩაგახედე?
- არა, არა ანდრია, ეს არც მიფიქრია, უბრალოდ... დავიღალე. ნომერში წავალ. ვახშამზე შევხვდებით. - წამოვდექი. ანდრიაც ადგა.
- კარგი მერი, დაისვენე. საღამომდე - მითხრა მან.
ნომერში ასულმა ეგრევე აბაზანას მივაშურე. დიდხანს ვიდექი შხაპის ქვეშ. ვტიროდი. რატომო, ვინმეს რომ ეკითხა, ვერ ვუპასუხებდი. თავად არ ვიცოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს.
აბაზანიდან გამოსულს მომესმა ტელეფონი ზარი. თინიკო რეკავდა.
- აბა, როგორ ხარ ჩემო საყვარელო? რა ხდება იქ? ხომ არ მოიწყინე? მომენატრე. იმედია კარგად ხარ. - ტყვიამფრქვევივით მომაყარა კითხვები.
- ისე ვარ, ვერ გადმოგცემ თინი... - ნაღვლიანად ვუპასუხე.
- რატომ? რა ხდება? სახლიდანაა რამე? - ხმაში შეშფოთება დაეტყო.
- არა, უბრალოდ...
- აბა, იქ ხდება რაიმე ისეთი? - ჩამეკითხა.
- რომ ჩამოვალ მოგიყვები.
- იქამდე ხომ შენზე დარდი მომკლავს?
- აქედან ვერ აგიხსნი თინი, იქ უნდა გნახო. მოგიყვები და პასუხს შენს თვალებში დავინახავ.
- ძალიან დამაინტრიგე მეგობარო. კარგი, რადგან ასე გირჩევნია, გავძლებ რამდენიმე დღეც. არაფერზე არ იდარდო. შეირგე დასვენების დღეები. უბრალოდ მითხარი, ვინმე გაიცანი?
- ჰოო... - ჩუმად ვუპასუხე.
სიჩუმე ჩამოწვა.
- ძალიან კარგი, მიხარია. როგორც იქნა ლღვება ყინული - მითხრა მერე - გელოდები სულმოუთქმელად, გელოდები კარგი ამბებით. აბა, ყოჩაღად - გაიცინა და ტელეფონი გათიშა.
ჯერ ოთახში ვიბორიალე, მერე ფანჯრიდან ზღვას ვუყურე. ვცდილობდი, არაფერზე მეფიქრა, მაგრამ ანდრიას სახეს თვალიდან ვერ ვიშორებდი. ნუთუ სამიოდე დღეში შეიძლება ადამიანი გულში ჩაგისახლდეს? ვერც თვალიდან იშორებდე და ვერც ფიქრებიდან? ნუთუ შემიყვარდა? პატარა გოგოსავით უცებ, დაუფიქრებლად? სადაა ჩემი თავდაჯერებულობა, რომ მორჩა, ვერავის მივუშვებ გულთან-თქო?
გარინდებიდან ტელეფონის ზარმა გამომიყვანა. ანდრია რეკავდა:
- მერი, ცუდად ხომ არ ხარ? ვახშამზე რატომ არ ჩამოდიხარ?
- დრო გამპარვია ანდრია, ახლავე, ახლავე ჩამოვალ.
გოგონებს უკვე ევახშმათ და ანდრიასთან საუბრით ირთობდნენ თავს. მას კი ყველაფერი ხელუხლებლად ედო.
- გელოდებოდი. შემეშინდა, ვიფიქრე, ცუდად ხომ არ გახდა-თქო.
პასუხად გავუღიმე, მის შემოთავაზებულ სკამზე დავჯექი და ფინჯანს დავაშტერდი.
- ჩაი გაცივდებოდა, გამოვაცვლევინებ - მითხრა და სანამ გავიაზრებდი ნათქვამს ორივე ფინჯანს ხელი დაავლო და სამზარეულოსკენ წავიდა.
- კიდევ კარგი, ჩამოხვედით, თორემ ანდრეი ეგოროვის ძე ადგილს ვერ პოულობდა - მითხრა განამ.
ანდრია მალე დაბრუნდა ცხელი ჩაით სავსე ფინჯნებით. უმადოდ ვივახშმეთ. ჩემი უგუნებობა მასაც გადაედო. გოგონებმა მოგვიბოდიშეს და დაგვტოვეს.
- რა მოხდა მერი? რამე ხომ არ გაწყენინე?- უარის ნიშნად თავი გავაქნიე. - რამე ხომ არ გტკივა? ცუდი ამბავი ხომ არ გაგიგია? -სერიოზულად შეწუხდა იგი.
- არა, არაფერი. ყურადღებას ნუ მომაქცევ, ვიცი ხოლმე ასე დასევდიანება - გავუღიმე ნაძალადევად - გამივლის.
- თუ მორჩი ვახშამს, გავისეირნოთ - შემომთავაზა მან. - სასიამოვნოდ აგრილდა. მიყვარს ღამის ზღვა.
- მეც - ვუპასუხე და წამოვდექი.
გვიანამდე ვისეირნეთ. ძირითადად ანდრია ლაპარაკობდა. თითო-ოროლა სიტყვით თუ ჩავერთვებოდი.
- ეს როგორი დასევდიანება გცოდნია - მითხრა მან, როცა უკვე სასტუმროს ფოიეში შევედით. - იმედია, ხვალ ძველებური მერი იქნები. ხელი გამომიწოდა. ჩამორთმევისას ოდნავ მომიჭირა, უცებ დაიხარა და ხელზე მეამბორა.
გავწითლდი .- ღამე მშვიდობის - ძლივს წავიჩურჩულე და კიბისკენ შევბრუნდი.
შემდეგმა დღემაც ძალზე ლამაზად ჩაიარა ისევ ანდრიას წყალობით. დილით ცურვით ვიჯერეთ გული, მერე ფოთში ვიყავით. კოლხეთის ეროვნული პარკი დავათვალიერეთ. ანდრია მონუსხული იყო იქაურობის მშვენიერებით. მთელი გზა ნანახზე ლაპარაკობდა. საღამოს ისევ ზღვა, ვახშამი და ისევ ერთად სეირნობა ზღვის სანაპიროზე. ისე ცხელოდა, თითქოს უდაბნოში ვიყავით. ზღვაში მუხლებამდე შევედი. ისეთი თბილი იყო, გამოსვლა არ მინდოდა.
– ვიბანაოთ. - შემომთავაზა ანდრიამ.
- ახლა?
- დიახ, ახლა.
- საბანაო კოსტუმი არ მაცვია.
- ვინ გხედავს, რაც გაცვია იმით იბანავე.
- შენ ხომ დამინახავ? სხვა სულ არ მედარდება.
- მაშინ ... ვიგიჟოთ და ტანსაცმლით შევიდეთ.
- კარგი რა, ანდრია... - არც კი დამამთავრებინა წინადადება. ამიტაცა ხელში და სირბილით შევარდა ზღვაში. ძალაუნებურად ხელები კისერზე შემოვხვიე. ცოტაც და წყალმა მთლიანად დაგვასველა. ხელები გავუშვი, რომ გამეცურა, მისი ცალი ხელი წელზე შემოხვეული დარჩა, არ მიშვებდა. ერთად გავცურეთ. თითქოს ცხელი სალტე მქონდა წელზე. გავიბრძოლე, დავუსხლტი და გავცურე.
თავი 6
ნაპირზე გამოსულები გაწუწულ წიწილებს ვგავდით. წყალი წურწურით ჩამოგვდიოდა. სველი სარაფანი ტანზე მეკვროდა და ყველა ნაკვთს აჩენდა. საცურაო კოსტუმში კი მხედავდა ანდრია, მაგრამ ახლა ისე ამათვალ-ჩამათვალიერებდა, ტანში ცხელი ტალღა მივლიდა. მან ძაღლივით დაიბერტყა ტანი, რაზედაც სიცილი ამიტყდა. ისიც ამყვა. ორივენი ისე გულიანად ვიცინოდით, ვინმეს რომ დავენახეთ, ალბათ  გიჟები ვეგონებოდით. მოშორებით ახალგაზრდების ჯგუფიც გიჟობდა ზღვაში, მაგრამ მათ ჩვენი თავი არ ჰქონდათ.
- ასე სად ვიაროთ? ან სასტუმროში როგორ შევიდეთ?
- ისე ცხელა, მალე შეგვაშრება - დამაიმედა ანდრიამ.
- რა მალე... უკვე თორმეტი დაიწყო. თორმეტზე კარს კეტავენ. უხერხულია.
- მაშინ ეგერ, გასახდელში შედი, გაწურე კაბა და რამდენიმე წუთში მშრალი იქნება.
ეს აზრი მომეწონა. ჯერ მე გავწურე ტანსაცმელი, მერე მან. რამდენიმე წუთში მართლაც, თითქმის შეგვაშრა. სასტუმროში შესულებმა ერთმანეთს შეთქმულებივით გავუღიმეთ და ჩვენ-ჩვენს ნომრებს მივაშურეთ.
თითქმის მთელი ღამე არ მიძინია. როგორც კი ცას რიჟრაჟი შეეპარა, ავდექი.  კარი გამოვაღე თუ არა, ფეხებთან ვარდის კოკორი დავარდა, რომელიც გულის ფორმის ღია ბარათში იყო გარჭობილი. ავიღე. ბარათზე რუსული ასოებით „მიყვარხარ“, ეწერა. ცრემლები მომადგა. გულს ბაგაბუგი გაუდიოდა.  ნომერში შევბრუნდი. კიდევ კარგი, პატარა ბოთლი მქონდა, ყვავილი წყალში ჩავდე, ფრთხილად ვეამბორე. ე.ი. არ შემცდარვარ, მასაც მოვწონვარ. მოვწონვარ კი არა, ვუყვარვარ. ნუთუ, მართლა ბედია ჩემი აქ ჩამოსვლა? ნუთუ ღმერთს ქალური ბედნიერების ღირსად მივაჩნივარ? რა საოცარი კაცია. სად მოახერხა ღამით ვარდის შოვნა? ან იმ ლამაზი ღია ბარათის? ‘მეც მიყვარს“ - წამომცდა და გავწითლდდი. მიმოვიხედე. კიდევ კარგი, მარტო ვარ.
კარი გამოვიხურე. ჩუმად გავიარე დერეფანი, კიბეები. მორიგე ქალბატონმა ნამძინარევი თვალები გამომაყოლა. ზღვას მივაშურე. ისე სასიამოვნოდ შრიალებდნენ ტალღები, ისე გრილოდა, რომ ნეტარებისგან თვალები დავხუჭე. თვალწინ გაწუწული ანდრია წარმომიდგა. მოჩვენებას გავუღიმე.
- შენც არ დაგეძინა? -ჩამჩურჩულა ვიღაცამ და სანამ  შეშინებას მოვასწრებდი, ანდრიას ხმა ვიცანი. მან უკანიდან ხელები მომხვია, მიმიზიდა და ყურის ძირში მაკოცა. შემაჟრიალა, მინდოდა ხელები მომეშორებინა, მაგრამ ანდრიამ უფრო ჩამიხუტა და ახლა ყელზე ვიგრძენი მისი მხურვალე ტუჩები. თითქოს ფეხები მომეკვეთა, ამაკანკალა. გული საგულედან ამოხტომას ლამობდა, სუნთქვა გამიძნელდა. მეგონა, ანდრიას ხელი რომ გაეშვა, იქვე ჩავიკეცებოდი, მაგრამ ის უფრო და უფრო მაგრად მიკრავდა გულში.
- არ მეგონა, თუ ჩემს გულს ვინმე შეარხევდა, ვინმეს სიყვარული ამაფორიაქებდა. ოლგას გარდაცვალების შემდეგ მსუბუქი ფლირტი და დროებითი ურთიერთობა, ესღა იყო ჩემი ცხოვრების განაჩენი. პირველსავე შეხვედრაზე, შენი შეშფოთებული თვალების დანახვისას, გულმა უცნაურად შეიფრთხიალა. შემდეგმა შეხვედრამ დამარწმუნა, რომ ჩემს უკანასკნელ სიყვარულს შევხვდი, მით უფრო, შენ მარტოხელა აღმოჩნდი. ყოველი შემდეგი შეხვედრა მიმძაფრებდა გრძნობას. მინდოდა გულში ჩამეკარი და აღარ გამეშვი, მაგრამ მეშინოდა, არ გამქცეოდი. წუხელ ძლივს შევიკავე თავი. ისეთი საყვარელი იყავი იმ სველ სარაფანში, ისეთი მიმზიდველი...არ ვიცი, რას გრძნობ შენ, მაგრამ ერთი რამ კი ვიცი, შენ ჩემი ხარ, ვერსად გაგიშვებ, ვერ დაგკარგავ. მიყვარხარ. ღმერთმა უდიდესი ბედნიერება გამოიმეტა ჩემთვის, სიბერის გალამაზების შანსი მომცა და ეს რომ არ დავაფასო, ეს რომ არ შევირგო არ შემიძლია. მიყვარხარ, მიყვარხარ უკიდეგანოდ - ჩამჩურჩულებდა ანდრია აკანკალებული ხმით - მითხარი რამე, ნუ გამწირავ, ცოცხლად ნუ მომკლავ - მემუდარებოდა და თან მკოცნიდა ყელზე, კისერზე, ყურის ძირში.
პასუხის გაცემის თავი არ მქონდა, არც ვიცოდი, რა უნდა მეთქვა, რა მემოქმედა. ჩემთვის ეს მეორე კოცნა იყო შეყვარებული მამაკაცისგან. პირველი, დამამთავრებელ კლასში ყოფნისას მაკოცეს. ვიცოდი, ერთ თანაკლასელს ვუყვარდი, მაგრამ თქმას ვერ მიბედავდა. „ამის პატრონმა რა ქნას“ თამაშისას მე მისი კოცნა ამომივიდა. თავი გავიგიჟე, მაგრამ კლასელები აყვირდნენ: „ასე როგორ შეიძლება, რა მოხდა, ხომ არ შეგჭამს, აკოცე და მორჩა, ხომ არ გიკბენს, რა ველური ხარო“. იმ ბიჭს მივუახლოვდი, ლოყაზე  საკოცნელად დავიხარე. მან უცებ თავი მოაბრუნა, ხელიც მომხვია და ტუჩებში მაკოცა და ეგრევე სილაც მიიღო ჩემგან. გავებუტე და ბანკეტზე ძლივს შეგვარიგეს. იმ კოცნისას არაფერი მიგრძვნია, ახლა კი,  ლამისაა გული გამიჩერდეს, რაღაცნაირმა ცეცხლმა დამწვას. ვიდექი უმწეოდ, თვალებდახუჭული, აკანკალებული. ანდრიამ ხელებმოუცილებლად შემომაბრუნა: - შემომხედე -ჩამჩურჩულა და ყურზე მაკოცა. თვალბი გავახილე. სახეზე მასაც ალმური ასდიოდა, თვალები ჩამუქებოდა და ისეთი ცეცხლოვანი გამოხედვა ჰქონდა, ვერ გავუძელი და თვალები ისევ დავხუჭე.  ტუჩებზე მისი მთრთოლვარე ტუჩები შემეხო, ჯერ ფრთხილად, მერე  უფრო დაჟინებით და ჩემდა გასაკვირად, მეც ვუპასუხე, ხელები ძალაუნებურად კისერზეც შემოვხვიე. არ მახსოვს, რამდენი ხანი ვიდექით ასე. როგორც იქნა, აზრზე მოვედი. ხელები ჩამოვუშვი, მასაც გავაშვებინე. ჯერ კიდევ ბინდბუნდი იდგა, ზღვის ნაპირზე არავინ ჭაჭანებდა. მხოლოდ ტალღები იყვნენ მისი აღსარებისა და ჩვენი ალერსის მოწმენი. ტალღები, რომლებიც ჩვენსავით ნაპირს ჩაეხუტნენ, აკოცეს და უკუიქცნენ.         


თავი 7

ერთმანეთი არ გვეთმობოდა. ქვიშაზე დავეშვით, გვერდიგვერდ დავსხედით. ანდრიამ ხელი გადამხვია. მკერდზე მიმიხუტა. მისი გულის ბაგიბუგი ჩემი გულის ბაგიბუგივით მესმოდა.
- საოცრად ბედნიერი ვარ - მითხრა ანდრიამ. -  არ მჯერა, არ მჯერა ამ ბედნიერების, ნუთუ შენ ჩემთან ხარ, ნუთუ ჩემი ხარ? - ოდნავ გამწია განზე და ისევ ჩამიხუტა.   
მეც უზომოდ ბედნიერი ვიყავი, მაგრამ არაფრის თქმის თავი არ მქონდა.
გათენდა. ხალხმა დაიწყო გამოსვლა. მართალია, აქ არავის არ უკვირს  ჩახუტებული წყვილის ნახვა, მაგრამ მე მაინც უხერხულობა ვიგრძენი. ანდრიას ხელი ფრთხილად მოვიშორე. მან გაკვირვებით შემომხედა.
- ხალხია, უხერხულია - ვუთხარი.
ანდრიამ გაიცინა.
- შევიდეთ ზღვაში?
- ჯერ არა, ვისხდეთ ასე.
ჩუმად ვიყავით, მაგრამ მეგონა, ჩვენი გულები ყვიროდნენ:“ გვიყვრს, გვიყვარს, ბედნიერები ვართ“.
- მერი, საზღვარგარეთის პასპორტი გაქვს? - მკითხა უცებ.
გაკვირვებით შევხედე.
- არა. რატომ?
- დღესვე წავიდეთ ბათუმში და დაჩქარებული წესით გავაკეთებინოთ.
- რად მინდა? თან ასე სასწრაფოდ?
- რას ქვია, რად მინდა? იმისთვის გჭირდება, რომ თან წაგიყვანო. შენ გგონია დაგტოვებ და მე წავალ? ძლივს გიპოვე და ვერ შეგელევი, ვერ მოგიშორებ თუნდაც ცოტა ხნით - მითხრა და ისევ ხელი მომხვია.
- ასე უცებ? ხომ უნდა ვუთხრა ჩემებს?
- თქმას რა, დიდი დრო უნდა? მორჩება შენი დასვენების დღეები, ერთად წავალთ შენთან სახლში. იმედია, უარს არ მეტყვიან შენი ძმისშვილები. მოაგვარებ შენს საქმეებს და გავფრინდებით ჯერ მოსკოვში, შემდეგ სახლში - როსტოვში. თუ მაგდა მალევე ვერ ჩამოვიდა, შემდეგ გერმანიაში. ვინახულოთ ისინი.
- რა უცებ მოაგვარე ყველაფერი - გამეცინა მე.
- რას უნდა ველოდო? მე ასე მიყვარს, სწრაფად და ხარისხიანად. ბავშვები ხომ არ ვართ, დრო ჩვენს სასარგებლოდ არ გადის. არ მინდა დასვენების დღეები შეგიმოკლო, თორემ მე ხვალვე, არა, დღესვე წავიდოდი შენებთან.
- ოთხი-ხუთი დღე რამეს ცვლის?
- ერთი დღეც კი უშენოდ, ჩემთვის საუკუნეა - მიპასუხა და მიმიზიდა, მაგრამ შემრცხვა და ხელი გავაშვებინე. მართალია, ჩვენს გარშემო უკვე საკმაოდ ირეოდა ხალხი, მაგრამ ჩვენით არავინ ინტერესდებოდა. ცოტა ხანში ჩვენც ზღვაში შევედით. ანდრია სანტიმეტრებითაც არ მშორდებოდა. შიგადაშიგ ხელს ჩამავლებდა, ხან ჩაყვინთავდა და წელზე მომეხვეოდა.
- პატარა ბიჭივით იქცევი- ვუთხარი სიცილით.
- პატარა არა, შეყვარებული ბიჭივით - მომიგო მან.
საუზმის მერე ქუთაისში წამოვედით. გელათისა და სათაფლიის ნახვა უნდოდა. თითქმის მთელი გზა ჩემი ხელი ეჭირა. ვიყავით გელათში, სათაფლიაში, ბაგრატის ტაძარში, მოწამეთაში. ყველგან უამრავი სანთელი აანთო. მოწამეთაში, ჩასასვლელთან ნაჭრებშებმული ხე რომ დაინახა, დაინტერესდა, თუ რა იყო, რატომ იყო დახუნძლული სხვადასხვა ფერის ნაჭრით. როცა ავუხსენი, რომ „ეს ნატვრის ხეა და ნატვრის ასახდენად ნაჭერი უნდა შეაბა-თქო“, მოუნდა, თვითონაც გაეკეთებინა იგივე. არც ერთს არაფერი არ აღმოგვაჩნდა. იქვე, შორიახლო მოხუცი ქალი ატამს ჰყიდდა. მიხვდა ჩვენს გასაჭირს და ნაჭერი შემოგვთავაზა.გახარებულმა ანდრიამ სამაგიეროდ მთელი კალათი ატამი იყიდა.  ხესთან მივიდა, რაღაც უჩურჩულა, სერიოზული სახით ნაჭერი შეაბა და ღიმილით წამოვიდა ჩემკენ. რატომღაც ცას ავხედე. მოკრიალებული იყო, მაგრამ შორს პაწაწინა, იმედივით თეთრი ღრუბელი მაინც დავლანდე.
დავიღალეთ, დაგვცხა, მოგვშივდა. გადავწყვიტეთ, გვესადილა. გზად შემხვედრ პირველსავე რესტორანში შევედით. ძალიან მყუდრო და ლამაზი ინტერიერი ჰქონდა რესტორანს, წყნარი მუსიკის ფონზე ვისადილეთ. ყველაფერი უგემრიელესი იყო. ხალხიც ცოტა. კარგ სადილთან ერთად სულიერადაც დაისვენე.

- ახლა ვხვდები, რატომ ხართ ასეთი კარგები. ასეთ გარემოში მცხოვრებნი, ასეთი წინაპრების შთამომავლები, ასეთი ტრადიციების, ლამაზი ზღაპრების მქონენი აუცილებლად გამორჩეულები უნდა იყოთ - მითხრა  რესტორანში სადილობისას.
- სამწუხაროდ ყველანი  არ ვართ ღირსეული მემკვიდრეები  სინანულით ავღნიშნე მე.
- ყველა ერთნაირი არ იქნება, მე ზოგადად ერზე ვთქვი. ხალხზე მოქმედებს დრო, პოლიტიკური, ეკონომიკური მდგომარეობა, თვალსაწიერის გაფართოება. რაც მთავარია, შენ ხარ განსაკუთრებული - მითხრა და ხელზე მომეფერა.
გარეთ გამოსვლისას, სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა იქვე მდგომ ტაქსის მძღოლს რაღაცაზე ელაპარაკა და ფული მისცა. მან თავი დაუქნია,  ჩაჯდა და დაიძრა. ანდრიაც მიჰყვა. მალე დიდ სავაჭრო ცენტრთან შევჩერდით. ტაქსის მძღოლმა ხელი აუწია დამშვიდობების ნიშნად და წავიდა.
- აქ რა გინდა?
- წამო, შევიდეთ და ნახავ.
გაკვირვებული გავყევი. ანდრია პირდაპირ მეორე სართულზე ავიდა, მიიხედ-მოიხედა, ხელი ჩამავლო და საიუველირო სექციას მიაშურა. ჯერ ათვალიერა გამოფენილი ძვირფასეულობა, შემდეგ გამყიდველს თხოვა, საუკეთესო ბეჭდები ეჩვენებინა მისთვის. კარგა ხანს არჩევდა მოტანილ ნიმუშებს. არ ვიცოდი, რას აპირებდა.
- მერი, მოდი ნახე, რომელი ჯობია? - მკითხა და ორი ულამაზესი ბეჭედი გამომიწოდა. - ორივე ბრილიანტის თვლებითაა, პირველს უფრო მსხვილი რამდენიმე თვალი აქვს, მეორეს - უფრო წვრილი, მაგრამ გაცილებით მეტი.
- ორივე ლამაზია - ვთქვი მე.
- ეს უფრო მდიდრულია - უთხრა გამყიდველმა და მსხვილთვლებიანზე ანიშნა.
- მაგდასთვის გინდა?
ანდრიამ რაღაცნაირად გამომხედა.
- ჰო, მაგდასთვის. აბა გაიკეთე. ერთი მარჯვენაზე, მეორე მარცხენაზე. ვნახოთ, ხელზე როგორ ჩანს.
ორივე მშვენივრად მომერგო. მსხვილთვლებიანს რომბის ფორმაში ქონდა ჩასმული თვლები, მეორეს - წრეში.
- ეს იყოს - თქვა მსხვილთვლებიანზე. - რაც შეიძლება ლამაზ ყუთში ჩამიდეთ.
გამყიდველმა რამდენიმე ყუთი გადმოიღო. გულის ფორმის, ხასხასა წითელ ყუთში ჩაადებინა, სალაროსთან თანხა გადაიხადა, ყუთი აიღო და წამოვედით.
- უი, მგონი რესტორანში ტელეფონი დამრჩა, მოდი დავბრუნდეთ. თან ნაყინი მივირთვათ.
- ნაყინი შეგვიძლია კაფეში, ან მანქანაში ვჭამოთ.
- კარგი, როგორც გინდა, მაგრამ ტელეფონი ხომ უნდა ავიღო?
- ტელეფონი კი, რამ დაგავიწყა მაინც?
- რა გვეჩქარება, ლამაზი გარემო ხომ იყო იქ? ცოტა ხანი დავსხდეთ, მუსიკას მოვუსმინოთ. საღამოს ზღვაზე გასვლას მოვასწრებთ, თუ არა და, ღამეც მშვენივრად ვბანაობთ - გაიცინა ანდრიამ.
- კი ბატონო, დავსხდეთ, მე არსად მეჩქარება.
რესტორანში შესვლისთანავე ის გოგონა მოგვიახლოვდა, ვინც გვემსახურებოდა.
- ტელეფონი დაგრჩათ ბატონო.
- დიახ, მიტომ დავბრუნდით. ნაყინი გაქვთ, რომ შეგიკვეთოთ?
- რა თქმა უნდა. დაბრძანდით, სადაც გნებავთ. როგორს ინებებთ? საფირმო ნაყინიც გვაქვს, ძალიან გემრიელია.
- იყოს საფირმო, ორივესთვის. მზადაა?
- დიახ, ყველაფერი.
- კარგით, მადლობა.
ვერაფერს მივხვდი მათი საუბრიდან, მაგრამ არ შევიმჩნიე.
მაგიდასთან დავსხედით თუ არა, იმ გოგონამ ვარდების ულამაზესი თაიგული შემოიტანა, თან ლარნაკიც მოაყოლა.
- ეს თქვენ ქალბატონო.
- მეე? - გავიკვირვე.
- დიახ, თქვენ - გამიღიმა გოგონამ.
ანდრიას შევხედე. მიღიმოდა.
- შენი სიურპრიზია?
- არ მოგწონს თაიგული?
- როგორ არა, ულამაზესია. მადლობა - გადავიხარე და ლოყაზე ვაკოცე.
- ოო,ამისთვის მზად ვარ მეორეც მოვატანინო.
- ერთიც საკმარისია, მადლობა. საიდან მოატანინე?
- ტაქსის მძღოლს კარგი გემოვნება ჰქონია. - თვალი ჩამიკრა ანდრიამ.
- შეთქმულება მომიწყვეთ? - გამეცინა მე.
- რატომ შეთქმულება? უბრალო, სიურპრიზი და ამაში დამეხმარნენ.
ამ ლაპარაკში ნაყინიც მოგვართვეს. ისეთ ლამაზ ჭურჭელში იყო და ისე საუცხოოდ გამოიყურებოდა, ნამდვილად ღირდა მისთვის დაბრუნება. იმ გოგონამ რაღაც გადაულაპარაკა ჩუმად ანდრიას, მან თავი დაუქნია. „ნეტავ, კიდევ რა ხდება?“ გავიფიქრე. ანდრიამ, თითქოს არაფერიო, ჭამა დაიწყო. მეც მივბაძე. ნაყინი მართლაც განსაკუთრებულად კარგი გამოდგა. წყნარი მუსიკა საზეიმო მარშმა შეცვალა. ის გოგონა ისევ გამოჩნდა უზარმაზარი ლანგრით ხელში, მოგვიახლოვდა და ლანგარი ჩემ წინ დადო. თეთრი ვარდის ფურცლებისგან გაკეთებული გულის  შუაში ნაცნობი კოლოფი იდო. ანდრია წამოდგა, კოლოფი აიღო, გახსნა, გამომიწოდა და მითხრა:
- მერი, გთხოვ, გამომყევი ცოლად.
მუსიკა უფრო ხმამაღლა აჟღერდა,  დარბაზში ნათურები აციმციმდნენ.
გაოგნებული ვიყავი. თავი ზღაპარში მეგონა. ხმა ვერ ამოვიღე.
- მერი, არ გამომყვები ცოლად? - ღიმილით გამიმეორა ანდრიამ. წამომაყენა და ბეჭედი მარჯვენა ხელზე გამიკეთა, რესტორნის თანამშრომლებმა ტაში დაგვიკრეს. ანდრიამ ხელი მომხვია და მაკოცა. ხელიც უხურდა და ტუჩებიც ცხელი ჰქონდა.
ჩემდაუნებურად ცრემლები წამომივიდა, ხელები ავიფარე და მოწყვეტით ანდრიას მკერდს მივეყრდენი. მანაც ჩამიხუტა. ასე მეგონა, ყველაფერი განათდა, გაბრწყინდა. მეგონა,  ფრთები გამომება და საცაა ავფრინდებოდი. ავფრინდებოდი ანდრიასთან ერთად და ვიფრენდით დიდხანს ერთად ბედნიერებისგან უსაზღვროდ გალაღებულები.
(დასასრული )
















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები