ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამ მებუკე
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2024


* * *

მუჯაჰედ, ჯიჰადგამოვლილო,
ტყვიით ნაჯიჯგნო,
მშვიდობის გზაზე
სხვისი კაცი რომ ჩემად ვიცნო,
რას გვეტყვის შენი მუნჯი ალაჰი?
ხმა ამოეღო,
მე უკვე ომის სანახებსაც გადავცდებოდი და
სიცხიანი კოღოსავით
სადმე ფურცლებში ჩავაკლავდი
სიტყვებს შორის, ასოების სასაფლაოზე.
მუჯაჰედ, ჰიჯრა შემისრულე -
გადამიყვანე შუბის პირიდან უცხო ნაპირზე
და
სხვისი კაცი გამაცანი,
ისე რომ ტანზე მარტოობა ჰქონდეს აკრული,
არ იკარებდეს ბალახის სუნს,
გაჟღენთილ კაბას.
ნაცარიც პეშვით უნდა მოჰქონდეს -
გუგები უნდა ჩავუშალო,
ჩამოვურეცხო.
ჯიჰადგამოვლილი კაცის ცოლო,
თმათეთრნაცრიანო,
რას გვეტყოდი შენს ყრუ ალაჰზე?
აქ ჩემი ჰიჯრა,
წელთაღრიცხვა,
სხვისი კაცის ხელზე ითვლება.
მუჯაჰედ, ჯიჰადგამოვლილო,
ტყვიით ნაჯიჯგნო,
სიგიჟემ უნდა შეგაშინოს,
უნდა გაგრიყოს,
დაგასწავლოს ენის გემო,
აფეთქებისას გრძნობა შეგარჩინოს.
მერე შეგინდოს შენმა ყრუ და მუნჯმა ალაჰმა!
ისე ვილოცო,
სხვისი წილი საცნობი კაცი ჩემად შევიცნო!





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები