ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგრო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
15 ოქტომბერი, 2024


*#*#

იმდენი ხანია არაფერი დამიწერია,მგონია საკუთარი თავისგან თვალუწვდენელ სიშორეზე გავდექი.გამჭვირვალე გავხდი,სარკეში ჩემს ზურგს უკან სიცარიელეს ვხედავ,ალბათ ზურგის მხრიდან ძალიან შემცივდებოდა გამჭვირვალე რომ არ ვიყო და ჰაერი ჩემში არ გადიოდეს დაუბრკოლებლად.ყოველდღიურობა ისეთი ზამთრის ფერია,დღევანდელი ღრუბლიანი ამინდი ვერც კი შევამჩნიე,მეგონა ისევ მე ვიყავი საწვიმრად მომზადებული ცის ფერი,საბნის ფეხებში შემოკეცვის რიტუალს რომ სიამოვნებით შეგასრულებინებს.წვიმს ჩემში და თურმე წვიმს გარეთ,რადგან თავზე ჩანთა წაფარებული ხალხი დარბის ჩემ გარშემო(მხოლოდ პატარებმა იციან რა კარგია წვიმა) თავისუფლების სუნი აქვს წვიმას,არავის სცალია დაგაკვირდეს ტირიხარ თუ წვიმიანი გაქვს სახე,დასვრილი ფეხსაცმლით გამოხვედი სახლიდან თუ ახლახანს მანქანის ჩავლის შემდეგ ხარ ასე ამოსვრილი ჭუჭყიანი წვეთებით თეთრ ბოტასებზე.არავის სცალია დააკვირდეს გამჭვირვალე ადამიანს,რომელიც ეწევა,წყნარად,დინჯად,ნაბიჯ აუჩქარებლად ამ წვიამიან ამინდში და იმის მაგივრად თავის გამჭვირვალე ქურთუკის საყელო მაინც აიწიოს,პირიქით სახეს უშვერს წვიმიან ცას და ფილტვებიდან ამოსულ ბოლს და სულიდან ამოყოლილ სიცარიელეს წვეთებ შორის ფანტავს.ვერავინ ამჩნევს თვალის კუთხეებს,მითუმეტეს ვის სცალია გაარჩიოს ცრემლი და წვეთი,წყალსაც წაუღია გამჭვირვალე ადამიანი,ვის რაში დააკლდება სიცარიელე,ყველას თავისი ისედაც ყოფნის.წვიმიდან ამოსულიც არ ვჩანვარ სარკეში,მხოლოდ სველი ქურთუკია ჰაერში გამოკიდებული,რომელიც იხრება წელის სიმაღლეზე,კოცნის შვილს რომელსაც აქვს ნიჭი დაინახოს გამჭვირვალე ადამიანში მამა,რომელსაც  ამ ბოლო დროს სველი მლაშე კოცნები დასჩემდა.პატარებმა იციან რა კარგია წვიმა და პატარებმა იციან როგორ უყვარდე რომ დაგინახოს მაშინაც,როცა შენთვითონ ვეღარ ხედავ შენში ვერაფერს.მისთვის ხომ ეს გამჭვირვალე ადამიანი არის "საშვი" გუბეებში თავისი პატარა ფეხებით ხტუნვის,ლოყების აწითლებამდე და შარვლის ტოტების დასველებამდე სირბილის,შიგადაშიგ რომ ჩერდება,გიყურებს და თვალებით განიშნებს როგორ ელოდება მასთან ერთად ირბინო გუბეებში.რა ქნას პატარამ ჯერ არ იცის რომ როცა გაუშვი პატარა ბოტებით დიდი გუბისკენ,მასთან ერთად შევარდა შენი ბავშვობაც,მაგრამ ფიზიკურად ვეღარ შეყევი,იმიტომ რომ მის გვერდით აღარ ხარ გამჭვირვალე და ეს მდგომარეობა ის არის რასაც გადაეჩვიე.სარკისგან განსხვავებით გუბის წყალში შენ სახეს ხედავ,სახეს რომელსაც დასჩემდა მარილიანი,სველი კოცნები.ამიტომ ისევ სველ მუხლზე ისვამ,საჩქაროდ ხდი პატარა ბოტებს და კიდევ უფრო პატარა წინდებს,იხუტებ და შიშველ ფეხებს უმალავ შენს უბეში.ასე მიდიხარ წვიმაში აჩქარებული ნაბიჯებით სახელად -არ გამიცივდე და გულში ნატრობ გზა არ დამთავრდეს რომელსაც შეეფერება სახელი-მხოლოდ შენთვის.ახლა გრძნობ ჩახუტებას,გრძნობ წვეთებს და ცოტახნით მართლა იღიმი,ცოტახნით მართლა გრძნობ ფეთქვას და ცოტახნით ყველაფერი სულერთია,სანამ პატარა მომღიმარი ბიჭის ამოსუნთქვას კისერში გრძნობ,თავის ენაზე რომ რაღაცას ყურში გეჩურჩულება და უხილავი ხელის მოძრაობით ზურგიდან გხსნის გამჭვირვალე,უჩინარობის მოსასხამს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები