ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამ მებუკე
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2024


* * *

ასე იწყება:
შიშველ ტერფებს ვადგამ ქალის ნელ-თბილ მუცელზე
და
როგორც წრფეებს უყვართ ხოლმე ამოძრავება,
ასე ვგრძელდები.
ოღონდ ღერძია ის, რაც დღემდე ვერ მიპოვნია
და
გადაკვეთაც გამართლებას უდრის,
როდესაც
სხივი შემოდის ჩემს წრფეებში,
სწორ ხერხემალზე
და მხრების გასწვრივ დასვენებულ სივრცეებსაც მალე მოხაზავს.
ჯვარზე გაკვრა მხოლოდ ერთი არჩევანია,
ამიტომ ვირჩევ, ვგრძელდებოდე
და როცა მკვდრისფერ ტერფებს ვადგამ უცნობ სიცივეს,
დროზე მიშველე, ღვთისმშობელო,
ან თუ მიშვილებ (შენს შვილამდე),
სცადე სიშიშვლე დამიმალო,
ან მოიპარო ქრისტეს სიმშვიდე და მომიტანო.
როცა სხეულს ორად გაკვეთს დაღლა,  ვშეშდები.
თეთრი კედლი - ღვთისმშობელი თავის ადგილზე
დგას და ჩემსავით უშეშდება მზერა,
(პეშვები ცისკენ).
იქ, სადაც არც წრფეებია, არც აღმართი, მარტო შუქია უსასრულო და დაბადება.
ხო, იქ ვბრუნდები, ოღონდ ქალის თბილ მუცელზე,
ქალის განცდაზე.
შენ, ღვთისმშობელო, რამდენი დრო დაგჭირდება მოსამზადებლად,
რომ შენი შვილის სიკვდილმაც კი არ დაგამცროს
და გზა განაგრძო?!
გაღვიძებიდან გზის ბოლომდე დედაჩემის ხმები ჩამესმის,
სადღაც ყოველთვის აგვიანებს და ამიტომაც
დაიკავეს მისი ადგილი.
ეგოიზმია - 
თანაც დიდხანს უნდა ვიარო.
მაინც ჩემსავით უშეშდება მზერა,
რადგანაც
ღვთისმშობელი მარიამიც ფეხშიშველია.
ხოდა, გზა უნდა განაგრძოო, ამბობენ ისევ -
თეთრ კედლამდე არც წრფეებია,
არც აღმართი,
მარტო შუქი და უსასრულო დაბადებაა,
და ჩემი ქრისტე იქ უნდა ვძებნო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები