ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამ მებუკე
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2024


მას

ყოველთვის მეშინოდა ბედნიერების -
ეს ის შიშია
თვალს რომ უსწორებ,
რომ შეგიძლია ტანზე მიიკრა,
ტუჩის კუთხესთან შერჩენილი ნერწყვიც მოწმინდო,
(უხერხულია შიშის ასე მოხსენიება).
არ ვუშლი, რომ ჩემ გვერდით იწვეს,
მეფერებოდეს და შინაური ცხოველივით მეუბნებოდეს -
რომ მე მისი საყვარელი მეგობარი ვარ.
მინდა, მეძინოს, გავიღვიძო და ისევ იყოს.
ჩემი საწოლის ერთ კუთხეში დაიდოს ბინა და
აღარასდროს აღარ წავიდეს.
ვუსმინოთ ერთად მეზობლის ბავშვის
დაკრულ მუსიკას
(გაურკვეველს და სასიამოვნოს),
ვწეროთ ახალი დღის გეგმები,
დავაგუნდაოთ შემოდგომის ფოთლები ისე,
რომ ზამთრის პირას
თოვლის ლოდინი აღარ დაგვჭირდეს
(მე ობიანი ფოთლები მიყვარს).
ისეთი შიში გამოვცადე,
რომ ყოველ ჯერზე ვიღაცასთან უნდა ვცრუობდე
(და არა მასთან).
ბედნიერებამ იცის, როდის უნდა წავიდეს, თუმცა არ მიდის.
ასეა, ალბათ შემოვიჩვიე,
მაგრამ
სიყვარულს წამითაც არ გავივლებ თავში,
ბედნიერებას არ სჭირდება შეყვარებული.
მას შინაური ცხოველი უნდა -
მე ხომ მისი საყვარელი მეგობარი ვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები