ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ევა_ბოშა ქალი
ჟანრი: პოეზია
12 ნოემბერი, 2024


ბოშათა ღმერთს

ბოშათა ღმერთო,
სადღაც შენც ხომ უნდა არსებობდე,
ჰოდა მოვედი შენთან თხოვნით,
რადგან სხვა ღმერთი,
ღმერთი თეთრ კაცთა,
თეთრ კაცთა მიერ ჯვარცმული ღმერთი
როგორც ბარონმა განაცხადა _ არ უსმენს ქალებს.

ბოშათა ღმერთო,
შენი სახელიც კი არ ვიცი, მეპატიება!

თუმცა მსმენია, ბავშვობაში
ეკლესიის ეზოში რომ დავწანწალებდი,
რომ ღმერთი მხოლოდ ერთი არის,
და ამ ღმერთს მუდამ
აწუხებენ მატერიალურ საკითხებზე,
იშვიათად კი სიყვარულსა და ჯანმრთელობაზე,
ბოშათა ღმერთო,
მე არც ავად ვარ,
სიყვარულსაც მაშინ მივიღებ როცა ვისურვებ,
რაც შეეხება მატერიებს,
მე სულ არ მინდა, სხვას მიეცი და
მე სხვას ავწაპნი,
ზოგჯერ ჯიბიდან, ზოგჯერ დახლიდან,
თუმცა ნურცს სხვისთვის ნუ მოცდები,
და ჩემი თხოვნა ყურად იღე.
ბოშათა ღმერთო,
მე მხოლოდ ერთი დღე და ღამე მინდა შეგთხოვო,
მშვიდი საღამო, არც თბილი და არც ცივი საღამო,
ქალაქი _ შეთხელებული ხალხით,
და მე ვიარო ამ ქალაქში, კინოთეატრამდე,
მერე შევიდე შენობაში და ერთი ბილეთი შევიძინო წინა რიგებში,
პატივისცემით მიმითითონ ჩემი სკამისკენ,
მერე დავჯდე და ვუყურო კინოს,
კინოს მერე კი, სადმე, ჩუმ და მყუდრო კაფეში,
შევუკვეთო ფინჯანი ყავა.
კაფის მერე კი, სასტუმროში, აივნის ხედით
ავიღო ერთი ნომერი,
დავჯდე აივანზე და ერთი ჭიქა მშრალი ღვინო საათობით ვსვა,
შუაღამით კი, დავწვე საწოლში,
რბილი ბალიში ამოვიდო თავქვეშ,
და დაძინებამდე მადლობა გითხრა ბოშათა ღმერთო,
რომ ეს სურვილი,
სხვისი თვალებით დანახული მარტივი სურვილი,
გულთან ახლოს მიიტანე და ამისრულე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები