ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გელაშვილი ანნა
ჟანრი: პროზა
11 დეკემბერი, 2024


ლიტერატურული კონკურსი მინიატურის ჟანრში "ერთგულება" / საუკეთესო მინიატურა შიში

  ბებიაჩემი სავსებით ირწმუნება ჭინკების არსებობას და ვინ მოთვლის მერამდენედ, მთელი განცდით იწყებს თხრობას: "იცი, როგორები არიან ჭინკები? თუ  შეგატყეს გეშინია, მაშინვე დაგიბრიყვებენ. ერთხელ, მე და ჩემს დებს შებინდებისას სამი ჭინკა აგვედევნა, ჩემს დებს შეეშინდათ, გაქცევა დააპირეს თუ არა, ჭინკები გამოგვეკიდნენ, მე არ შემშინებია,ეგრევე დავავლე ჯოხს ხელი, გავეკიდე, გავრეკე ხევისკენ და სამივენი შიგ გადავყარე..." ზეპირად ვიცოდი ეს ამბავი და ყოველ ჯერზე, მაინც გულისყურით ვუსმენდი.  წლებმა, როგორც მზის სხივების ქვეშ მოქცეული მწიფე ხილი,ისე დაჩირა ბებიაჩემის სხეული და სრულიად უძლური დაუშვა დაღმა... ეზოში გამოიყვანა მამაჩემმა,უყუროს თავის კარმიდამოსო.სიმწიფისგან დაშაქრული ვაშლი გაუთალა, თხლად დაუჭრა და ხელის გულებში ჩაულაგა.-ბე, აბა მე რა მქვია? - ვეკითხები და ხარბად ვეფერები მის ძვალზედასულ ხელებს.დაკვირვებით მიყურებს და ჩემი დის სახელს მეუბნება. -ბე, ჭინკების ამბავი გახსოვს? - ვკითხე და პასუხამდე გული მიმეწურა. -როგორ არ მახსოვს...-მითხრა სირბილეშეპარული სიმტკიცით. ძველებური ჟინით ვერ გადმოცა, თუმცა,- გაიხსენა. ძალა აღარ ემორჩილებოდა და საქმეს მაინც ვერ ელეოდა. ბვრჯერ ცაიქცა, ბოლო წაქცევისას გონება დაკარგა...ბევრი ვეძახეთ,რომ ჩვენი ხმა გაეგონა და თვალები გაეხილა. უშედეგოდ. სიმებივით დაეჭიმა კისრის ძარღვები...-ბე,ჭინკების ამბავი თუ გახსოვს ხელი მომიჭირე.-ყურთან ახლოს ჩავსჩურჩულე.ჩემს ხელებში მოქცეული, ძალა გამოცლილი თითები ბუმბულივით შეარხია...არ ეთმობოდა მამაჩემს მოხუცი დედა, ფრთხილად დაუმალა თავსაფარში ჭაღარა თმის ღერები, წყალი დაალევინა წვეთობით, - ეამებაო. არც ბებიას უნდოდა ჩვენი დატოვება, ხუთი დღე და ღამე, უწყლოდ, ულუკმაპუროდ ტანჯვით ისუნთქა, მეხუთე დღეს გაახილა თვალები...-სიკვდილის წინ მოიხედაო, -მამიდამ. ყველას  გვათვალიერებდა, ჩვენც, სათითაოდ სახე ახლოს მიგვქონდა, რომ უკანასკნელად დავენახეთ და დაგვენახა. გამახსენდა, რომ ჯვარი არ ჰქონდა. ვუყიდე, ვაკურთხე მის სახელზე, დავაბნიე გულზე და ისე დავტოვე, აღარ შემიხედავს მისი შიშით მოწამლული თვალებისთვის. ნახევარ საათში ბიძიამ შემოგვჩივლა, -დედა აღარ არისო.  ახლაც, თვალს რომ დავხუჭავ, ფირივით გაირბენს ხოლმე კადრები, - როგორ მიერეკება ბებიაჩემი ხევისკენ სამ ჭინკას, მერე უცებ შიში უდგება თვალებში, (როგორც სიკვდილის წინ) ჭინკებიც ამჩნევენ მის შეშინებულ თვალებს და ჯაბნიან. აკი, ამბობდა, ჭინკები ისეთები არიან, შიში თუ შეგატყეს დაგიბრიყვებენო, ეტყობა ჭინკებმაც დაინახეს მისი შეშინებული თვალები და ხევში გადაიყოლეს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები