ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
თავი მეორე როგორც იქნა გათენდა ქალბატონი ელენას საყვარელი კვირადღე. კვირა განსაკუთრებულად უყვარს ქალბატონ ელენას, იგი კვირიდან კვირამდე ცხოვრობს. წმინდა მსახურება თერთმეტ საათზე იწყება. ელენა, დოქტორი ფედერიკო და მატეო ცხრა საათის მერე გადიოდნენ სახლიდან. კათედრალში ფეხით მიდიოდნენ, ელენას დაჟინებით. ელენა განსაკუთრებულად ემზადებოდა საკვირაო წირვისთვის; მოკრძალებულად იმოსეობდა, მაგრამ სხვა დღეებთან შედარებით გამორჩეულად. ბოლო რამდენიმე კვირაა მატეო ფეხების მეხსიერების წყალობითა და დედის სურვილით დადის საკვირაო წირვაზე. აქამდე ძალიან უხაროდა, მაგრამ ამ ბოლო დროს გულს ვერაფერს ვერ უდებს. მოღრუბლული ამინდია, ოდნავ ცივა კიდევაც. გასაკვირი არცაა, ახლა ხომ გვიანი შემოდგომაა. სამივენი ჩაუყვნენ ქვაფენილიან აღმართს. სინამდვილეში ახლა ის დაღმართია, მაგრამ ბევრ უცნაურობასთან ერთად, ქვაფენილიან აღმართს ერთი ასეთი უცნაურობაც სჭირს, არ აქვს მნიშვნელობა რა მიმართულებით მიდიხარ, ის ყოველთვის ქვაფენილიან აღმართად რჩება, ყოველშემთხვევაში ჩიხის მოსახლეობას არასდროს უთქვამს „დაღმართზე ჩავდივარო“, ამბობენ „დაღმართზე ავდივარო“, თუნდაც ქვემოდ ჩადიოდნენ. ჩქარი, მწყობრი ნაბიჯებით ჩადიან აღმართზე. მატეო მოულოდნელად გაჩერდა, თვალები დახუჭა, ნესტოები გაუფართოვდა ღრმად დაიწყო სუნთქვა. დიახ, ზუსტად ოთხას სამოცდამეექვსე ნაბიჯზე იყვნენ. -რა გჭირს მატეო? - ელენამ გაკვირვებული და შეშინებული ხმით ჰკითხა. მატეო დუმს. ის თიტქოსდა სხვა სამყაროშია. -მატეო? - ოდნავ ხმას აუწია ელენამ. -რა? - გონს კარგად ვერ მოეგო მატეო, თითქოსდა ღრმა ძილში მყოფი უეცრად გამოაღვიძესო. -რა გემართება? -ა, არაფერი, უბრალოდ... - დაიბნა მატეო. -ელენა, დაიღალა ბავში. - დაბალი ხმით უთხრა ფედერიკომ. -რამ დაღალა? - მჭახე სახით შემოხედა ქმარს, იმის მანიშნებლად რომ საუბარში მისი ჩართვა სრულიად უადგილო იყო. ისევ დადუმდნენ. მატეო ოდნავ შემფრთხალი იყო, გული გამალებით უცემდა. როგორც იქნა მიუახლოვდნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის სახელობის კათედრალს. ელენამ ღრმად ჩაისუნთქა, თავი მოიდრიკა და პირჯვარი გადაიწერა; თითქმის იგივე გაიმეორა დოქტორმა ფედერიკომ, მატეო კი უცერემონიოდ შევიდა კათედრალში. ელენა მაღალი რელიგიური სიამაყით, რომელიც არარელიგიური სიამაყისგან, ცხადია, მისი აზრით განსხვავდება, მარმარილოს ფილებზე მკაცრი ნაბიჯებით მიაბიჯებდა და წინა რიგში დაიკავა ადგილი. კათედრალში, როგორც ყოველთვის, ტევა არ იყო. საკმევლისა და სანთლის სუნში მატეო მესამე, საზარელ სუნსაც გრძნობდა; ისეთს, როგორსაც ქვაფენილიანი აღმართის მაცხოვრებლები გამოყოფენ ხოლმე, ან ისეთს, მისი აზრით, როგორი სუნიც ასდის კვირადღეს. მრევლი რელიგიური სიამაყით ცდილობდა დემონსტრაციულად ეჩვენებინა თავისი უპირატესობა, რომ ისინი აქ არიან, როგორც რჩეულნი, სუფთა და წმინდა სულისა და გულის მქონენი, აღმატებულნი. მატეო დედმამის შუაში იჯდა. ელნა გამართული, გაშლილი ზურგით იჯდა, პირდაპირ თვალებში უყურებდა პადრეს და ივსებოდა ნეტარი წყალობითა და ღვთის მადლით, რომელიც ჯერ პადრეზე გადმოდიოდა, ხოლო პადრე კი ამ მადლს ელენასაც უნაწილებდა. ელენას კი არა მთელ მრევლს. დოქტორი ფედერიკო მოხრილი ზურგით იჯდა, თვალებით ხან მარმარილოს ფილებს აკვირდებოდა, ხან ქანდაკებებს, რომლებსაც ისედაც ძალიან კარგად იცნობდა უმცირეს დეტალამდეც კი. მატეო ვერ ეტეოდა ერთ ადგილას. ცდილობდა ყურადღება მოეკრიბა და მთელი მისი გონება ლოცვებისაკენ მიემართა, მაგრამ მისი ფიქრები ამის საშუალებას არ აძლევდნენ. ეგონა, თითქოსდა ჰაერი არ ყოფნიდა, მძიმედ სუნთქავდა. პადრე ლუკამ წმინდა წირვა ჩაატრა, ზიარების საიდუმლოც სულიწინდის მადლითა და წყალობით აღასრულა და ქადაგებისთვის მოემზადა. მთელს კათედრალში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. ისეთი სიჩუმე, რომელიც გაჰკიოდა და მატეოს ყურებს სტკენდნენ. სიჩუმე გამჭოლი ხმით გაჰკვეთა პატრე ლუკას ხმამ. -ქრისტესმიერ საყვარელო დანო და ძმანო, - დაიწყო მან და მისი ხმა მოეფინა მთელს კათედრალს, როგორც ზარების ხმა. - დღეს, მე მინდა ვისაუბრო ძალიან მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხზე; იმაზე თუ რა კლავს სულს, რა გვაშორებს ღმერთს, რა ანადგურებს ადამიანს. ცოდვაზე, რომელიც ეწინააღმდეგება ღმერთს, მის ბუნებრივ ჰარმონიას, ცხონებისკენ მიმავალ გზას, საკუთვრივ ბუნების ბუნებრივ მდგომარეობას, რომელიც გვისახსოვრა, ჩვენ, ყოვლისშემოქმედმა. - გადაშალა ევანგელე, სათვალე გაიკეთა და დაიწყო მთრთოლვარე ხმით კითხვა. – „ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს, ვინაიდან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი არაბუნებითით შეცვალეს. ასევე კაცებმაც მიატოვეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი და გულისთქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სასირცხვოს და მიიღეს თავიანთი ცთუნების საკადრისი საზღაური.“ პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ 1:26-27. -ღმერთმა დაგვიფაროს! - შეშფოთებული ხმით წარმოთქვა ელენამ და პირჯვარი გადაიწერა. მატეომ თავის მიუბრუნებლად, მხოლოდ თვალების განზე გაწევით შეხედა დედას. -პავლე მოციქულის სიტყვები, - განაგრძო ქადაგება, - ისეთივე ნათელია, როგორც მზიანი დღე! ყოვლისშემოქმედმა შექმნა კაცი და ქალი, რათა ისინი ყოფილიყვნენ ერთი მთლიანობა. სიყვარული, რომელიც ახარებს ღმერთს, არის ისეთი სიყვარული, რომელსაც მოაქვს ახალი სიცოცხლე, რომელიც აერთიანებს ქალსა და კაცს ჯვრისწერის წმინდა საიუდუმლოთი. ყველაფერი რაც ამას ეწინააღმდეგება, არის ცოდვა! მოძღვარმა ღრმად ამოისუნთქა, ოდნავ შეყოვნდა, რათა მრევლისათვის მცირედი დრო მიეცა წარმოთქმული ქადაგების გასააზრებლად. -კიდევ მოგახსენებთ, დანო და ძმანო, - განაგრძო მან, - „ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.” (1 კორ. 6:9-10) კათედრალში მღელვარებამ იმატა, ზოგმა მოძღვარს მზერა მოაშორა, ზოგმა უჩუმრად გარდისახა პირჯვარი. მატეოს შუბლი შეეცვარა. ელენა უფრო გამეტებით და ხშირ-ხშირად იწერდა პირჯვარს, დოქტორი ფედერიკო კი საერთოდ არ უსმენს პადრეს, თავის სამყაროშია, მაგრამ თითქოსდა ინტერესიანი თვალებით შესცქერის მას. -ჰომოსექსუალიზმი - ეს მხოლოდ შეცდომა როდია, - თითქოს როლში შევიდაო, უფრო პათეთიკურად და ჰიპნოტური ხმით აგრძელებდა ქადაგებას, - ეს მიზანმიმართული ბრძოლაა უფლის ნების წინააღმდეგ! ეს არის მისი უარყოფა! ეს არის საშინელი და საზარელი მცდელობა, საკუტარი ტავის მაღლა დაყენებისა, ვიდრე ყოვლისშემოქმედის ნებაა! მოძღვარმა თავი ოდნავ დახარა და სათვალეების ზემოდან მთელს დარბაზს მოავლო თვალი, რომელიც სულშიცამწვდომი და განმსჯელი მზერის შთაბეჭდილებას ტოვებდა. -მაგრამ ჩვენ, - პადრემ ტონი ოდნავ შეარბილა, - აქ იმიტომ არ შევკრებილვართ, რომ ვინმე განვსაჯოთ, განვიკითხოთ! არა! ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ შევისმინოთ და შევიგრძნოთ ღვთის გულმოწყალება! ჩვენი ღმერთი დიდია, როგორც სიყვარულით ისე შენდობით! ძალიან მძიმე ცოდვებიც კი შეიძლება მიტევებულ იქნენ თუ ადამიანი მთელი გულით მოინანიებს! მან ისევ გადახედა მრევლს, თითქოსდა თვალებით ეძებდა მას, ვისაც სჭირდებოდა დახმარება და ვისაც მიემართებოდა ეს ქადაგება. პადრე ლუკამ ხელი ასწია და საჩვენებელი თითი მის უკან, საკურთხევლის ცენტრში მდგარი ჯვარცმული ქრისტეს ქანდაკებისკენ მიმართა და განაგრძო: -ყოველი ჩვენგანი ცოდვილია! ყოველ ჩვენგანს სჭირდება დახმარება! მაგრამ, - მისი ხმა ისევ გამკაცრდა, მენტორული გახდა, თითქოსდა იმპერატორის ტახტზე მჯომდი ქვეშერდომებს მიმართავდა, - მონანიება მხოლოდ სიტყვა არაა! ის ქმედებაა! ეს ცოდვის უარყოფაა! ელენამ ხელები შეკრა, ისე როგორც ლოცვისას კრავენ ხოლმე, თვალები დახუჭა და ბუტბუტი დაიწყო, ლოცულობდა, ტუჩებს ამოძრავებდა. მატეოს ხელები გაუოფლიანდა, თავს აქეთ-იქით ატრიალებდა. დოქტორი ფედერიკო, რომელიც, ძირითადად, არც არასდროს უსმენდა პადრე ლუკას ქადაგებებს, მის ჰიპნოტურ ხმას დაეტყვევებინა და ჩაფიქრებული თვალები პირდაპირ მიეპყრო მქადაგებლისაკენ. -ქრისტესმიერ საყვარელო დანო და ძმანო, - მშვიდი ხმით განაგრძო ქადაგება, - თუ თქვენს შორის არის ვინმე, ვინც ამ ცოდვას ებრძვის, ან არ ებრძვის, მაგრამ ამ ცოდვას ჰყავს დატყვევებული, გახსოვდეთ, ღმერთი გელოდებათ თქვენ და შანსს გაძლევთ! იჩქარეთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, - ამ დროს პადრეს თვალები ზიზღითა და პატივმოყვარეობით აივსო, კი არ ლაპარაკობდა, ყვიროდა, - ჯოჯოხეთის კარიბჭე გაიხსნება თქვთვის და მარადიული ცეცხლი და მარადიული წამება გელით! მოხვდებით იქ, სადაც უფლის ხელი არ არის, არც მისი მზერაა! ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიხრუკებით! - ეს უკანსკნელი ფრაზა ისეთი აღტკინებით წარმოსთქვა, გეგონებოდათ რომ მასაც ეს სურდა. ქადაგების დასასრულს ყველამ ერთხმად ადიდა უფალი და პირჯვარი გადაიწერეს. ელენამ მატეოს ხელი აიღო და თავისი მტევნების ქვეშ მოიქცია. -ხომ ხედავ, მატეო, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ღვთის სიტყვის მოსმენას! - მრავლისმთქმელი ხმით უთხრა მატეოს. -ღვთის სიტყვას? - ჩაეკითხა მატეო. -დიახ, ღვთის სიტყვას! - ოდნავ მცარი ტონით მიუგო ელენამ. -აჰამ, გასაგებია. - ცბიერად ჩაისუნთქა მატეომ. -მატეო! რა გემართება? - მკაცრი ტონით ჩასჩურჩულებს ყურში. - ცოტა ხანს მოიცადე, პატრეს დაელაპარაკე. -რა? - აღშფოთდა მატეო. -რაც გაიგე! - ელენამ კრიჭაშეკრულმა გაუმეორა მატეოს. -დღეს არა. -რატომ? -ისე, უბრალოდ, დღეს არა. თან დღეს ჩემთვის არ ეცლება ლუკას. -პადრე ლუკას! - სასწრაფოდ ჩაუსწორა ელენამ. -ჰო, პადრე ლუკას არ ეცლება დღეს ჩემთვის, ამდენი ხალხია, ყველას რაღაც აქვვს მისთვის სათქმელი. სხვა დროს მოვიდეთ. -ჰმ... მართალი ხარ! - ელენას მოეწონა მატეოს აზრი და თავზე ხელი გადაუსვა. უკანა გზაზე დოქტორი ფედერიკო, როგორც ყოველთვის, დუმდა, ქვემოთ იყურებოდა და ისე მიდიოდა; მხოლოდ ერთხელ ესროლა მოკლე მზერა შვილს, რაღაც უცნაური თანაგრძნობით სავსე მოკლე მზერა. მატეო ისევ შეჩერდა და იგრძნო ღმერთის არსებობა, დიახ, ქვაფენილიანი აღმართის ზუსტად ოთხას სამოცდამეექვსე ნაბიჯზე, მაგრამ დიდხანს არ შეყოვნდა, ელენასთვის ეჭვი რომ არ აღეძრა. სახლში დაბრუნებისთანავე ელენა სამზარეულოში შევიდა სადილის მოსამზადებლად, დოქტორი ფედერიკო სამუშაო კაბინეტისკენ წავიდა, მატეო კი თავის ოთახში შევიდა. ვერც სკამზე დაჯდა, ვერც ჩამოწვა; ძალიან აღელვებული იყო. ჩაიმუხლა, თავით კი ლოგინზე დაემხო, ყურებზე ხელები აიფარა, მაგრამ მაინც ჩაესმოდა პადრეს სიტყვები „ცოდვის შვილი!“, „გულისამრევი არსება!“, „ღვთის გმობა!“, „დასარული - ჯოჯოხეთია!“ თითოეული სიტყვა იყო ისეთივე ძალისა და ტკივილის, როგორც ბასრი დანის გაყრა. მატეო წამოდგა, სარკეს მიუახლოვდა და თავის ანარეკლს შეხედა; საკუთარ თავს უყურებდა და ვერ ცნობდა, სახე თითქმის წაშლილი ჰქონდა, თავლები კი სიცარიელით სავსე. -ეს ვინ არის? ეს მე ვარ? - სახეზე აცახცახებული ხელები მიიდო. - რატომ? - ჩაიჩურჩულა მატეომ. - რატომ არის ეს ცოდვა? მაგრამ პასუხი არ ჩანდა. ყრუ სიჩუმეს დაეპატრონებინა მატეოს ოთახი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|