ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამ მებუკე
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2025


* * *

სადაც დავსახლდები,
დარდი უნდა გამოვრეცხო ყველა
თოკიდან,
ფანჯრის რაფიდან,
ყველაზე ბასრი დანის პირიდან.
თაფლის წუმპეში იბადებიან უჟანგბადო ტარაკანები,
შველას მთხოვენ.
წყლის ჭავლს მივუშვებ გასაქრობ სიტკბოს -
სული რომ აღარ შეეწებოს,
აღარ მიეკრას.
შარავანდედზე ამოვკაწრე წმინდანს
შენი ღმერთის სიკვდილი,
გაგაგებინოს ყვირილით,
ღრენით,
რომ სადღაც შენით ჩამორეცხილ თოკზე კიდია
და
გელოდება -
სამოთხეში გარეშე პირებს  არ შეუშვებენ.
იქნებ კაბას და სხეულს შორის შემოგეპაროს,
სუნთქვით გიორთქლოს ღრენით ლოცვისას მიღებული ყველა ნაკაწრი.
მუცელდასერილს აგამღერებს:
„შენ,
ჩემნაირო ღმერთო,
ორივეს გვაწვიმს,
მწარე ყელსაც ერთდროულად ვიშუშებთ ნერწყვით,
ორივე თვალი მომაპყარი,
ისე, რომ ქვემოთ დამაბრუნო და ისევ მომკლა,
შემაშინო.
დღეს კაცები ბევრს ტირიან დაუბადებელ ქალებზე
და
შენ ცოცხალს ხუთი ყულფი ერთად გაანასკვინე:
ორი ხელებს,
ორი ფეხებს
და
ერთიც სიტყვას,
ტვინში მკვდარ და ჩამხრჩვალ სიტყვებს.
მე და ჩემი ღმერთი ერთნაირები ვართ,
ორივეს მაჯებს, კოჭებს,
სიტყვებს სილურჯე დაკრავს.”
ამიტომ,
სადაც დავსახლდები,
დარდი უნდა გამოვრეცხო
თოკიდან,
ფანჯრის რაფებიდან,
ყველაზე ბასრი დანის პირიდან -
სავარაუდო სიკვდილიდან,
სადაც შეგეძლო,
შეგძლებია,
გამოგივიდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები