ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კომედიანტი
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2025


ვერ ვთქვი



უშგულის სევდა დაჰფენია სახეზე მახშვებს,
რჯულის კანონი დარღვეული ზავია ბეთქილ...
თვალებ  დათხრილის მდუმარებას წყვდიადი ახელს,
არ მიყვარხართქო როგორ მეთქვა ხო და მე ვერ ვთქვი...

იქ წადი სადაც თოვლზე მეტად ზამთარს ელიან
ყელზე ყულფივით მოიჭირე ქვა ყორე- "ჰოშმილდ"....
ღამე ჭინკები გალეწავენ გამხმარ ლელიანს,
ააგორებენ ხეკორძულებს მკლავივით მოჭრილს.

ბეთქილ, კლდის დარდი ჩაჰყოლიათ მძინარე შუნებს...
ვოი, ლოდებზე  დალეწილი მაჯების მადლმა...
სხვისი იყავ და მისი ბედი არასდროს მშურდეს,
ჩემი იყავ და გადარიოს სხვა ქალი დარდმა...

ჩრჩილმა შეჭამა გაბზარული საკურთხი ტაბლა....
ფერდჩაცვენილი  ჯაგლაგები საფლავებს ძოვენ...
ან მე არავინ არ მინდოდეს
ბედქილ შენს გარდა,
ან შენში მარად ჩემეული სურვილი ძრწოდეს...

სიკვდილი მარცვლის გადაფხეკილ ძვლების კამათელს,
ცეცხლს ცეცხლით ვაქრობ გაღვივებულს ქარით ესოდენ,
როცა ათასი ზამთრის სევდა ჩემს თმებს დაათოვს,
არ მიყვარხართქო მინდა ვთქვა და შენ ეს  გჯეროდეს.

გადაანგრევენ ქარიშხლები ზვავებით თეთნულდს,
და მირანგულას იმღერებენ მთაში სვანები
ტყის ქალღმერთივით მოღალატე, შენ ასე ერთგულს,
გეტყვი რომ მაინც ვერასოდეს შეგიყვარებდი...

ხავსი დაალპობს სახურავებს თავებ გაპობილს,
ნასახლარებზე გაექცევა ვაზი  ხარიხას,
უბედური ვარ როცა ხარ და მაინც არ მყოფნი,
ბედნიერი ვარ,რომ არ ხარ და ჩემთან მგონიხარ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები