ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
13 მარტი, 2025


ლილე და გულწითელა

ლილე და გულწითელა
პატარა ლილეს საწოლი ფანჯარასთან იდგა. გაღვიძებული ჯერ ცას ათვალიერებდა, მერე ფანჯრიდან დანახული პეიზაჟით დატკბებოდა და მხოლოდ ამის მერე ადგებოდა ხოლმე.
ერთხელ დილით ადრე ლილე კაკუნმა გააღვიძა. გაიხედა ფანჯარაში და გაოცდა. ფანჯრის ლავგარდანზე გულწითელა დახტოდა და მინაზე აკაკუნებდა. ლილე ადგა თუ არა, ჩიტი გაფრინდა და შორიახლო ხეზე ჩამოჯდა. როგორც კი გოგონა დაწვა, ჩიტი ისევ ჩამოფრინდა, ისევ ლავგარდანზე ხტუნვა და კაკუნი დაიწყო.
- დედა! - დაუძახა  მეორე ოთახში მოფუსფუსე დედას ლილემ. - პურის ნატეხი მომიტანე რა.
- მოგშივდა ლილეკუნა? - ღიმილით შეეკითხა დედა და კარაქიანი პურის ნაჭერი მიწოდა. როგორც კი დედამ კარი შემოაღო, ჩიტუნამ ხეზე გადაინაცვლა.
- არა დე, მარტო პური მინდა, ნახე, იმ ხეზე რომ გულწითელა ზის, მინაზე მიკაკუნებდა. იმას მინდა დავუყარო.
დედამ ეჭვით გახედა ჩიტს, მაგრამ არაფერი უთქვამს, გავიდა და ლილეს პურის ნაჭერი შემოუტანა. ლილემაც ფანჯარა გამოაღო და ლავგარდანზე პურის ნამცეცები დაყარა. გულწითელა შორიდან ადევნებდა თვალს, თან ტოტზე  მოუსვენრად დახტოდა. როგორც კი ლილემ ფანჯარა დახურა და ისევ დაწვა, ჩიტი ჩამოფრინდა, ნამცეცების აკენკვა დაიწყო და შიგადაშიგ მინაზეც აკაკუნებდა. ცოტა ხანში ლილე ადგა და ჩიტმაც ხეზე გადაინაცვლა. იმ დღის მერე ყოველ დილით სტუმრობდა გულწითელა ლილეს. როგორც კი კაკუნის ხმა გოგონას გააღვიძებდა, დგებოდა და წინასწარ პურის გამზადებულ ნამცეცებს ჩიტუნას უყრიდა. ისიც კენკვას იწყებდა და არც ლილესთვის მინაზე მიკაკუნება ავიწყდებოდა.
გაზაფხულდა. დათბა. ჩიტი ისე გათამამდა, რომ როცა ლილე ფანჯარას გამოაღებდა, უკვე აღარ ეშინოდა და იქვე დახტოდა. ერთ დღესაც გულწითელამ ნამცეცებს არც კი მიხედა, აკაკუნა და აკაკუნა ფანჯარაზე.
- რა იყო ჩიტუნა? რა ხდება? - მოფერებით ჰკითხა ლილემ და ფანჯარა გამოაღო. გულწითელამ შეიფრთხიალა და ფანჯარაში შემოფრინდა. ოთახს წრე დაარტყა, დაიჭიკჭიკა, თითქოს მადლობა უთხრაო და გაფრინდა. შემდეგ დღეებში გოგონა უკვე ფანჯარას ღიად ტოვებდა. ჩიტი ჯერ მაინც მინაზე დააკაკუნებდა, თითქოს შემოსვლის ნებას ითხოვსო, შემდეგ შემოფრინდებოდა, ისევ წრეს დაარტყამდა და მერე მხიარული გაფრინდებოდა. ლილე ისე შეეჩვია ფრთოსანს, რომ ყოველ დილას საყვარელი მეგობრის გამოჩენას სულმოუთქმელად ელოდებოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები