ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამ მებუკე
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2025


* * *

დაღლილ ქალივით არავინ მივა ხატთან,
რომელიც დედაჩემმა ჩემთვის იყიდა.

* * *
კვირის წირვაა.
ბრმა მეძავი ირჩევს წმინდანს და სახეს უშვერს.
მიყურე შენი ორი თვალით:
მე წინ გიდგავარ.
ორივე ყური მომაპყარი და შეისმინე:
არ გამაკარო შორ წყლებს და ბორცვებს,
არ გამაკარო ქვაფენილებს.
(მწარე ყელში დაგროვებულ კვამლს აბოლებს უმისამართოდ)
თითქოს არაფერი გარდაუვალი -
ვიბადებით ცხელი მუცლიდან
და
გამუდმებით მტვერს ვაღებინებთ.
ბოლო დღეებში მდინარეს მკვდარი თევზები მოაქვს.
ნაპირზე სიგრძის მიხედვით ვაწყობ.
წეროები მოაკითხავენ? - გეკითხები
და
რა თქმა უნდა, არაფერს ამბობ.
შენ ასე გესმის,
წმინდანს თვალებში უნდა უყურო,
რომ რაღაც გითხრას, მიგანიშნოს.
სულიერი წონასწორობა -
ჯანდაბას შენი ორი შვილი და
უპასუხო შეკითხვები.
სახლსაც ვიმსგავსებ -
კოლტებს ვიშორებ სხეულიდან,
აგურებივით მცვივა სიტყვები.
აი, ასეთი იქნებოდნენ ჩემი შვილები,
ნაპირზე გამორიყული თევზები,
ნაოჭიანი სახის შეხებაზე აიმღვრეოდნენ.
ძილის წინ ლოცვას ვასწავლიდი.
შენზე ალბათ მოვატყუებდი -
რამის იმედი მაინც ჰქონოდათ
ჩემს ბრმა შვილებს, ჩემს შუშისთვალებიან თევზებს.
შენ ისევ დუმხარ.
შვილო ჩემოო,
შენ მაგივრად გაიძახის ვიღაც,
არადა
კვირის წირვაა
და
სახეს გიშვერ -
დამალობანას მეთამაშები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები