ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
30 მარტი, 2025


სიყვარული მთებში

ნაწილი 2

- სად მიდიხარ - მომაძახა დალიმ.
- ზემოთ. იქ ციყვებმა იციან ხეებზე სირბილი.
- მეც დაგემგზავრებით - თანხმობისთვის არც დაუცდია, ისე გამომყვა ლადო. მართალია, ციყვები ვერ ვიპოვეთ, მაგრამ მათ  სახეობებზე, ჩვეულებებზე და გავრცელების სიხშირეზე ბევრი რამ მიამბო ლადომ.
- ეჰეი, არ მოდიხართ - დაგვიძახა ქვემოდან საბამ. ნელ-ნელა ჩამოვდი. მეშინოდა, ფეხი არ გამსრიალებოდა ხმელ წიწვებზე, თუმცა უშედეგოდ. ვითომ მოზომილად გადადგმული მარჯვენა ფეხი ამისრიალდა და რომ არა ლადოს სწრაფი რეაქცია, ალბათ გავიშხლართებოდი. მან ხელი მტაცა და ძალაუნებურად ჩავეხუტე, რომ არ დავცემულიყავი. გავწითლდი, მან არაფერი შეიმჩნია, წინ წავიდა, ისე რომ ჩემთვის ხელი არ გაუშვია, სანამ სწორ ადგილამდე არ ჩავაღწიეთ.
- არ მოგშივდათ- იკითხა საბამ. იქით, ახლოს ნორმალური კაფეა. გეპატიჟებით.
- უფ, რა კარგია. მეც მშია - დაუმორცხვებლად დაეთანხმა დალი.
- მე არ მშია, გმადლობთ. მირჩევნია სახლში წავიდე, გამოვიცვალო და დავისვენო - ვიუარე.
- კარგი რა, ნია. ვჭამოთ და მერე დავისვენოთ. -მთხოვა დალიმ
- არა, მე არ მინდა, შენ თუ გინდა, დარჩი. ბინას მოაგნებ - ჯერ კიდევ არ გაევლო წყენას.
- რა გაეწყობა - ჩაიბურტყუნა დალიმ - წავიდეთ. საღამოს პარკში გამოვალთ - დაუბარა საბას და გამომყვა.
ბინამდე ხმა არ ამომიღია. დალიც ჩუმად მომყვებოდა. ეტყობა მიხვდა, რომ ნაწყენი ვიყავი.
- კარგი რა, ნია. ეს ისე, ჩემდა უნებურად გითხარი. რა მოხდა მერე.
- არაფერი ისეთი, მაგრამ...
- კარგი ახლა, ბუტია პატარძალივით ნუ ხარ - მომეხვია და მაგრად მაკოცა. მეც გამომიკეთდა გუნება. სანამ მე დუშს ვიღებდი, დალის კვერცხი შეეწვა, ყავა მოედუღებინა და გაშლილ სუფრასთან მელოდა.
- დალი, მოგწონს საბა?
- ძალიან.
- მერე ირაკლი? აკი ამბობდი, მიყვარსო.
- მიყვარდა მეგონა. საბა უფრო საინტერესო ჩანს.
- გოგო, ორ დღეში როგორ დაასკვენი, რომ ირაკლის საბა ჯობია?
- ჯერ არაფერი დასკვნა არ გამომიტანია. უბრალოდ, საბასთან მშვენივრად ვგრძნობ თავს. ვნახოთ, რა იქნება. ირაკლი სად გარბის რო? - მომიბრუნდა ჩაფიქრებული.
- შენ? შენ რას ფიქრობ ლადოზე?
- არ ვიცი, რა ვიფიქრო? ჭკვიანი, სერიოზული, განათლებული, კარგად აღზრდილი ბიჭია. მეტი რა?
- ვერც მან შეარხია შენი გულის სიმები, შე უკარებავ, შენა - გაეცინა დალის.
- ჩემს გულში ასე ადვილად ვერვინ შეაღწევს - ავყევი მეც და ცხელ ყავას სული შევუბერე.
- იქნებ, მოხდეს სასწაული. კარგი ბიჭი ჩანს ლადო, შანსი უნდა გამოიყენო. ბებიაჩემი მეუბნება, ღმერთი რომ შანს გაძლევს, არ უნდა აუარო გვერდი, თორემ იქნებ მეორედ აღარ მოგცესო - დამმოძღვრა დალიმ.
დარჩენილი ოცი დღე ერთად გავატარეთ. ფაქტიურად, მარტო დასაძინებლად მივდიოდით სახლებში. ჭამითაც, ხან ჩვენთან ვჭამდით, ხან კაფეში. ფეხით მოვიარეთ ახლომახლო ყველა ღირსშესანიშნავი ადგილი. ვიყავით რაბათში, მწვანე მონასტერში, ზარზმაში, საფარაში. განსაკუთრებული შთაბეჭდილება ვარძიიდან და ვანის ქვაბებიდან დამრჩა. ეს არის ადამიანის ხელით შექმნილი საოცრება, ყარმონია, სრულყოფილება. გული მომიკვდა მონაზვნის წარწერის გამო : "თოთხმეტი წლის აღმკვეცეს მონაზვნად, აქვე შევსრულდი სამოცდათოთხმეტის. რა ლამაზი იყავი, ბიჭო!"
ვინ იცის, როგორ უყვარდა. იძულებით ჩაკეტეს მონასტერში და იქნებ დღეებს მასზე ფიქრით ილამაზებდა. ვანის ქვაბებში ბოლო სართულზე ჩაშენებული ეკლესია ჩიტის ბუდესავით მოჩანდა.
ნელ-ნელა შევუყევით ტერასებს. ცოტა გავიარეთ თუ არა, დალი აწუწუნდა: მე იქ ვერ ავალ. იმ სიმაღლეზე რა გვინდა, მე მეშინია.  ჯერ ვემუდარე, რომ წამოსულიყო, მერე გავბრაზდი მის ხუშტურებზე.
- კიდევ როდის მოხვდები აქ? აქ ხარ და ის საოცრება არ ნახო, დანაშაულია. ბრძანდებოდე. მე აუცილებლად უნდა ავიდე.
- რაა ისეთი განსაკუთრებული? ჩვეულებრივი პატარა ეკლესიაა.
- ჩვეულებრივიც რომ იყოს, ავალ. შენ კი, სად ნახე ამ სიმაღლეზე ქვაში ნაკვეთი ეკლესია. მით უფრო ვეფხისტყაოსნის ტაეპებით დამშვენებული კედლებით?
- მე მეშინია - გაჯიუტდა დალი. უთქმელად შევბრუნდი და ავუყევი ბილიკს. ლადო გამომყვა. საბა კი იძულების წესით დალისთან დარჩა. ბილიკი ზოგან ისეთი წვრილი იყო, ერთი კაცი ძლივს გაეტეოდა.
- მე წინ წავალ, თუ რამე, დაგეხმარები - შემომთავაზა ლადომ. დალიზე გაბრაზებულმა ჯერ გაჯიუტება გადავწყვიტე, მერე შემრცხვა. ლადო რა შუაში იყო. გავიწიე და წინ გავატარე. შემდეგ სართულზე სავალი გაფართოვდა. რკინის მოაჯირს მაგრა ჩავეჭიდე და გარემოს თვალიერება დავიწყე. ულამაზესი სანახაობა იშლებოდა. დალი და საბა ქვევით, ლოდზე ისხდნენ და მონდომებით ხელს გვიქნევდნენ. ნელა მივიწევდით ეკლესიისკენ. თითქმის ბოლოში ასაძვრომი ხვრელი დაგვხვდა.
- ახვალ? მე ავიდე და ხელი გამოგიწოდო, თუ ასვლაში მოგეხმარო? - მკითხა ლადომ.
- ადი, მაგრამ დახმარება არ მინდა, არც ისეთი მოუქნელი და მოუხერხებელი ვარ, აქ ვერ გავძვრე - უკმაყოფილოდ ჩავიბურტყუნე.
- ეს არც კი მიგულისხმია. უბრალოდ, ჯენტლმენური მოვალეობაა - გაიცინა ლადომ და ხვრელში გაძვრა. მეც მივყევი. ცოტა კი გამიჭირდა, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე. როგორც იქნა, მივაღწიეთ ეკლესიას. ულამაზესი სანახაობა გადაგვეშალა თვალწინ. მთელი ხეობა, ვარძია ხელისგულივით ჩანდა, დალი და საბა წერტილებივით.
- როგორ შეიძლებოდა ამის არ ნახვა - აღმომხდა აღფრთოვანებულს.
- თუ სიმაღლის შიში აქვს, რა ქნას? - გამოექომაგა ლადო. - ისე, დიდად არ საბას იზიდავს სიმაღლეები.
- თუ ასეა, მიხარია. ვწუხდი, საბას რომ მოუწია დარჩენამ.
ეკლესიაში შევედით. ლადო ჩემზე წინდახედული აღმოჩნდა. სანთლები შემოენახა. კიდევ კარგი, ასანთი დაგვხვდა.
- ამბობენ, აქ რასაც ჩაიფიქრებ, აგისრულდებაო - მითხრა ლადომ და სანთელი აანთო.
- საინტერესოა. აბა, ყველაზე სანატრელი რამ უნდა ჩავიფიქრო - ვთქვი და მეც სანთელი ავანთე.  კედლებზე წარწერები წავიკითხეთ. კარგა ხანს მიდამო ვათვალიერეთ და სანთლები რომ ჩაიწვა, ქვევით დავეშვით.
დღეები შემოგვადნა ხელში და დადგა ჩვენი გამგზავრების დღეც. დალის არ უნდოდა წასვლა. ბიჭები კიდევ ხუთი დღე რჩებოდნენ აბასთუმანში.
- დავრჩეთ რა, ნია. ფულს გამომიგზავნიან. ნახე, როგორ მოგვიხდა ორივეს აქაურობა, დროსაც რა კარგად ვატარებთ. დავრჩეთ რა. - მაგრამ მე არ დავეთანხმე. რაღაცნაირად, ისე ჩანდა, რომ საბასა და ლადოს ხათრით ვრჩებოდით, ეს კი ჩემს თავმოყვარეობას ლახავდა.
საბა მალევე გამოუტყდა დალის სიყვარულში. დიდად დალისაც არ უუარია, ისიც საკმაოდ გატაცებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ სულ ვგრძნობდი ლადოს მხრიდან რაღაც იმპულსებს, უცნაურ, ცეცხლოვან შემოხედვას, მას სიტყვით არაფერი უთქვამს. მე? მიუხედავად იმის მტკიცებისა, რომ ჩემს გულს ასე ადვილად ვერავინ დაიპყრობდა, ლადოზე ფიქრმა მოუშორებლად დაიდო შიგ ბინა. მე არ ვიცოდი, ეს მართლა სიყვარული იყო, თუ მისით მოხიბვლა. ვფიქრობდი, თუ გატაცება იყო, თვალი თვალს რომ მოშორდებოდა, მალევე ჩანავლდებოდა ალი, თუ სიყვარული...მაშინ უკვე აღარ ვიცოდი, რა მექნა.
- ისეთი უკარება ხარ, ისე იქცევი, ბიჭი შეაშინე, დათრგუნე და ვერაფერს გეუბნება - მსაყვედურობდა დალი.
- აბა, სულ ჩემი შიშით კანკალებს. - არ ვეპუებოდი მე.
ხვალ მამა ჩამოვიდოდა და წაგვიყვანდა. მეც მენანებოდა აქაურობის დატოვება, მაგრამ არ მინოდა დალის ეს ეგრძნო.
დილით ბიჭებმა მოგვაკითხეს. ორივეს მინდვრის ყვავილების თაიგული ეჭირა. ლადოს ფიჭვის წიწვებითაც მოერთო და უფრო ორიგინალურად გამოიყურებოდა. მამა გაეცნო ვაჟებს. სანამ ჩვენ ჩავბარგდებოდით, მათ ათას რამეზე მოასწრეს საუბარი. წამოვედით. მამა აქებდა ვაჟებს. სერიოზული, ჭკვიანი ახალგაზრდები არიან , დღევანდელ თავქარიან ბიჭებს არ ჰგვანანო. დალი გახარებული ცქმუტავდა. დარწმუნებული ვიყავი, მან არჩევანი საბას სასარგებლოდ გააკეთა.
იმავე საღამოს ლადომ დამირეკა, თბილად მომიკითხა, მითხრა, რომ უჩვენოდ ძალზე მოწყენილია აბასთუმანი.
- მარტო აბასთუმანი? - წავიკეკლუცე მე.
- არა, რა თქმა უნდა, ჩვენც - მეგონა ზრდილობისთვის მითხრა და გულში რაღაც ჩამწყდა. შემდეგ საღამოს მას არ დაურეკავს. საბა კი, ვიცოდი,  ყოველ საღამოს საათობით ესაუბრებოდა დალის.
იმ ხუთმა დღემ სწრაფად გაირბინა. დალიმ მახარა, რომ საბამ იმავე საღამოს ინახულა იგი, ლადოს კი არც დაურეკავს ჩემთვის. გული დამწყდა, დალის სიხარული კი  გავიზიარე.
ერთი კვირა ისე გავიდა, ლადო არ გამოჩენილა. არც დაურეკავს, არც მესიჯი მოუწერია. არ ვიცოდი რა მეფიქრა, რა მექნა. უკვე ვგრძნობდი, რომ ჩემი მხრიდან, ეს უბრალო მოწონება კი არ იყო, მე ლადო შემიყვარდა.
ხვალ ჩემი დაბადების დღეა. დალი თავის ბებიასთანაა სოფელში. ორმა ჯგუფელმა კი დამირეკა, მაგრამ არავის ნახვა არ მინდოდა და ვუთხარი, რომ თბილისში არ ვიყავი.
გათენდა. ასე უხალისოდ არც ერთ დაბადების დღეს არ შევხვედრივარ. თავადაც მიკვირდა, რატომ ვიყავი ასე. არსად მეჩქარებოდა, ამიტომ არ ავმდგარვარ. დედა ბაზარში წავიდა, მამა სამსახურში. მე ჯერ  ისევ ლოგინში ვნებივრობდი. ლადოზე ფიქრი არ მშორდებოდა და გულიც მტკიოდა. სად დაიკარგა, ასე რატომ დამივიწყა. რაღაც იმპულსებს ხომ ვგრძნოდი? ის რა იყო ნეტა? უბრალოდ მოწონება? დალის და საბას რომანი აქტიურ ფაზაში იყო და სავარაუდოდ, დაქორწინებით დამთავრდებოდა. მიხაროდა.
კარზე ზარი გაისმა. ერთჯერ, მეორედ, მესამედ. რა უნდა მექნა, კი მეზარებოდა, მაგრამ ავდექი, სარაფანი უცებ გადავიცვი, თმები ხელით შევისწორე და კარი უგულოდ გამოვაღე.
კარებთან წითელი ვარდების უზარმაზარი თაიგულით სახედაფარული ახალგაზრდა იდგა. ვერ ვიცანი.
- თქვენ... ვინ ბრძანდებით?
მან თაიგული ნელ-ნელა გაწია და მე სიხარულით აღმომხდა:
- ლადო?! - თან ძალიან გამიხარდა, თან მოულოდნელობისაგან დავიბენი.  მივჩერებოდი და ისიც ვერ მოვახერხე, შემომეპატიჟებინა.
- გილოცავ დაბადების დღეს. იბედნიერე. იმედია, შემომიშვებ - გაიცინა, დაიხარა, ლოყაზე მაკოცა და ყვავილები გამომიწოდა. ყვავილები გულზე მივიხუტე და შვებით ამოვისუნთქე. უკვე  მჯეროდა, რომ ჩვენი ურთიერთობა უბრალო ნაცნობობით აღარ შემოიფარგლებოდა.


დასასრული

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები