მე აზადან გოსტაშ ფარვიზი ვარ. ღარიბი შთამომავალი, მდიდარი ფარვიზინებისა: უფლისწულთა, წინასწარმეტყველთა და მესიათა ნანთხევი თესლის; ალაჰჰთა რჩეულნი, რჩეულთაგან. მარა თავად მე, ისე მცნობენ ასტანელები, ვითარცა უსაზიზღრეს ტაიპანს; ათობით ათასი ღორთა მკვლელი - ტაიპანი. არ მომწონს უდაბნო, არ მომწონს დერვიშთა მუდმივი დაიმედება, არ მომწონს ორბთა კრება ჩემ კარ-ფანჯარ-სახლ-სახურავ-ეზომდელ ზღვარზე; ეს კაცი... ეს მამალი ტაიპანი, ხედავ?! კიდევ ცოცხალიაო. არ მომწონს ორბთა სახეთა ცვალებადობა , რომელთა შიმშილთა სიგიჟე იმ ზღვარზე დგას თავ აწეული, დაუფიქრებელი, რომ მჭამონ-მგლიჯონ-მხიონ ცოცხლად. არაფერი მე არ მომწონს ამ გიჟური სპარსეთის, არც ის შუმერთა გაკვალული გზები, რომლისაც მე ვერაფერი გავიგე და არც აქემენებიდან ამოღნავებული სიკვდილი; არც ის ასასსინთა კრედო არ აღმაფრთოვანებს, ჰასან იბნ საბაჰმა ჰაშიშით რომ დაათრო და წმინდა ღვინით გამოფხიზლებულ ჯვაროსნებს მიუქსია. და ამასობაში, ამ სიმხურვალეში, სულთა მხუთავობაში და კიდევ, ალბათ, უფესენჯობაში, ყოველ დღე, ასეულობით და ათასეულობით აზადან გოსტაშ ფარვიზი მსტუმრობს, სხვადასახვა ალტერნატიული სამყაროდან და ლოცვასავით შემომღაღადებენ, რომ ყველა სამყაროდან ყველაზე უკეთ, ყველაზე მშვიდად, თურმე თავს მე ვგრძნობ. მეუბნებიან: აზადან გოსტაშ ფარვიზი ომიდან; აზადან გოსტაშ ფარვიზი სამყაროს აღსასრულიდან: აზადან გოსტაშ ფარვიზი კუბოდან; აზადან გოსტაშ ფარვიზი საწამებელი სკამიდან. სულთა მხუთავობაც იმაშია, რომ მე, აზადან გოსტაშ ფარვიზი, ყველაზე კარგად ვარ თურმე, ამდენ აზადან გოსტაშ ფარვიზიდან; სპარსეთში! სიცხეში! უქაბაბობაში! უქალობაში! უიარაღობაში! ურწმუნოობაში! უშაითანოდაც კი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|