ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დაკარგული თაობა
ჟანრი: პროზა
16 აპრილი, 2025


დიალოგი დაქალის ქმართან (დრაკონის სიზმარი 21-ე საუკუნის მიჯნაზე) 2

_
ირინას მანქანას საბურავი გაუსკდა შუა გზაში და სადაც ვულკანიზაციას დაინახავდნენ, გადმოხტებოდა ირინა, შურდულივით გავარდებოდა, ირაკლი უკან მისდევდა... ყველგან დაკეტილი ხვდებოდათ. ბოლოს იპოვეს და იქაც მთვრალები, მოქეიფეები დახვდნენ. “თითო ჭიქა უნდა დაგვილიოთ!” ირაკლიმ ირინას ხელი გადახვია და ისე დალიეს.
შეკეთებული მანქანით გააგრძელეს გზა.
- კევი მინდა! – თქვა ირინამ.
- ხომ არ გააფრინე, რა დროს კევია! – გაუკვირდა სალის.
ზოგი კიოსკი დაკეტილი იყო, ზოგს კევი არ ჰქონდა...
- ახლა, კევი რომ ვიშოვო, ნებისმიერ ფასს მივცემ!
ბოლოს, როგორც იქნა, იშოვეს.

_
მეორე დღეს გვანცას თავი სტკიოდა. სანდრო მოვიდა ყავის დასალევად. გვანცამ ყავა მოადუღა.
ეკამ დარეკა და გვანცას ღამის ამბები მოუყვა.
მერე სალიმ დარეკა და ისიც ღამის ამბებს ჰყვებოდა – ეს ღამე არასოდეს დამავიწყდება, სახლში დილის ოთხ საათზე ძლივს მივაღწიეთო!..
საღამოზე კახამ დარეკა, გვანცას თითქმის არ ულაპარაკია, დაკიდა ყურმილი.
ორი დღის მერე ისევ დარეკა.
- ამის მერე მხოლოდ ჩემი გარდაცვალების დღეებზე მოხვალ, დაბადების დღეები აღარ მექნება! – უთხრა გვანცამ და გამხიარულდა.
- შემირიგდი? – ჰკითხა კახამ, - თუ გინდა, რომ დამკარგო?
- შენ გინდა, მაგაზე ოცნებობ!
- იმ დღის მერე ცუდად ვარ, შენ რომ მეჩხუბე.
- როდის გეჩხუბე, ხმაც არ ამომიღია.
- ეგ ხმის ამოღებაზე უარესია, ჯობდა გეჩხუბა... თუ გინდა, კუს ტბაზე ავიდეთ.
- სადა, კუკიის სასაფლაოზე? კარგი.

_
გვანცა, ეკა და ირაკლი სვამდნენ ბანანის ლიქიორს, ფანტის კოქტეილს და ირინას ელოდებოდნენ. ირაკლი ლარაკობდა კახაზე, ამბობდა, მაგარი მწერალია და მუსიკებიც მაგარი აქვს, გენიოსიაო!
- როგორ ხარ? – მეორეჯერ ჰკითხა გვანცას და თვალებში ჩახედა.
- არ ვიცი.
ეკა ახველებდა, ბრონქი სტკიოდა და სიცხეც ჰქონდა.
- წამალს არ სვამს, - თქვა ირაკლიმ, - ამის წამალი ღვინოა...
გვანცა და ეკა ერთ სკამზე ისხდნენ და გვანცა ჯემპრის საყელოსთან საყვარლად აპრეხილ თმებზე ეფერებოდა.
- მე-20…საუკუნის მწერლობამ ყველა სხვა საუკუნეს გადაუჯოკრა, - ამბობდა ირაკლი, - შენი მოთხრობა რატომ არ მომიტანე? – ჰკითხა გვანცას, აი, მე გაგატან ჩემს მოთხრობებს.
- გვანცამ გამოართვა მოთხრობები, ნახევარი გზაში წაიკითხა, დანარჩენი - სახლში.
მეორე დღეს კოლეჯიდან დაბრუნებულმა (იქ ლექციებს კითხულობდა) კიდევ წაიკითხა, იფიქრა, მთვრალს ალბათ უფრო მძაფრად მომეჩვენებოდაო, მაგრამ დეტალებს როცა ჩაუკვირდა, კიდევ უფრო მოეწონა.

_
13 რის 13-ია, თარსი რომ არ ყოფილიყო, თან ორშაბათი. მაგრამ ირაკლიმ სწორედ ამ დღეს მოინდომა შეხვედრა, მერე აღარ მეცლებაო.
ეკამ და გვანცამ თითო ჭიქა არაყი და ყავა დალიეს. მოვიდა ირაკლი, ისევ ჩამოასხა არაყი. გვანცამ ირაკლის მოთხრობები დაუბრუნა და თავისი აზრის გამოთქმას შეუდგა, თუმცა, ეს ადვილი არ იყო – როცა რაღაცას ელოდებიან შენგან, მაშინ იბნევი და ნერვიულობ:
- მაგარი სტილია, თითქოს მარტივად არის დაწერილი და ამავე დროს ფილოსოფიური სიღრმეები აქვს... რაღაცნაირად გიხვევს, შიგ ტრიალებ და ვეღარ გამოდიხარ... ქვეცნობიერზე მოქმედებს...  პარალელური დროები შემოგაქვს (ერთდროულად სხვადასხვა წლებში რომ ცხოვრობს ტიპი და მრავლდება, მთელ ქალაქს მოედება), ეს უკვე მე-5 განზომილებაში გადის...
ეკაც ერეოდა საუბარში, ირაკლის აქებდა. ის მოთხრობები დაასახელა, რომელიც მეტად მოსწონდა.
- კარგად გამოსდის, ვეუბნები: წერე, წერე...
- მე კიდევ, - ჩაერია ირაკლი, - ვიწერაოთ, ვიწერაოთ...
გვანცამ და ეკამ ერთმანეთს გადახედეს გაკვირვებულებმა.
- ბოდიში, - გაიცინა ირაკლიმ, - კახური ხუმრობა გამომივიდა.

გვანცამ ეკას და ირაკლის სადღეგრძელო დალია:
- როგორც ერთ მთლიანს, ისე აღგიქვამთ, უერთმანეთოდ ვერ წარმომიდგენიხართ, თითქოს ირაკლი შენი გაგრძელებაა...
- და დასასრული! - გაიცინა ეკამ.
- ჩემით იწყება და მთავრდება ეკასთვის სამყარო! - ირაკლი თავზე მოეფერა ეკას.
- ხო, რაღაცნაირად ავსებთ ერთმანეთს...


ამ დროს ირინაც მოვიდა, ირაკლიმ არაყი დაუსხა.
- ვერ დავლევ, ვერ დავლევ!.. - გაიპრანჭა.
- მიდი, ჩქარა, ერთბაშად!... – აძალებდა ირაკლი.
- დამანებე თავი, ნუ მაჩქარებ, დავლევ, ოღონდ დამაცადე...
- დალიე, დალიე! – თავისას არ იშლიდა ირაკლი.
ირინამ როგორც იქნა, დაიწყო დალევა..
- ბოლომდე, ბოლომდე!
..და ბოლომდე გამოცალა, გახარებული იყო:
-კიდეც მასმევენ, კიდეც მაჭმევენ, კიდეც მუსიკას მიწერენ!
გვანცა ყვებოდა თავის ტყუპისცალ ძმაზე (წინა ცხოვრებაში რომ ჰყავდა), გაჭრილი ვაშლივით რომ ჰგავდნენ ერთმანეთს, მაშინ გვანცაც ბიჭი იყო.
- მეც შემიმჩნევია თავში ქალური საწყისი, - თქვა ირაკლიმ, - ისე, არ მინდა შემდეგ ცხოვრებაში ქალად დავიბადო.
- მისმინე, - გამოცდილებას უზიარებდა გვანცა, - თავიდან მეც მაგრად მიტყდებოდა, გოგო რომ ვიყავი, მაგრამ ახლა მომწონს კიდეც, უბრალოდ, მუღამი უნდა დაუჭირო...
ამ დროს ირინა მისი ყურადღების მიქცევას ცდილობდა, ძეხვის ნაჭერს ტენიდა პირში, არ ეშვებოდა.
- ეს რა არის?! - ჰკითხა გაკვირვებულმა გვანცამ.
ირინამ რატომღაც წამოიწყო:
- გვანცა ფიზიკურად ხომ სუსტია, მაგრამ...
- ვინ არის სუსტი?.. კარატისტი რომ ხარ და რამე... ერთი მუშტი ცხვირში ხომ არ გინდა?!
ცოტას წაძიძგილავდნენ კიდეც. გვანცა ამ სიტყვებთან ერთად უცბად აგრესიულიც გახდა, მაგრამ ცოტა ხანში გადაუარა და ირინამაც თავი დაანება.
ახლა ირინას თამადობით დალია გვანცამ მეგობრობის სადღეგრძელო და ისევ ბევრს ლაპარაკობდა.
- მეც ხომ ვარ შენი მეგობარი? – ეკითხებოდა ირაკლი. შენ რომც არ გინდოდეს, მე მაინც დაგაძალებ, იმიტომ, რომ მართლა მინდა, ჩემი მეგობარი რომ იყო.
- მშვილდოსნები კარგი შეყვარებულები არიან, - წამოსდა გვანცას, - თხის რქები კი – კარგი მეგობრები.
- მე გველი მშვილდოსანი ვარ! – ირაკლიმ წარმოსახვითი შვილდისარი გაწელა, ისრებს ისვროდა.
- მე კი, გველთან მოცეკვავე დრაკონი! – თქვა ირინამ.
- მერე რატომ არ ცეკვავთ?!
- ვიცეკვოთ!..
ირაკლიმ მეორედ ადღეგრძელა გვანცა.
- ირაკლი მაშინ მადღეგრძელებს, როცა უნდა წავიდე, – თქვა გვანცამ. არ ეგონა, ირაკლის ასე თუ ეწყინებოდა – გაიბუტა, გამომეტყველება შეეცვალა.
- გავიხუმრე, სინამდვილეში ეგ არ მიფიქრია... - სიტუაციის გამოსწორება სცადა გვანცამ, მაგრამ ირაკლი აღარ ურიგდებოდა.
ირინამ და ეკამ ნეკა თითები ჩააკიდინეს და შერიგებას ცდილობდნენ - “ნეკი-ნეკისაო, შერიგებისაო...”
- სანამ მე არ მომინდება, არსად არ წახვალ, - უთხრა ირაკლიმ გვანცას.
გვანცას დედამაც სწორედ ამ დროს დარეკა:
“სადა ხარ აქამდე, რატომ მანერვიულებ?”
“ხუთ წუთში გამოვალ.”
- არსადაც არ წახვალ, - გაჯიუტდა ირაკლი, - თუ ჩემთან მეგობრობა გინდა, დაჯდები და სანამ მე არ მოგცემ ნებართვას, არ ადგები!
- ხიმრობ?! – გაიცინა გვანცამ.
ირაკლი არ ხუმრობდა.
- არ მინდოდა შენი წყენინება...
ეკამ და ირინამ ისევ ნეკები ჩააკიდინეს.
“ნეკი-ნეკისაო, შერიგებისაო...”- სხაპასხუპით მიაყარა ეკამ.
გვანცა ყველას დაემშვიდობა.
- თუ წახვალ, აღარ დაგელაპარაკები! – ჯორზე შეჯდა ირაკლი.
- ეს ვინ ყოფილა! – აღშფოთებას ვერ ფარავდა გვანცა, - ნამდვილი უზურპატორი!
- არ გინდა, მეგობრები ვიყოთ?!
- არა.
გვანცას უცბად მობეზრდა ეს ყველაფერი. ეკას თავისი მოთხრობა დაუტოვა და წავიდა.
სახლიდან მაინც გადაურეკა ეკას, რომ გაეგო ირაკლი როგორ იყო. ყურმილი ირაკლიმ აიღო.
- ეკა სახლშია?
- კი, ვინ კითხულობს?
- შენი ყოფილი მეგობარი.
- აღარ მელაპარაკები?
- მე კი, შენ?
- მეც, გადამიარა... ხომ შევრიგდით?
- როგორც გინდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები