ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
26 მაისი, 2025


John Keats - ENDYMION

ჯონ კიტსი -ენდიმიონი (შესავალი)

სილამაზეა სიხარული სამარადისო,
მისი მშვენება იზრდება და მიწყივ მაისობს,
ის არასოდეს განქარდება ჟამის მიზნებით
და შეგვინახავს მყუდრო ბინას, ტკბილი სიზმრებით
აღვსებულ თვლემას, ჯანმრთელობას, სუნთქვის სიწყნარეს,
ამიტომ დავწნავთ თაიგულებს ყოველ ცისმარე,
მას, რაც მიწასთან გვაკავშირებს, მიუხედავად
უიმედობის, კეთილშობილ სულის მხედართა
ნაკლებობისა, მოღუშული დღეთა სიმრავლის,
არაჯანსაღი, დაბნელებულ გზების სიავის,
რომ ქმნილა ჩვენი ძიებისთვის, დიახ, ყველაფრის
მიუხედავად, სილამაზის ხატი ერთგვარი,
ფარდას ჩამოხსნის ჩვენს ბნელ სულებს. ამდაგვარია,
მზე და მთოვარე, კორომები, სადაც ცხვარია
ჩრდილს შეფარული; ასეთია მინდვრად ნარგიზი
მწვანეში ზრდილი, ნაკადები  წმინდა, - ფაქიზი
გრილ თალარების წარმომქმნელნი ხვატში ზაფხულის
და ასეთია ალაგ-ალაგ მიმოფანტული
მუშკის ვარდნარი მათრობელა სუნით ტევრებში,
ამდაგვარია სიდიადე ბედისწერების,
ძლიერ მოკვდავთა შესაფერად რაც გვეგულება,
მოსმენილი, ან წაკითხული ყველა თქმულება,
უკვდავების წყლის ნაკადული დაუშრეტავი,
ზეცის კიდიდან ჩამოღვრილი ტკბილი ნექტარი.
ამაოდ არ ვგრძობთ მათ რაობას წუთისოფელში
ერთ მოკლე საათს; ჩვენც მოვგავართ ხეებს, რომელნიც 
ტაძრის გარშემო ჩურჩულებენ და ტაძარივით
ძვირფასდებიან მოკლე ხანში; მსგავსად ყარიბი
მთვარე და ვნება პოეზიის, ხვეჭა სახელის,
თან გვდევს, ვიდრეღა არ გახდება სულის ნათელი
და სამუდამოდ ისე მტკიცედ გვიკავშირდება,
მზიანი დღეა, თუ სიბნელე წვება, გვჭირდება
მისი შეწევნა, თორემ ისე სიკვდილს შევრჩებით.
ამგვარ მიზეზით, სრულყოფილი ბედნიერებით
მინდა გიამბოთ ისტორია ენდიმიონის,
რომლის სახელის გაჟღერებულ ჰანგის მირონი
ჩემს არსს გამსჭვალავს  და ყოველი სცენა სალხინო
განმიახლდება, ვით სიმწვანე ეგზომ საჩინო
ჩვენი ველების; მსურს დავიწყო გადაუდებლად
წერა, ქალაქი ვიდრე სრულად ახმაურდება;
ახლა, როდესაც უნორჩესი, მწვანე კვირტები,
რბენენ ყმაწვილურ ელფერების ლაბირინთებში
ძველი ტყეების გარეშემო; სანამ ქარვებით
ხარობს ტირიფი; რძის სათლებით ვიდრე კარვებში
რძე გაიზრდება საცავებში, წელი მდიდრდება
წვნიან ღერებით, მე წავმართავ ნავს ნაპირებთან
უხმაუროდ და მრავალ საათს, სადაც ყურეში
ალაგებია დაბურული ფანჩატურების,
მინდა დაწერა უამრავი ლექსის, სიმღერის,
ვიდრე ზიზილა მოქობილი წითლად, სითეთრით,
ჩაიმალება ხშირ ბალახში. სანამ სამყურებს,
ბარდებს ფუტკარი მოზუზუნე კვლავ მიაშურებს,
მსურს ჩემი თხრობის ნახევარი მორჩეს დავთარში,
ვიდრე შიშველი, თმაჭაღარა ნახავს ზამთარი,
გასრულდეს, როცა შემოდგომა მოვა გულადი,
ოქროსფერ ხვავით გვიმასპინძლებს უხვი, პურადი,
გვერდში დამიდგეს, მოვაგროვო სარჩო-საგზალი.
დაუყოვნებლივ, საყარიბოდ ახლა ვაგზავნი
ჩემს მაცნე-ზრახვას უდაბნოში, მნებავს მსოფლიოს
უხმოს საყვირით და სიმწვანე სწრაფად მოჰფინოს
არასწორ ბილიკს, რათა წინსვლა გამიადვილდეს,
როცა გავივლი სარეველებს, ველის ყვავილებს.

26 მაისი, წმ. ექვთიმე ათონელის ხს. დღე, 2025 წ.

ენდიმიონი (ძვ. ბერძნ. Ἐνδυμίων [Endymion]) — ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი. ძილის იდუმალი შარავანდედით მოცული ყმაწვილი კაცი, რომელიც თავისი სილამაზის გამო ზევსმა განიმედივით გაიტაცა ოლიმპზე. იქ ჰერას შეუყვარდა და მრისხანე ზევსმა მარადიული ძილით დააძინა, ისე რომ სიჭაბუკე შეუნარჩუნა.

ორიგინალი იხილეთ აქ: https://www.poetryfoundation.org/poems/44469/endymion-56d2239287ca5

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები