 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 10 ივლისი, 2025 |
შენ ჩემო ტკბილგულა, ხეზედ ქარვისფრად მათრობელა ყურძნის მტევანო, სანამ შემომეწერე კალმის წვერიდან და გავამელნე ფურცელ-ფურცელ სიტყვა ზღვისფერი, იქნებ ახვიდე ზეცად და იქ დაწურული მზის გულით მთბარი სასმისი დააგემოვნო. კალმის კერტს ცრემლად სდის ნაღვერდალი ღამის ფიქრები, შენ კი ჩუმად! ხელი არა ჰკრა ნავს ქაღალდისას, ბავშვობაში რომ ერთად ავაწყვეთ… როგორ მომნატრებიხარ და შენ, იმ ნავსა ჰგლეჯ, რომელიც უიალქნო მარტო სულს, ბედის ქარმა ზურგში დაჰბერა. წაუშლია იმ ქარს წარსული და იმ წყალს შთაუნთქამს ყველა მოგონება ერთ დროს ნაფიქრი. იორდანიის აღმასვლის წყარო მოგაშველებს ნიჩბებს ხსნისათვის. ნუ გადაყრი, მხოლოდ გაუსვ-გამოუსვი, ვით ტარიგს დანა ხელთ აღმართული! ბედი დაგცინის თუ შენ დასცინი უბედობას არსაიდან ნანახს, არადა თესლად დავარდნია მსუყე ნიადაგს... ფოთოლ-ფოთოლ, ფითილ-ფითილ გაყვითლებულა ეს ჩავლილი ვაგონთა წყობა და კვლავ ეულად, ბაქანზედ, წარსული ზამთრის სუსხი ბოლთასა სცემდა. წახველ ქარვისფერთვლიან-ნაწნავიანო და შეატოვე ყველა დარდი, ყველა ტკივილი კოშკის ნანგრევებს. ისევ წვიმაა, გულსაკლავი და გრუხუნა. ფლოქთა თქარუნი ყურს მიეყინა, როგორც სახურავს ლოლუებად სხმული წვეთები და ახლო-მახლო მხოლოდ ის ხეა, ის ერთადერთი, ვის გამოც უხარია ბებერ სხეულს ტარება უღლის. ხე და ფოთლები - წითელი, ყვითელი, მწვანე… ეს ცხვორების ფერებია და არა შუქნიშანი… იცი, რა მტვერია ამ ველზე? შენ ჩემო ტბილგულა, იმ ხის ნაყოფო, ქარვისფერად მათრობელა ყურძნის მტევანო, შემომეწერე კალმის წვერიდან და დასასრული მივაწერე ფურცლის ბოლოს, ხელთ ცრემლთა ბსკვნილით, თვალთა თამაშით… კიდევ ერთხელ გამოვკარი სასხლეტს შუათითი, საჩვენებელი აღარ მაქვს. ან რად მჭირდება, ვის რა ვაჩვენო ან რაზედ მივუთითო? ჩამოვალ? ალბათ... როდის? ეს ომიც დამთავრდება... უფალო, ილოცე ჩვენზე!
გიგო რიონელი (გიორგი გახოკიძე) 9 მაისი 2025 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიან, ძალიან მომეწონა ეს ტბილგულა ეტიუდი! ძალიან, ძალიან მომეწონა ეს ტბილგულა ეტიუდი!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|