ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა ჭიღლაძე
ჟანრი: პოეზია
19 ივლისი, 2025


ღმერთო


ჩემს წიგნს რამდენი ფურცელი აქვს,ღმერთო, არ ვიცი.
ზოგჯერ წერა და ზოგჯერ კითხვა მაგვიანდება.
მე რომ წავიდე სამუდამოდ,აქ ვინ დამიცდის,
ან ვინ გაუძლებს ჩემს უთვალავ აკვიატებას.
ვთვლი ვარსკვლავებს ,შუაღამით,როგორც წიწილებს
დაღლილი, ჩუმად , ვიპარები ჩემი თავისგან.
როგორ მინდოდა ეწვიმა და აღარც იწვიმებს,
თითქოს წვიმაც და მთელი ზეცა ერთად განმიდგა.
რა დაგიმალო, ღმერთო, შენ ხომ იცი ისედაც...
იებს მიფენდი იმედებად აღმართ სავალზე.
და მაშინ,როცა მუხლმოდრეკილს ლოცვა მიწევდა,
მხოლოდ გიყვარდი და არც ერთხელ გამასამართლე.
ახლა კი, როცა მიწურივით ვდგავარ კუთხეში,
მინდა რატომღაც ვარსკვლავებმა მაინც იწვიმონ,
თავისკენ მიხმობს უცნაური ხელი უხეში,
მაგრამ მე, ღმერთო, შენკენ უნდა გამოვიწიო.
ღამის დასასრულს, მრგვალი მზე რომ ამობრწყინდება,
ქარი გადაშლის მიმოფანტულ ღრუბლის ნაწილებს,
ღმერთო , უშენოდ ყოველი დღე გამიჭირდება
და გთხოვ სახლამდე სტუმარივით გამომაცილე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები