-ყვავილები არ გინდათ, უყიდეთ ქალბატონს ყვავილები,- მარშუტკიდან ჩამოსვლას არ ვაცდი, ისე მივყვები უკან. თედომ მითხრა, რომ დაინახავ ხელი აქვთ ჩაკიდებულიო, ესე იგი შეყვარებულები არიანო და ეგეთთან უნდა მიხვიდე, ეგენი ყიდულობენო. ისაო, ბავშვებთან ვინცაა, მაგათთან აზრი არ აქვსო, ეგენი უკვე ცოლ-ქმარნი არიან და აბა ცოლებისთვის ვინ ყიდულობს ყვავილებსო?! თედომ იცის, ჩემსავით ახალბედა კი არაა, უკვე სამი წელია ამ საქმეზეა. თავიდანო, მეც მრცხვენოდაო. მერე მიეჩვევიო. სულაც არ უყურო და უსმინო, რომ დაგცინებენო, ნეტაი შენ, ეგენი წავლენ და სულაც აღარავის გაახსნდები არასდროსო. ალბათ ეგრეა, იმათ ალბათ აღარასდროს გავახსენდები, მე კიდევ ყველა მახსოვს და სულ მეხსომება. დედას გეფიცები არასდროს დამავიწყდება, სულ რომ გავიზრდები, ვანო პაპას ხელაც რომ ვიქნები, მაშინაც მეხსომება. ზოგჯერ კი მინდა რომ არ მახსოვდეს, მაგრამ სულ თვალწინ მიდგანან. ხანდახან კიდევ სიზმარშიც ვხედავ. თედომ თქვა, მეო დღეში ოცდაათ ლარს ვშოულობო. ხან კიდეო, ერთხელო, ასი ლარიც ვიშოვეო. ეხლა შეიძლება მთლად ასი ვერა, მაგრამ ორმოცდაათს მაინც იშოვიდა. თედო ამ საქმეზეა დიდი ხანია, უკვე სამი წელია. მე კიდე ახლა დავიწყე, ამ სეზონზე. -სად მოიპარე, ბიჭო, ეს ყვავილები?!-მეკითხება უცებ, მე რომ მივყვებოდი და ვეხვეწებოდი, იყიდე-მეთქი. -უუ,- ისე ვბრაზდები, უცებ ვერაფერს ვერ ვფიქრობ, რა უნდა ვუთხრა. -ნუ შეაშინე, ცოდოა,- ის გოგო ამბობს და ისე მისვამს თავზე ხელს, გეგონება ორი წლის ვიყო. უკან ვდგამ ნაბიჯს. პატარა კი აღარ ვარ, ცხრის ვარ უკვე. ჯერა არა, მაგრამ რაღა დარჩა, ჩვიდმეტ დღეში გავხდები. -საიდან ჩითავ, ბიჭო, ამ ყვავილებს?!- ისევ მეკითხება, ნეტა პოლიციელი ხომ არაა? მაგათო, თედომ, ერიდეო, შეიძლება დაგვიჭირონ, ჩვენ ჯერ ბავშვები რო ვართ, მგონი არ შეიძლება მუშაობაო. ერთი პირობა ვფიქრობ, ხომ არ გავიქცე-მეთქი, მაგრამ იმ მარშუტკიდან ყველა ჩამოსულა, ბევრნი არიან, ჩემს ირგვლივ დგანან და აბა სად გავექცევი. თან ეგეც რომ არ იყოს, რო გავიქცე ამ ყვავილებს რა ვუყო მერე. ხვალამდე სუ დამიჭკნება. -მე მოვკრიფე!- როგორც იქნა ვიპოვე გამბედაობა და თვალებში შევხედე. -შენ მოკრიფე?- მეკითხება ცეცხლისფერთმიანი გოგო. -ჰო, მა?! აიგე იმ მთის კალთაზე მოვკრიფე. უცნაურად ლამაზია, აი დანისლული მთის კალთაზე რომ კვიცი მიჰყვება გვერდით დედას, ეგეთი სილამაზე აქვს, რაღაცნაირად ნამდვილი. თვალებში ვუყურებ. ისიც მიყურებს და მგონია, რომ ეტირება, თან იღიმის და თან კიდევ თვალებში დილის ცვარივით უბრწყინავს ცრემლი. ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე მეტად მემახსოვრება. სულ, სულ ყველაზე მეტად. აი საღამოობით სახლში რომ მივდივარ, სულ თვალწინ მიდგანან, ისინი ვისაც უკან მივყვებოდი და ვეხვეწებოდი, იყიდეთ-მეთქი ყვავილები, ისინი ვინც დამცინა, ისინი ვინც სულაც ვერ შემამჩნია, ისინი ვინც ყვავილი წამართვა და ფული არ მომცა, ისინი ვინც ხურდა აღარ გამომართვა, მახსენდებიან და თვალებს ვხუჭავ, რომ გაქრნენ ჩემი სახლის ბნელი და კვამლიანი კედლებიდან. დღეს კიდევ სახლში რომ მივალ და ეს ცეცხლისფერი გოგო გამახსენდება, თვალებს არ დავხუჭავ. არასდროს დავხუჭავ თვალებს, რადგან სულ მენდომება, ვხედავდე. გული მიჩქარედება და ძალიან მინდა, რაღაც ვუთხრა, არა კი არ მინდა, ვგრძნობ, რომ აუცილებელია ვუთხრა. მაგრამ ყელი გვალვიანი მიწასავით მიშრება და სათქმელს ვერ ვპოულობ. ხელის ცეცებით ვეძებ სიტყვებს და ყველაზე ახლოს მყოფ რამდენიმე აზრს გაჭირვებით ვებღაუჭები: -სულაც არაა ძნელი, იცი რამდენს ვკრეფავ? ერთხელ ათი კონაც გავაკეთე, არა ათი კი არა, ოცი! ისე ეღიმება, გეგონება ტუჩებზე იები აყვავებულიყვნენ, ან კიდევ ზაფხულის ცაზე მზე ამონთებულიყოს. არა, მზე კი არა, მზეები. -რა ღირს შენი ყვავილები? - მეკითხება. შუბის ტარზე მდგარი მზე რომ თვალებს გჭირის, ეგრე აღარ შემიძლია მისი ყურება. დაბლა ვიყურები, ნამდაკრულ მიწას დავყურებ. სულაც არ მინდა, რომ ფული გამოვართვა. ისეც მივცემდი, მერე რა, ვითომ არც მქონია, ვითომ არც დამიკრეფია, მე კიდევ წავალ და სხვებს დავკრეფავ. სულაც არ მეზარება, ერთხელაც ხომ წავედი ახოზე მეორეთ და დავკრიფე თავიდან, იმ კაცმა რომ წამართვა... ეგ დღე ცუდი დღე იყო, რომ წავედი და თავიდან ვკრეფდი, თან ვტიროდი, თან ძალიან მინდოდა, რომ არ მეტირა, პატარა ხომ აღარ ვარ? მაგრამ თან ძალიან მეტირებოდა. მერე თედო მაინც მოვიდა და დამინახა, მაგრამ ეგ არაფერი, თედო ჩემი მეგობარია და მითხრა, მეც ბევრჯერ ვტირი ხოლმეო. არაუშავს, ხან ეგეთი ადამიანებიც შეგვხვდებაო, პატარები ხომ აღარ ვართო, დიდებში კიდევ ეგრე ხდებაო, ხან ცუდი ადამიანები გხვდებიან და ხან კიდევ უფრო ცუდებიო. ეს გოგო კიდევ, ეს ძალიან კარგი გოგო. და მინდა რომ ეს ჩემი ყვავილები სულ ვაჩუქო, ერთი და ორი კი არა, სულ ვაჩუქო, ყველა ვაჩუქო ერთად. მაგრამ არ ვიცი, როგორ ვაჩუქო, არ ვიცი, რა ვუთხრა და... ის კიდევ მეკითხება, რა ღირსო, მე კიდევ თავს ისევ ვერ ვწევ მაღლა და უბრალოდ მხრებს ვიჩეჩავ. თან ჩემ თავზე ვბრაზდები, რომ ასე მცხვენა. თედოს არ შერცხვებოდა. ის კიდევ წელზე გაკეთებულ იისფერ ჩანთას ხსნის და ფულს იღებს. მე ისევ გაქცევა მინდა, ძალიან მინდა ეს ყვავილები დავყარო და გავიქცე შორის, მტირალა წყაროზე შორს, ჯიხვების ქედებზე უფრო შორსაც. მაგრამ ის ცეცხლისფერი გოგო ხელში მიდებს ფულს და მე კიდევ მთელ ჩემს ყვავილებს ვუწვდი. არ ვიცი, მგონი, ამბობს, რომ არ უნდა, ამდენი არ უნდა, რომ მქონდეს ესენი და გავყიდი კიდევ, მაგრამ მე მაინც მკლავებზე ვუწყობ ჩემს ყვავილებს, ჩემს დამჭკნარ ყვავილებს. ბევრი მათგანი ყვავილიც არაა, უბრალო ბალახია, ჩვეულებრივი ველური ბალახი. და სანამ ამ ყვავილებს ვუწყობ ხელებზე, წამით ვუყურებ: თავს ვწევ და ვხედავ, ის მზეები აღარსადაა, ჩასულა თითქოს ყველა მზე და ჩამქრალა ყველა ვარსკვლავი, ახლა მისი თვალები ჩვენს ხევებში ჩამომდგარ ნისლს მაგონებს. ვფიქრობ გაწვიმდება, მე გავწვიმდები. მინდა გავიქცე, მაგრამ ძალა არ მაქვს. ფეხები ახალდაბადებული ბოჩოლასავით არამყარ ნაბიჯებს დგამს, თითქოს საკუთარი სხეული ემძიმება. და სანამ გავარღვევ წრეს, რომელიც მე და იმ ცეცხლისფერ ანგელოზს შემოგვრტყმია, ვიღაც ამბობს, საცოცხლებელია ახლა ამის დედა? მე კიდევ ახლა ისე მინდა დავიგრგვინო, როგორც გაზაფხულის ცამ იცის ხოლმე ღმუილი მეხის გავარდნამდე, მაგრამ ხმა არ მაქვს და მეხიც ჩემსავე სხეულში ვარდება და თითქოს ბებერი მუხა ვიყო, ისე მიხეთქავს შუაზე სულს. და მაგონდება დედაჩემი, რომელიც სიცოცხლისთვის იბრძვის, მამაჩემი, რომელმაც ბრძოლაზე უარი თქვა და შეშინებული ცხოველივით დაუფრთხა მოსალოდენელ საფრთხეს, და ჩვენ: მე და ჩემი პატარა და... -ჯერ მიწას არ ასცილებია და ეს რომ გაიზრდება... -მომდევს ხმა. -თუ გავიზარდები,- ვფიქრობ მე, მთელი ძალით ვკრავ მუჭს, რომელში ფული მაქვს დამალული და გავრბივარ თავდაღმართში. თავდაღმართში სირბილი ადვილია, ერთი თუ დაეშვი, მერე ვეღარ ჩერდები, მიდიხარ სულ ქვემოთ და ქვემოთ. შენ კი არ მიდიხარ, თითქოს გზას მიჰყავხარ თავად, მიჰყავხარ, რომ ხეობის ხახაში ჩაგკარგოს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მუხა, დიდი მადლობა. <3 მუხა, დიდი მადლობა. <3
1. ძალიან ლამაზი, გულიანი და სედიანი ამბების მოყოლა იცი., გაიხარე, არაუშავს დაე ბავშვებმაც , ბავშვობიდანვე იცოდეს შრომის ფასი. ძალიან ლამაზი, გულიანი და სედიანი ამბების მოყოლა იცი., გაიხარე, არაუშავს დაე ბავშვებმაც , ბავშვობიდანვე იცოდეს შრომის ფასი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|