| ავტორი: ბეთ ავენ ჟანრი: პროზა 27 ივლისი, 2025 |
რამდენიმე წლის წინ, გურიიდან, შემატყობინეს, რომ ჩემი მეზობელი, ღრმადმოხუცი ოქროსხელება ქეთუსა გარდაიცვალა. ნამდვილად ოქროსხელება გახლდათ ქეთუსა. შესანიშნავი კემსვა ეხერხებოდა. არც ისე შორეულ წარსულში, ვინ არ დადიოდა მასთან, დაზიანებული პალტოს, შარვლის, ქვედაბოლოს, ან სხვა სამოსის დასაკემსად. პატარა პროვინციულ ქალაქში რაიკომის მდივნის ოჯახიდან დაწყებული, მეეზოვით დამთავრებული ყველას ეცვა ქეთუსას ამოკემსილი რაიმე ჩასაცმელი. საქმე ის იყო, რომ ქეთუსა, დაზიანებული ტანისამოსის დასაკემსად, თმის ღეროს იყენებდა და ეს გასაოცარ შედეგს იძლეოდა - დიდი და სკრუპულოზური დაკვირვება იყო საჭირო იმისთვის, რომ დაზიანებული ადგილი აღმოგეჩინათ. გარდა ამისა, ქეთუსა საოცრად ქარგავდა და ქსოვდა. ამიტომაც ეძახდნენ ოქროსხელებას. დიდხანს არ მიფიქრია. იმავე დღეს სამსახურიდან დავეთხოვე და მეორე დილით გურიისკენმიმავალ სამარშრუტოში ვიჯექი. თითქმის მთელი გზა ქეთუსა მედგა თვალწინ, სიფრიფანა მოხუცი, მუდამ რომ საოცრად თბილად იღიმოდა. არავის გაუგია მისი არც კისკისი, არც ხმამაღალი სიცილი და, მითუმეტეს, ხარხარი. მხოლოდ თბილი გამოხედვა და ასევე თბილი, მეტყველი ღიმილი. ქეთუსა ცოტას საუბრობდა. მისი თვალები ამბობდნენ სათქმელს. თვალები და ღიმილი იყო ქეთუსას საურთიერთო ენა. ძალიან პატარა ვიყავი მისმა ღიმილმა და თვალებმა რომ დამაფიქრეს. დიდხანს ვცდილობდი ამოხსნას რა იყო ასეთი მომნუსხველი ქეთუსას ღიმილში და გამოხედვაში და ჩემთვის, ყოველივე მხოლოდ მაშინ გახდა ნათელი, როდესაც ერთხელ, ერთერთი მონასტრის მოხუცი მონაზონი დავინახე. აღმოვაჩინე, რომ ქეთუსას თვალებში და ღიმილში, არც მეტი არც ნაკლები, ღმერთი, თავმდაბალი ღმერთი ბუდობდა. მას შემდეგ მისი დანახვა ჩემთვის ანგელოზის ხილვის ტოლფასი იყო. ვერ გეტყვით, კიდევ ვინმე თუ ხედავდა ქეთუსას ღიმილს ჩემსავით, რადგან ამასთან დაკავშირებით, არავის არაფერი უთქვამს, ისევე, როგორც არც მე გამიმხელია ჩემი ფიქრები არავისთვის. ვინ იცის, იქნებ კიდევაც ხედავდნენ. სამარშრუტოს სულ ბოლო სკამზე ვიჯექი და უცნაური სურვილი მიპყრობდა: მინდოდა ხმამაღლა მეყვირა - ხალხო, იცით? ანგელოზი მოკვდა! - და რადგან ამას ვერ ვიზამდი, ვიგრძენი როგორ იბერებოდა ჩემი გული და როგორ იბრუნებდა უკან თვალებზე მომდგარ ცრემლებს. საოცრად გამოიყურებოდა ქეთუსა. ანგელიზივით. მეზობლებმა სათანადო პატივი მიაგეს. მერე სუფრა იყო. სუფრას სულ ოცდაათ კაცამდე ვუსხედით განსაკუთრებული არავის არაფერი უთქვამს. არავის ჰგონდა ცრემლი. არავის, ერთი პატარა ბიჭუნას გარდა, რომელიც დარბაზის კართან იდგა და სუფრასთანმჯდომ ადამიანებს შემოგვყურებდა. მასთან მივედი და ვკითხე რატომ ტიროდა. მითხრა, თამადას ერთი სადღეგრძელო ვთხოვე და არ მათქმევინაო. მეუცნაურა ამ ასაკის ბიჭისგან ასეთი რამ, მაგრამ მაინც შევთავაზე; გინდა, მე ვთხოვ-მეთქი, - არა-ო. არსად წახვიდე-მეთქი, ვუთხარი. სუფრიდან ერთი ბოთლი ღვინო და ორი ჭიქა ავიღე, ბიჭუნასთან მივედი და ვანიშნე გამომყოლდა. გარეთ, იქვე, ჭადრის ამობურცულ დიდ ფესვებზე ჩამოვჯექით. ჭიქები შევავსე და სახელები გავცვალეთ. - აბა, ნიკო, გისმენ. თქვი, რისი თქმა გინდოდა - მალხაზი ბიძია, არ გაგეცინება? - შენ ისეთი ბიჭი ჩანხარ, სასაცილოს არაფერს იტყვი- მეთქი. ნიკამ ცხვირი მაისურის მკლავს შეაწმინდა და თქვა: - ამ ჭიქით, მინდა, ერთი სადღინძელო ვთქუა. ქეთუსა ბებიას დაშტოფილს გუუმარჯოს და მის თვალებს და ღიმილს გუუმარჯოს! ჭიქა ჭიქაზე მომიჭახუნა და სწრაფად დაცალა. ბიჭუნას ვუცქერდი და ვერაფრით ვიჯერებდი, რომ ბავშვობასთან შეხვედრა რეალურად შესაძლებელი ყოფილა. კურთუკის ჯიბიდან, პატარაობისას რომ ხავერდის მოკლე შარვალი მქონდა, იმ შარვლის ტოტის ამოჭრილი ნაწილი ამოვიღე და ნიკოს გავუწოდე. ბიჭუნამ დახედა და: - მე ორი სვიტრი, ორი კურტკა, ოთხი შარვალი და სამი საროჩქა დამიშტოფა! უკან ვბრუნდებოდი და ასე ვფიქრობდი: ,,რადგან ნიკო დაიბადა, ანგელოზი ქეთუსაც აუცილებლად დაიბადება,,
მე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარგი თბილი ამბავია მოთხრობილი. კემსვა,როგორი საინტერესო სიტყვაა, , არცერთ უვხოურ ენაში რომ არ შეგხვდება
ქეთუსას სული ცხონდა.
კარგი თბილი ამბავია მოთხრობილი. კემსვა,როგორი საინტერესო სიტყვაა, , არცერთ უვხოურ ენაში რომ არ შეგხვდება
ქეთუსას სული ცხონდა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|