ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამ მებუკე
ჟანრი: პოეზია
8 აგვისტო, 2025


ქეთოს

თუ ყველაფერი სიზმარია, რაც წამოვიწყე,
რაშიც თავიდან ვეშვებოდი თავით,
ოღონდაც არ შეემჩნიათ ჩემი სიგიჟე,
მაშინ წყვეტილი ხაზებიდან ამოყვინთვისას,
აირევიან ერთმანეთში ეს სახეები და გამიშვებენ.
ახლაც გიყვები:
სადაც არ უნდა გამეხედა,
ისეთი მზერით, ღმერთიც რომ ვერ ამოიცნობს უდედაჩემოდ,
ამობურცული გორაკების ფიქრიც მიმქონდა,
მზით გაცვეთილი ბალახების დარდიც
და
შენი.
ჩემს სხეულზე დამჩნეული ფეხების კვალი,
გორაკებზე ჭიანჭველის ბუდის შეხება, -
რაც ვერ ამოხსნა ვერც ბუდამ და ვერც ალაჰმა უდედაჩემოდ.
როცა ვყვებოდი ზღვაზე,
(როგორ მეჯავრებოდა)
მეუბნებოდი - წესრიგი და თავის დახსნაა,
მორევში უფრო დიდი ვჩანდით უერთმანეთოდ.
კოჭამდე წყალში მერეოდნენ ყვავილიდან გამოსული ჭიანჭველები
და როგორც წყლიდან კიდევ ერთხელ ამოყვინთული - დიდხანს ვშრებოდი,
ტერფებზე წყალი მადნებოდა,
არ მშორდებოდა გაზაფხულის სუნი,
უფრო კი
არ მშორდებოდნენ მკვდარი თვალები,
ნიშანი იმის,
რომ
ყველაფერი სიზმარი ან ამ სიზმრისგან გადარჩენაა.
შენც,
მეგობარო (ასე ხშირად მოგიხსენიებ),
არც ერთი თვალი აღარ დაგრჩა ამოსაშრობი,
მზის სხივს უსწორებ მზერას, თითქოს ღმერთსაც აშინებ,
წყვეტილ ხაზებში კიდევ ერთი ამოყვინთვაა,
დავითვლი ისე,
თითქოს გცნობდი ათი წლის წინაც,
დამალობანას თამაშისას,
და
ამოყვინთე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები