ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
17 აგვისტო, 2025


ხორცისმჭამელი როლანდი

    პირველად ხორცისმჭამელმა როლანდიმ გაიღვიძა. პერფერატორების ხმაურით დაღლილი ოთახი გაკვირვებას იყო მიცებული, რასაც ეწოდება - სიჩუმე. ამ საზიზღარი სიჩუმის გასაქარწყლებლად კი ხორცისმჭამელმა საწოლიდან კედლის ნამტვრევები გადაფერთხა და აფხაზას შესძახა:
- ჩავრთოთ პერფერატორები! სანამ ის დამპალი რუსები არ გაგვამათრახებენ!
აფხაზა კი ფეხით ანდრონიკეს საწოლს გადაწვდა და შეანჯღრია.
- ჰო, ჩავრთოთ... ჩავრთოთ. ოღონდ... - დამწუხრებით თქვა აფხაზამ - ოღონდ დღეს „მაკიტას“ პერფერატორი მიჭირავს... იმიტომ რომ, ძმებო, „ეინჰელის“ პერფერატორმა ხელისგულები სულ დამიწვა. კედლებზე მეტად მე მანგრევს. ხვალ მაგას ისევ მე დავიჭერ, ოღონდ დღეს თვალითაც არ დამანახოთ.
    წამოდგა ლოგინიდან სამი სულიერი ძმანი და ერთმანეთს ხელისგულები ანახეს. ვისაც ყველაზე ნაკლებად ჰქონდა დამწვრობა, „მაკიტას“ პერფერატორიც მას ხვდა წილად. ეს კი ხორცისმჭამელი როლანდი იყო, მაგრამ ოდნავადაც არ დამწუხრებულა ამ ამბის გადამკიდე, ძლიერი გული და ძლიერი ხელები ჰქონდა. ან კიდევ თავს აჩვენებდა ასე, საკუთარი ავტორიტეტის შესანარჩუნებლად, ბოლო-ბოლო ის ხომ  საჰაერო ძალების წარმომადგენელი იყო,  მშვენიერ და მშვიდ დღეებში. და ახლა რა?! თვითმფრინავის პულიმიოტების ნაცვლად, პერფერატორებიდან ისვრის.
    ჰო, ხორცისმჭამელ როლანდის მძიმე სამუშაო დღეები სწორად ასე გადააქვს, წარმოიდგენს, თუ როგორ უჭირავს პერფერატორის ნაცვლად კვლავ მძიმე ავტომატი და როგორ ესვრის დამპალ რუსებს. მყრალ რუსებს. უღმერთო რუსებს. რუსებს, რომლებმაც საქართველო იმ სიბნელეში ჩაიტანეს, სადაც თავად ცხოვრობენ უხსოვარი დროიდან.
- არადა, - თქვა ხორცისმჭამელმა - შეიძლება არც იცოდეთ, ბიჭებო, მაგრამ ცივილიზაცია რუსეთიდან მოდის. კი, ზუსტად ასე იყო, პირველი ბიბლიოთეკები, პირველი სკოლები, პირველი წიგნები სწორად რომ ამ დაწყევლილ მიწებზე შეიქმნა. და ვერაფრით ვხვდები, საერთოდ არაფერი მომდის თავში, როგორ იქცა ასეთი დალოცვლილი მიწა, ასეთ ჭაობად?!
    ამის შესახებ ბაბუაჩემი მიყვებოდა ხოლმე, ნიკიფორე ხახალეიშვილი, რომ უხსოვარ დროს, ჩვენ, ყველანი, მთელი კაცობრიობა უვარგისი ორგანიზმები ვიყავით, მხოლოდ და მხოლოდ მიდრეკილნი თვითგადარჩენისკენ. წარმოიდგინეთ, თურმე კაცი ქალს ხელს კი არ თხოვდა, არამედ თმებში წვდებოდა და მიათრევდა საკუთარი გამოქვაბულისკენ. მაგრამ გამოჩნდა რომელიღაცა უცხო რასა, ციდან შემოიჭრნენ და დაეშვნენ რუსეთში, რის შემდეგაც მათ ადამიანებისთვის ცოდნის მიცემა დაიწყეს, ადამიანები კი სანაცვლოდ ოქროს უწილადებნენ. არ ვიცი მათ რაში შეიძლება დაჭირვებოდათ ოქრო, ალბათ, სჭირდებოდათ და მორჩა, არ აქვს ამას აზრი. და ასე აღზევდა რუსეთი, ასე აიმაღლეს ცნობიერება... მაგრამ მერე რაღაც მოხდა... ხომ გეუბნებით, არ ვიცი რა. თითქოს დაუბრუნდნენ თავიანთ პირველყოფილურ ინსტინქტებს, ქალებთან კვლავ თმებში წვდომით აქვთ რომანტიკული კომუნიკაცია და კვლავ ცხოველურად ცდილობენ გაზარდონ თავიანთი ტერიტორია; ხომ ხედავთ, საქართველოს რა უქნეს, რა დაგვმართეს ჩვენ, ქართველებს. ახლა პერფერატორი კი არ უნდა მეჭიროს ხელში, არამედ ჩემი გამანადგურებელი თვითმფრინავის საჭე! მონა კი არ უნდა ვიყო, არამედ კვლავ მტაცებელი ფრინველი უნდა მერქვას! არც კი ვიცი ბიჭებო, რა შეიძლება ვუყო ამ გულისტკივილს.
    ანდრონიკე კვლავ იმედისმომცემი იყო:
- არ უნდა ჩაიქნიო ხელი! - თქვა და პერფერატორის წვერი კედელს მიაბჯინა - ევროპელები არ მოისვენებენ იქამდე, სანამ არ გაგვანთავისუფლებენ! ხომ გახსოვს, მათი უკანასკნელი დაპირება ასეთი იყო. არც მჯერა, რომ ევროპა შეიძლება იყოს ღმერთისგან გამოგზავნილი ხსნა, მასაც თავის პოლიტიკური ინტერესები აქვს, თუმცა, მთავარი ის არის, რომ გაგვანთავისუფლებენ და არა ის, თუ მაინც რა პოლიტიკური ინტერესები აქვთ.
- წასულია ჩვენი საქმე! ანდრონიკე! ცუდ დღეში ვართ - ამბობდა აფხაზა - მაგარ ცუდ დღეში და არა მგონია ჩვენი ცუდი დღის გამო ვიღაცამ თავი შეიწუხოს, ამის გაკეთება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, მაგრამ ძალებს ეს დამპალი პერფერატორები გვართმევს. ნეტავ რა ხდება სხვა სამუშაო სივრცეებში?! რას ფიქრობენ სხვა აზერბაიჯანელები?! სპეციალურად გაგვამწესეს ასე სამ-სამი, ოთხ-ოთხი, რომ ვერ შევძლოთ სწორხაზოვანი იდეის შექმნა.
    ბიჭებმა თითქმის ერთდროულად ჩართეს პერფერატორები და კედლების ნგრევას შეუდგნენ. კვლავ დაავიწყდათ თავიანთ ლოგინებზე ნაჭრების გადაფარება, რომ კედლის ნამსხვრევებში ძილი არ მოწეოდათ. პერიოდულად გისოსებიდან შემოსულ დილის მზის სხვივებზე ითბოდნენ სახეს და ბევრ რუსულ თუთუნს ეწეოდნენ. თუ რომელიმე რუსი შემოვიდოდა სამუშაო სივრცეში და არ გექნებოდა პერფერატორი ჩართული, მხოლოდ იმ შემთხვევაში გეპატიებოდა ეს უზნეობა, თუ რა თქმა უნდა რუსული თუთუნის მოწევით იყავი დაკავებული. ამიტომაც, კაცებს ფილტვების განადგურება უწევდათ.
    ხორცისმჭამელი როლანდი კვლავ ხევსურეთის ლანდშაფტზე ჩაფიქრდა. როცა პირველად მის მწვერვალზე აძვრა, ძალიან დაღლილი იყო, არც ეგონა, რომ უკან ჩასვლას შეძლებდა, მაგრამ გაიხსენა, თუ როგორ მისცა ძალები ხევსურეთიდან დანახულმა მზის ამოსვლამ. როგორ ნელ-ნელა უთბობდა ხელისგულებს და მოყინულ ცხვირს. გაიფიქრა მან ამ დროს, ყოველთვის ასეთი ინქებოდა თუ არა ცხოვრება. ყოველთვის ასეთი სავსე. და მიხვდა ის, რომ ეს არის ადამიანის შინაგანი მოწოდება, რომ დაიპყროს ყველა ხევსურეთის მთებივით ძლიერი და შეუდრეკელი მწვერვალი. ამ დროს შეიძლება შენი ფიზიკური სხეული დიდ სტრესშია, მაგრამ სული ხარობს... ხარობს, რადგან ის ემორჩილება უძველეს გენურ მახსოვრობას.
    თქვა ხორცისმჭამელმა:
- ცუდად ყოფნა, როგორც ამას დასავლეთში უწოდებენ, ეგზისტენციალური კრიზისი, ჩვენთან კი უბრალოდ სულის წვალება, შეიძლება სიგნალია, ბიჭებო. ეს უბრალოდ სიგნალებია, რომლისაც ადამიანებს ჯერ კარგად არ გვესმის. ხედავ?! აფხაზ! პერფერატორი როცა გვიჭირავს ხელებში, მაშინ თავს კარგად არ ვგრძნობთ. ეგზისტენციალურ კრიზისში ვიძირებით, ანუ, სულის წვალება იწყება, რადგან ჩვენ არ ვაკეთებთ იმას, რისთვისაც ღმერთმა მოგვავლინა.
- და რისთვის?! რისთვის მოგვავლინა ღმერთმა?! - იკითხა აფხაზამ.
    ხორცისმჭამელმა როლანდიმ პერფერატორი გათიშა:
- უკეთ მისმინე, ბიჭო! როცა ხევსურეთის მწვერვალი დავიპყარი, სულ რაღაც ცხრამეტი წლის ვიყავი. მაშინ, ჩემი საყვარელი ქალი, ელენა ჭინჭარაული  არ აძლევდა საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ ჩემი გამხდარიყო, ჩემს ნაცვლად კი ვიღაც იდიოტი, მურად უშნო ჰყავდა ამოჩემებული. მურადისნაირი ბიჭები მაგ დროისთვის კარგ კაცად აღიქმებოდა, ნახირში დადიოდნენ და შეძლებული ოჯახებიდან იყვნენ. ჩემი ოჯახივით ჯართს და მინის ბოთლებს არ დაეძებდნენ ჩასაბარებლად. სიმართლე გითხრათ ამის არც მრცხვენოდა, ბავშვობიდან შეჩვეული ვიყავი ამ საქმეს. ნამუს დაკარგულმა მამაჩემმა მიმაჩვია, მთელ ფულს გორთუბნელ ქმრიან ბოზებს რომ ახარჯებდა, დედაჩემი კი ამაზე ყურსაც არ შეიბერტყავდა. ძველი ხალხები მგონი სხეულით გრძნობდნენ, რომ კაცს ტესტოსტერონის დონე ორმოცჯერ უფრო აღემატებოდა ქალისას, რაც ჩემო კარგო ხალნხო, ნიშნავს იმას, რომ მამაკაცს ალბათ ორმოცჯერ უფრო მეტად ეპატიება ღალატი.
    და ასე, გზადაკარგული ცხრამეტი წლის მე, ავხედავდი ხოლმე შორეთიდან ხევსურეთის იმ ერთ მთას და ვტკბებოდი, ერთხელ კი მართლა ავძვერი მაგ დაწყევლილ მთაზე. გზის შუა ნაწილში, მეგონა ვკვდებოდი, მაგრამ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ იყო. ბოლომდე უნდა ავსულიყავი. ჩემი თავის რაღაც ნაწილს ეს სტრესი სიამოვნებდა კიდეც. მიზანი, მაძლევდა თავისუფლებას. არ მოვიტყუები, მაგ დროს მეთქი, მაგრამ ახლა კი ნამდვილად ვხვდები, რომ სწორად ეს არის ადამიანის საქმე, რადგან იმ დროს, ჩემო ძმებო, არც ერთხელ გამხსენებია ელენა ჭინჭარაული და მასთან დაკავშირებული ჩემი სევდიანი ამბები. არაფერი გამხსენებია იმ მთაზე, არაფერი, რაც ცხოვრების ხალისს მომპარავდა. საერთოდ არაფერი! სხეულის ეს სიგნალები, სულის წვალება, სადღაც გაქრა, ისე, რომ ესეც კი არ გამხსენებია, რომ ოდესმე არსებობდა ჩემი სევდიანი მხარე. იცით ეს რას ნიშნავს?! რომ თუ სხეული არ გიგზავნის ნეგატიურ სიგნალებს, ესე იგი შენ სწორ ადგილას ხარ, სწორ რაღაცას აკეთებ. ეს ჩვენში ჩაწერილი კოდებია და ამას ეწოდება გენეტიკური მეხსიერება. როდესაც შენ არაფერს აკეთებ, უბრალოდ დგახარ და დასტირი საკუთარ ბედს, ამ დროს ყველა შენი წინაპარი გიწვალებს სულს, რომ როგორმე აგაგდოს საწოლიდან და საქმის კეთებას შეუდგე, იჯირითო! ინადირო! იმეგობრო! გიყვარდეს და შენი სიყვარულის გამო დრაკონებს ეძებდე განსაგმირად. ეს გვჭირდება. რუტინა, ეს ადამიანური ბუნებისთვის ჯოჯოხეთური ციხეა. ხარ ცუდად?! უნდა გაიქცე! იქამდე უნდა ირბინო, სანამ კარგად არ გახდები. მაგრამ ჩემო ძმებო, როგორც ხედავთ, ზოგჯერ გაქცევა შეუძლებელიცაა. რა იქნება, თუ ერთ დღესაც პერფერატორებით გასაქცევი კედლების ჩიჩქვნას დავიწყებთ?! იქნებ ესეც კი ჯობდეს?! რუსების მონებად უნდა მოვკვდეთ?! მაგას მირჩევნია გავთხარო გასაქცევი კედელი, გავიქცე საზღვრების გავლით, ვჭამო ბალახები და როცა შავი ზღვის რომელიმე ნაპირს მივაღწევ, იქ მოვკვდე. მოვკვდე თავისუფალი!
    რამდენიმე წამიერი დუმილის შემდეგ, ანდრონიკემ თქვა:
- მაშინ, აი იმ კედელს უნდა დავუმიზნოთ! - და პერფერატორი ცემენტით ამოვსებული გისოსებისკენ გაიშვირა.
    ყველასდა გასაკვირად, იმ წასმვე დიდი რკინის კარები მუსტაფა ნორმუზოვმა შემოაღო. შუა ხნის კაცი, წელში მოხრილი და ნათელი თვალებით. მაშინვე წარმოთქვა:
- არ არის კარგი იდეა. აუტკივარ თავს აიტკივებთ.
    საიდან ხარო, ხორცისმჭამელმა კითხა, მუსტაფამ კი არ დააყოფნა:
- აზერბაიჯანი. ქართველი აზერბაიჯანელი ვარ. აქ დაბადებული და გაზრდილი აზერბაიჯანელი.
- მერე, აზერბაიჯანელი თუ ხარ, რუსი ჯარისკაცები წესით შედარებით კარგად უნდა გეპყრობოდნენ. - თქვა აფხაზამ და სამივე სულიერი ძმანი დადუმდა, თითქოსდა ამით ყველამ იეჭვა, რომ აზერბაიჯანელი მუსტაფა, შეიძლება აგენტიც კი ყოფილიყო. მის მერე გაქცევის გეგმაზე არც კი უსაუბრიათ, ცხადია.
    მუსტაფამ მალევე განაქარცყლა უხერხული დუმილი:
- 56 წლის კაცი ვარ. 56 წელი წელი ვიცხოვრე. აფხაზეთის და აგვისტოს ომი განვლილი მაქვს კაცურად და ერთ რამეს მივხვდი, რომ თავისუფლება, ეს ძალიან მძიმე ტვირთია. კაცმა რომ თქვას, ადამიანი ჭეშმარიტად თავისუფალი სულ ორჯერ არის, ადამიანობამდე და ადამიანობის შემდეგ. ჰეჰე... ხომ გესმით, ბიჭებო: სიცოცხლემდე და სიცოცხლის შემდეგ. ჩვენ აქ ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ვიყოთ და უნდა ვიყოთ კიდეც. ახლა „ანარხისტობა“ არაფერში ივარგებს.
    მოკლედ, მე მუსტაფა ნოვრუზოვი ვარ. - და ხელი პირველად აფხაზას გაუწოდა, შემდეგ ანდრონიკეს და ბოლოს, ცხადია, ვის, თუ არა ხორცისმჭამელს?! ხოდა, მუსტაფამაც არ დააყოვნა ამ ჯერზეც:
- ხორცისმჭამელი?! რატომ, ხორცისმჭამელი?!
    სამივე სულიერმა ძმამ სიცილი მორთეს და რა თქმა უნდა, ხორცისმჭამელმა როლანდიმაც დაიწყო სულმოუთქმელად თავისი საყვარელი ამბის მოყოლა:
- ომამდე, ერთი კარგი მეგობარი მყავდა, ერისთავი იყო გვარად და ყველანი ერისთავს ვეძახდით.
    მე და ერთისთავი საუკეთესო მეგობრები ალბათ იმის წყალობით ვიყავით, რომ ძალიან ვგავდით ერთმანეთს; გვიყვარდა მდინარეზე სიარული, ნადირობა და ზოგჯერ ბაყაყების გაბერვა. ხომ გესმით ბიჭებო, აბა სხვა რა უნდა აკეთო ხევსურეთში?! როცა 18 წელს არც კი ხარ აცელილი. ხოდა არც ხევსურეთმა დააყოვნა და ჩვენთანაც შავი ჭირივით შემოვარდა აღმოსავლური დამოკიდებულება სამყაროს მიმართ. ეს ჩემი სულიერი ძმა კიდევ, მალევე მოექცა ამ ყოველივეს გავლენის ქვეშ. წარმოიდგინე, ბიჭო, ცხვარს აღარ ატყავებდა, და ხორცს აღარ ეკარებოდა, აზრზე მოდით, ხევსური კაცი... ცოტაც რომ დამეცდია, კაბასაც ჩაიცვამდა ალბათ... და ვინ იცის, მერე...
    ეს მე საშინლად მაღიზიანებდა. თითქოს, რაღაც არამიწიერი შეუძვრა და ძმა დავკარგე... არადა, რომ გენახათ თავის დროზე, ნიღბებიც კი დაუმზადებია სხვადასხვა ცხოველის ტყავით. ერთხელ ისიც კი მაქვს ნანახი, როგორ გადაყლაპა ცოცხლად თევზი.
    ხოდა, უნდა განმეკურნა ძმა. სხვა გზა არ იყო, ხომ გესმის, მუსტაფა ხარ თუ ვიღაცა... აბა მარტოდ დარჩენა რა ხეირი იქნებოდა?!
    ერთ ლაშქრობის დღეს, როდესაც სოფლიდან ძალიან შორს ვიყავით და აღარც ვიცოდით უკვე, სად ვიყავით, ერისთავმა ფეხი მოიმტვრია კლდეზე. მანდ მოვედი გონს, რომ ეს მისი განკურნების დრო იყო. მისი წათრევის, ან რაღაცნაირად ფეხის ტკივილის შემსუბუქების მცდელობის ნაცვლად, იქიდან წამოვედი, მაგრამ არც ისე შორს წავსულვარ, რომ მისთვის თვალყური არ მედევნებინა. ასე დარჩა მარტო ველური ბუნების წინაშე ერისთავი. სუსტი, ქალაჩუნა ერისთავი. რვა დღე და ღამე ვაკვირდებოდი, და არ წამოვსულვარ იქიდან, სანამ არ ვნახე, როგორ დაიწყო ოთხ ფეხზე სიარული და ცოცხალი ჩიტების ჭამა. მივხვდი, რომ ნაწილობრივ განიკურნა, თუმცა სრულ განკურნებამდე, ვიფიქრე, სახლში თავად, დამოუკიდებლად უნდა წამოსულიყო. მე წამოვედი იქიდან და ის მის მერე აღარც მინახავს. მითები კი გამიგია რაღაცა ტყის ცხოველის შესახებ, რომელსაც ადამიანის აგებულება ქონდა, მაგრამ როგორც ასეთი, თვალით არ მინახავს. ისე, ერთხელ კი მოვისმინე ადამიანის ღრიალი უღრანი ტყიდან, მაშინვე მივხვდი, ვინც იყო... მგონი, ერისთავი უარესად დავკარგე, ჰეჰე...
    მუსტაფამაც დაიკავა თავისი წილი პერფერატორი და დანარჩენებთან ერთად საქმეს შეუდგა. მომაბეზრებელი გამოდგა ეს ჩვენი მუსტაფა, საქმეზე მეტს განკარგულებებს გასცემდა რა როგორ უნდა გაკეთებულიყო, რომ კედლები სწორად დანგრეულიყო. განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ ერთით მეტი მონა საკანში.
    რუსეთს ყველა ნაგებობის ჩამოშლა სურდა საქართველოს მიწაზე, სხვა სიტყვებით რომ ითქვას: საქართველოს მიწასთან გასწორება უნდოდა. ამიტომაც ტყვე ქართველ მოქალაქეებს შიგნიდან ანგრევინებდა შენობებს და მონებიც ნანგრევებში ყვებოდნენ. ასე ისინი ბომბებს და ტყვიებს ზოგავდნენ. გასაოცარი მეთოდია.
    ბოლოს, როდესაც პერფერატორების ხმაური შეწყდა და ღამე ჩამოწვა, ნამძინარევი მუსტაფა ხორცისმჭამელმა გამოაღვიძა მეორე სართულის ლოგინიდან:
- მუსტაფ, ხორცი გიყვარს?!
- მე მუსლიმანი ვარ და ხორცისადმი სიყვარულის ჩემეული დამოკიდებულება მაქვს.
- კარგი, მუსტაფ, მაგრამ იცოდე, თუ ხელს შემიშლი შავი ზღვის ნახვაში, გეფიცები, ისე მოგექცევი, თითქოსდა პაცეფისტი ვეგეტარიანელი იყო... განგკურნავ, იცოდე, ხომ გესმის, არა?! ჰე ჰე....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები