ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა-ოხანაშვილი
ჟანრი: თარგმანი
22 მარტი, 2009


ილდიცი (I)

  ერთი ქვა გვედზე დაეცა, მეორე ყელში მოხვდა, მესამემ კი ფანჯრის მინა გატეხა. ილდიცი იქამდე მირბოდა, სანამ ჰაერი ჰყოფნიდა, მერე კი დაღლილი გაჩერდა. "ვინ არიან ეს თავგადაპარსული ადამიანები?' -ფიქრობდა ის -" მადლობა ღმერთს, სხვა მიმართულებით გაიქცნენ".
  ილდიცმა ხელი მოისვა ყელზე და სისხლი შერჩა. პატარა ჭრილობა ხელსახოცით მოიწმინდა, თან ფიქრი არ ასვენებდა. "რა უნდათ ამ კაცებს ჩემგან? რატომ მესროდნენ ქვებს? მე ხომ სხვა გოგონებივით გამოვიყურები, მაქვს მუქი ყავისფერი თმა, ჯინსსა და სპორტულ ფეხსაცმელს ვატარებ სხვებივით. თანაც, ამ თავგადაპარსულ ხალხს საერთოდ არ ვიცნობ."
  გოგონა ცდილობდა დამშვიდებულიყო. სახლში მისულს არც მშობლებთან და არც უფროს ძმასთან, მურატთან არ სურდა მომხდარზე საუბარი. მისი ძმა ხომ ყოველთვის იმას იმეორებდა, რომ გერმანელებისთვის ისინი უცხონი იყვნენ და რომ ამ ქვეყნის ხალხი მათ არასდროს მიიღებდა.
ნუთუ ამ სამმა იცოდა, რომ ის თურქია? კი, მაგრამ ვისგან უნდა სცოდნოდათ?.. მაგალითად, მარკუსის ძმა, ბენისგან, გოგონა ხომ მარკუსის მეგობარი იყო.
  ილდიცი გერმანულად ისევე საუბრობდა, როგორც სხვა გერმანელები. იგი აქ, ამ პატარა ქალაქში დაიბადა, გიმნაზიაშიც აქვე დადიოდა და მოფერებით ყველა ილის ეძახდა.
  მის ოჯახს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეგო, რაც იმ დღეს მოხდა, რადგან თუ ასე მოხდებოდა, მშობლები სახლიდან მარტოს აღარ გაუშვებდნენ, ხოლო მურატი კი მთელ ქალაქს შემოივლიდა და ყველა თავმოტვლეპილს სცემდა.იგი თვლიდა, რომ როგორც უფროსი ძმა, ვალდებული იყო და დაეცვა, მიუხედავად იმისა, რომ თვრამეტი წლის მურატი ილდიცზე მხოლოდ ორი წლით უფროსი იყო.
  ასე რომ არ მომხდარიყო, გოგონას უბრალოდ უნდა ეცრუა, თითქოს ფრენბურთის თამაშის დროს ურლიკას ხელი უბიძგა და მეგობარმაც გრძელი ფრჩხილებით ყელი გაუკაწრა. ურლიკე ილდიცის საუკეთესო მეგობარი იყო.
- ილი, შენ ხარ? - სასტუმრო ოთახის ღია კარებიდან გოგონამ მამის მეგობარი და მისი ცოლი დაინახა.
- გამარჯობა! ეხლახანს დავბრუნდი თამაშიდან, ამიტომ ახლავე უნდა მივიღო შხაპი.
თავის ოთახში შევიდა და სარკის წინ თავის ნაკაწრს ათვალიერებდა.
  ჭრილობა არც ისეთი საშინელი იყო, თანაც იმედს იტოვებდა, რომ ეს ქვები მისთვის არ ყოფილა განკუთვნილი, რადგანაც ამ ადამიანებს სულ არ იცნობდა. მიუხედავად ამისა, ამ საკითხზე არავისთან არ უნდა ესაურა, განსაკუთრებით კი თავის მეგობარ მარკუსთან.
  ილდიცმა იცოდა, რასაც ფიქრობდა მარკუსი სკინების შესახებ...იქნება ამ სამმა იცოდა, რომ ის ხშირად არის მარკუსთან?
  გოგონა აბაზანაში შევიდა და შხაპს დიდხანს იღებდა. ის ახლა გრძნობდა შიშს, სირცხვილს, უსუსურობას. ამ ყველაფერზე ვერც საუკეთესო მეგობართან, ურლიკესთან ისაუბრებს, რადგანაც იგი მხოლოდ ერთს ეტყვის: "ასეთი ტიპები ყვეგან არიან, ილი!"
  გოგონა სასტუმრო ოთახში დაბრუნდა, რათა სტუმრებს მისალმებოდა. მამამისის ამხანაგი ჰყვებოდა თურქეთში გატარებული შვებულების შესახებ. მათ ანტალიაში მიწის ნაკვეთი ეყოდათ და ახლა სახლის აშენებას აპირებდნენ.ილდიცის მშობლებსაც იგივე სურდათ, ისინი ადრე თუ გვიან თურქეთში დაბრუნებას გეგმავდნენ.
  როდესაც მამის ხმა გაიგონა, ილდიცი შეკრთა.
  - არ გშია შვილო? რამე შეჭამე - მიმართა სერდალ ტოლუკმა, რომელიც ყოველთვის ამაყობდა შვილით.
  - არ მშია- თქვა გოგონამ. უცებ მამამ ყელზე შეხედა და ჭრილობა დაინახა.
  - რა მოგივიდა? - ჰკითხა მან
  როცა ილდიცი ფრენბურთის მის მიერ მოგონილი თამაშის ამბავს ჰყვებოდა, იგი რამდენჯერმე გაწითლდა.
  საღამოს კი მანსარდაზე გავიდა, წიგნი აიღო და წაკითხვა დააპირა, თუმცა მობილიზება არ შეეძლო.
  როცა გაიგონა, როგორ დაემშვიდობენენ სტუმრებს მშობლები, გოგონამ სასწრაფოდ ჩააქრო სინათლე. დედა შევიდა და ჰკითხა თუ რა მოხდა, მაგრამ ილდიცს არაფერი უპასუხია, ქალმა ღია კარები ნელა მიიხურა და შვილისთვის მეორე დღესაც კი არაფერი უკითხავს.
  ილდიცს დედა ძალიან უყვარდა, ქალს მოყოლილი ჰქონდა, თუ როგორი ძნელია გერმნიაში ყველაფრის თავიდან დაწყება. ფატმა ტოლუკი ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდა იყო და არცერთი გერმანული სიტყვა არ ესმოდა, ამიტომაც უცხო ქვეყნის შიში ჰქონდა და რაც მთავარია, მას ნოსტალგია ცეცხლივით სწვავდა.
  მურატი და ილდიცი გერმანიაში დაიბადნენ. ისინი გერმანულად უკეთესად საუბრობდნენ, ვიდრე თურქულად. დედა ცდილობდა ბავშვები გერმანელებისგან იზოლირებული არ  ჰყოლოდა და უფლებას აძლევდა  ეთამაშათ და ესწავლათ არა მარტო თურქ, არამედ გერმანელ ბავშვებთანაც. ფატმას სურდა მის შვილებს გერმნიაში თავი თავისუფლად ეგრძნოთ.
  მამა, სერდალ ტოლუკი კი ფულის გამომუშავებაზე ზრუნავდა. მას ჰქონდა მაღაზია, რომელშიც ხილით, ბოსტნეულით, სუნელებით და ყველით ვაჭრობდა. იგი სატვირთო მანქანით ყოველ დილით ეზიდებოდა პროდუქტებს ბაზრიდან. მაღაზიას ჰყავდა არა მხოლოდ თურქი, არამედ გერმნელი კლიენტებიც, მაგრამ ერთ დღეს რაღაც მოხდა და მაღაზიის გისოსებზე და კედლებზე გაჩნდა წარწერა "თურქები გარეთ".
  ამაზე ფატმა ტოლუკმა ბევრი იტირა. მურატი სამი დღე შინ არ დაბრუნებულა და არ მოიძებნებოდა ადამიანი, რომელსაც მისი ადგილსამყოფელი ეცოდინებოდა.  ხოლო მამას  მოსვენება ჰქონდა დაკარგული და მხოლოდ  ერთს ამბობდა: "ისინი კრიმინალები არიან, ისინი არიან ყველგან".
  იქნება ეს სკინები ის  ნაცნობი თავგადაპარსულები იყვნენ, რომლებიც ილდიცს ქვებს უშენდნენ?!  გოგონამ თავი საბნის ქვეშ ჩაყო და ტირილი დაიწყო. ის ახლა თავს გრძნობდა მიტოვებულ, პატარა და უსუსურ ადამიანად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები