ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ნადირაძე
ჟანრი: პროზა
16 სექტემბერი, 2025


სექტემბრის ერთი დღე

ხედავ სამყაროს და ყოველი ფერი და ნივთი
შემოდის შენში და პოულობს საკუთარ სახეს,
წამოწექ ზღვასთან, დაისვენე, იგრძენ და მიხვდი,
რომ ერთი წუთით სასწაული შენ მაინც ნახე!
                                                    კოლაუ ნადირაძე

დილის ზღვა იყო (შავი ზღვა). სუსტი მზე ცაზე იჯდა და სხეულზე მიყურებდა: არც მწვავდა, არც მათბობდა, მგონი, სულ არ ვენაღვლებოდი. რამდენიმე წუთით ანგარიშმიუცემლად ვიდექი მუხლებამდე წყალში (როგორც ყოველთვის - გამოუძინებელი), მერე გამოვერკვიე, წამიერად მივიღე ლოგიკური გადაწყვეტილება და ერთბაშად, ტლანქი მოძრაობით (ან ნახტომით) შევუერთდი წყალს. ზღვამ  მკლავები მომხვია (აი, როგორც მთვრალი ქმარი მოხვევს ცოლს) მიმიზიდა და ჩამიხუტა - ე. ი. მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ, და გამაგრილა (გამიგრილა სხეული, სული(!), აწ უკვე ფხიზელი გონება) და დამამშვიდა და ალერსი მითხრა (თავხედურად) და ყურში რაღაც ჩამჩურჩულა (ოღონდ არ მახსოვს, რა), გამითანაბრა. მეც გადარეულმა და გაშმაგებულმა და სუნთქვაგახშირებულმა და გზნებით დამწვარმა (როგორ შეიძლება წყალში იწვოდეს კაცი?!) შევცურე მასში. შევცურე ღრმად. და დავრჩი. ახლა ვიყავით მხოლოდ მე და ზღვა. არავინ სხვა. და ვიყავით მანამ, სანამ არ აღმოვაჩინე და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ აღმოვაჩინე:  სიცოხლის წყარო არის ზღვა! სიცოცხლის და ალბათ სიყვარულისაც. ჰო, სიცოცხლის და ალბათ სიყვარულისაც და უსასრულობის და მარადიულობის. ყველაფრის. მე კანით (ახლა უკვე მარილიანით და სველით) ვიგრძენი, რომ სანამ იარსებებს ზღვა, ვიარსებებ მეც. შესაბამისად, იარსებებს და იდღეგრძელებს და იმღერებს სიცოცხლე, ჩემში შევუშვებ სიყვარულს (ლურჯს, გრილს, ნაღდს, მსუბუქს, ზოგჯერ ქარიანს, გამჭვირვალეს, ყმაწვილურს, ზოგჯერ შლეგს, წყნარს, ზოგჯერ ჭუჭყიანსაც), შევერწყმები უსასრულობას და გავხდები მარადიულობა. დიახ, მე ასე მიყვარს ზღვა. ვუყვარვარ მასაც (ეჭვი არავის შეეპაროს!). მართალია, დროგამოშვებით, განსაკუთრებით, ზაფხულობით ვღალატობთ კიდეც ერთმანეთს (ვაღიარებ!), ის სხვებს ეალერსება და მე კი - სხვებს, მაგრამ ვიცი და მწამს, რომ ჩემი და მისი (შავი ზღვის) სიყვარული უპირატესია. იგი მართალია. იგი უსაზღვროა. ღრმაა. ხან მშვიდია, ხანაც ბობოქარი. ასეა, ჩვენ ერთმანეთისთვის ვარსებობთ: სადმე და ერთად.
დღეს სექტემბრის სუსტი და აგვისტოს სიცხეებით გათანგული მზე ფეხზე იდგა და ჩუმად გვისმენდა, - მე და ზღვას. გვიყურებდა, გვისმენდა და იქნებ შურდა კიდეც ჩვენი. რას გაუგებ მზეს, - ამ მოხუც, მუნჯ ვარსკვლავს.
მე კი წყალთან ყოველი შეხებისას გული შეყვარებული (და დაბნეული) ქალივით მიცემდა. ქალივით თუ კაცივით? რა მნიშვნელობა აქვს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები