ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ნადირაძე
ჟანრი: პროზა
26 სექტემბერი, 2025


ძაღლი

დასუსტებული, ბებერი ძაღლი დედამიწაზე გაწვა და ჰაერი დაყნოსა. სიკვდილის მწკლარტე, ნესტით შეზავებული სუნი იგრძნო.
"ვკვდები, - გაიფიქრა და თავი ფილას დაადო. - რა იყო ჩემი ცხოვრება? რისთვის ვიარსებე? რა აზრი ჰქონდა ამ ყველაფერს?".
თათები გაილოკა. მერე მუცელს მიადგა. ენა უხალისოდ აუსვა აქერცლილ, ბეწვგაცვენილ ნაწილებს. სხეულსაც სიკვდილის გემო დასდევს.
უთავბოლოდ წანწალი, გამომხმარი კუჭი და ლუკმაპურის მათხოვრობა, სიცივე, წვიმა და ქარაშოტი, გინება და წყევლა-კრულვა, ქვა, ჯოხი თუ წკეპლა. ადამიანები... სახელიც კი არავის დაურქმევია მისთვის; ისიც არ ახსენდება, ოდესმე თუ მოფერებია ვინმე.
აი, ნამდვილი ძაღლური ყოფა!
უცებ ხმამაღლა ყეფა მოუნდა, მაგრამ მალევე გადაიფიქრა. ვის ან რას უყეფოს? აღარც ღონე აქვს ამის, აღარც სურვილი.
წევს და უჭირს სუნთქვა. ძაღლის გუმანით ხვდება, უკანასკნელ საათებს ითვლის, ან წუთებს სულაც. ჰო, მზის ჩასვლამდე გათავდება ყველაფერი. ბოლო სხივებია, ბოლო მიწიერი შუქი...
თავი ასწია. ყურები დაცქვიტა. ენა გადმოაგდო. თვალები ნელა დახუჭა. გაახილა. ისევ დახუჭა. ისევ გაახილა. გადაატრიალა. ყურები ჩამოუშვა. ენა გადაყლაპა. თავი მიწას დაადო და გაირინდა.
კიი, ისაა.
მოდის. მოიწევს. უახლოვდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები