 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 23 ოქტომბერი, 2025 |
,,საქართველოა ჩემი საუნჯე“ - ასე დავარქვი ჩემი ლექსების კრებულს. სათაურიდან გამომდინარე კრებულში საქართველოზე ლექსები შევიტანე. ყდაზე სვეტიცხოვლის ტაძარია.
ჩემს სათქმელს 2005 წლიდან პოეზიით ვამბობ. საოცარი რამ არის პოეზია, ანდამატივით იზიდავს მკითხველს.
კრებულში შევიტანე ტაო-კლარჯეთზე დაწერილი ლექსებიც. ტაო-კლარჯეთზე ლექსების მთელი ციკლი მაქვს შექმნილი.
ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად ვეწვევი ტაო-კლარჯეთს და აუცილებლად მოვილოცებ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ამის.
დარწმუნებული ვარ, დაუბრუნდება ტაო-კლარჯეთი თავის დედასამშობლოს. მთავარია, რწმენა არ დავკარგოთ. ის, რაც შეუძლებელია კაცთაგან, შესაძლებელია უფლისგან.
დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო, რომელსაც ,,ქართველის მონოლოგი“ დავარქვი:
აიეტიდან მოვდივარ - ოქროს საწმისის მფლობელი, აღმაშენებლის ლოდი ვარ, გელათის საგალობელი.
ისეთი ქვევრის ღვინო მაქვს, ისეთი ვაზის ჯიშები, მთვრალიც ჩაიდენს გმირობას, გაუქარწყლდება შიშები.
ვუმღერი დედაშვილობას, დაჭრილ გულს დრო გაამრთელებს, ვუქებ მამულიშვილობას მსხვერპლად შეწირულ ქართველებს.
ლექსს ვუწერ იმათ ცხოვრებას, ვინც იყო ერის სინდისი... ყოველთვის მემახსოვრება: ცხრა აპრილი და შინდისი.
მანცვიფრებს ფრესკა თამარის - ბეთანიაში ნახული, საქართველოა! - აქ არის ბანა, ოშკი და ხახული.
მსურს მოვილოცო სამთავე, ვიმოგზაურო წარსულში, მოვკვდები, დამასაფლავეთ ამ ჩემს სალოცავ მამულში.
წელგამართული დავდივარ, არც რა მჭირს სანანებელი, გორგასლის მუზარადი ვარ, რუსთველის ნიჭის მქებელი.
ვკითხულობ ,,ვეფხისტყაოსანს“, მაოცებს შოთას აზრები, ვითარცა დედას შაოსანს, მელიან ჩემი ტაძრები.
გავჩნდი... შუბლზე მცხეს მირონი, წყალობას ღვთისგან მოველი, ალავერდიც მაქვს, ილორიც, იყალთოც, სვეტიცხოველიც.
კვლავ სიამაყის განცდით ვწერ, სულშიც მინთია სანთელი, როს მიწა გულზედ გადმიწვენს, ცაშიც ვიქნები ქართველი.
ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|