 | ავტორი: ან... ჟანრი: პოეზია 4 ნოემბერი, 2025 |
სიჩუმისფერი განცდები მქონდა და სიყვარულსაც ასე ვითმენდი. რიქშაში შებმულ მონას ვგავდი, შენ- მგზავრი ჩემი, გამეტებით მიქნევდი მათრახს, რომ სწრაფად მევლო, გავცდენოდი კუპრივით მორევს და შენი სული ტკივილიდან ამომეთრია... ოფლში ვიწურე, ფეხშიშველმა ვზილე ტალახი და სუნთქვაშეკრულ ფილტვებს ვანდე გზების გათელვა... ამოგიწურე უპეებიდან ყველა დარდი, სირცხვილი, დრტვინვა... სარეცხის თოკზე გამოვფინე, გავახმე და ზამთრისათვის გადავინახე. ობმოკიდებულ მუხლისთავებზე თრთოლვით გადებ მლაშე საფენებს- მუხლებს გიკოცნი და ვულკანივით იფრქვევიან ჩემში ვნებები, მაქვავებენ და ატყორცნილი ფერფლივით ვქრები - მარტივია გამოსავალი. თან ვარ, თან- არა. მოჩვენებითი სიმყუდროვე ლეწავს ყველაფერს, რასაც აქამდე ერთგულების არშია ერტყა. მოთმენისათვის არ უხდიან მონებს საფასურს, მე-გამიმართლა. ღირსებისათვის გადებული ბეწვის ხიდი გადავირბინე, რადგან სიჩუმეს ოქროს ფასი დავადე, როცა შენ აგირჩიე და დათმენის სამაგიეროდ დავისაკუთრე ის რაც მერგო დასაწყისშივე. შენი ცოდვები შევიყვარე და ჩვენ გადავრჩით. მე სიყვარულით შენი თავი გამოვისყიდე და შენთან ერთად უფრო მეტი - თავისუფლება!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|