ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: პროზა
21 იანვარი, 2026


ბაბაიკა თიფთია



  პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს, რომ პირველად საბავშვო ბაღში მითხრა ლამზირა მასწავლებელმა:
- ნუ ეშმაკოფ, თვარა ბაბაიკა მუა და წაგიყვანს!-ო.
მე არ ვიცოდი ვინ იყო, ან რა იყო ბაბაიკა, ამიტომ არ შემშინებია და გაბედულად ვუპასუხე - მევიდეს, მერე, რას მიზამს?!
ლამზირა მასწავლებელს არაფერი უთქვამს ისე მივიდა ფანჯარასთან და რაფას დაეყრდნო.
მე ეშმაკობა გავაგრძელე, რაც გოგონების კიკინების თითით მოძრაობაში მოყვანაში გამოიხატებოდა.
ცოტა ხანში აღმზრდელმა დამიძახა და  მივუახლოვდი.
მან ორივე ხელით სწრაფად მომწყვიტა იატაკს სიტყვებით:
- ე! იგია,  ბაბაიკა, თუ არ გეშინია!
  პირველად რასაც მოვკარი თვალი, რკალისებური ზურგი იყო, მერე მოხრილი ფეხები, მერე მიწისკენ დახრილი თავშალში გახვეული თავი.
  მოხუცი, აუჩქარებლად და ფრთხილად მოძრაობდა. წამიერი პაუზის შემდეგ, აღმზრდელ ლამზირას გავხედე და ნიშნისმოგებით  ვეუბნები:
- გევიქცევი და, მაი, რას დამეწევა?!
  ლამზირამ არ დააყოვნა, წარბები ზევით ასწია, ტუჩებს სიმრგვალე შესძინა და ასო-ბგერა
,,ოოოო!,,-ს
მისტიური  მნიშვნელო მიანიჭა და მეუბნება:
- მაი, დაფრინავს! მაგას დიდი ცოცხი აქ,  იმას მუაჯდება და დაგეწევა!
  დაძაბულმა გავხედე მოხუცს და ახლა უკვე გაუბედავად ვთქვი :
- არააქ ცოცხი
  აღმზრდელი ლამზირა, რომლის  მაქსიმალურად  შეძულება უკვე მოვასწარი, ახლა შეცვლილი ბოხი ხმით მეუბნება:
- გ-ა-ა-ჩე-ე-ენს
!
შეძულებულ ლამზირას, ხელიდან დავუსხლტი და იატაკზე, ზურგით კედლისკენ ჩავჯექი.
ხელები თვალებზე ავიფარე და მალევე დავინახე, როგორ მოფრინავდა ცოცხზე შემომჯდარი ბაბაიკა ბაღის ფანჯრისკენ, როგორ შემოლეწა ეს ფანჯარა, ოთახში წრე დაარტყა, ჩემს წინ დაეშვა, ხელი ძლიერად ჩამჭიდა, იატაკს ამაცალა, მის უკან, ცოცხზე შემსვა და ბაღის ეზოში გავიჭერით.
  ლამზირა ხარხარებდა.
ბავშვები ხელს მიქნევდნენ. ჩვენ მივფრინავდით.
  გადავფრინდით ბაღის ეზოდან და ზევით გავქანდით.
  უცებ, ბაბაიკამ გამომხედა.
  აღმზრდელ ლამზირასთან შედარებით, ძალიან ლამაზი იყო, ბაბაიკა.
  მერე გამიღიმა და მეუბნება:
  - ხომ აღარ გეშინია ჩემი?
  მართლაც გამიქრა ყოველგვარი  შიში და თავი გავაქნიე.
- ასე აშინებს ბავშვებს,  ლამზირა, არადა, სულ არ ვარ საშიში.
პირიქით, ძალიან კეთილი ვარ. რა დავუშავე არ ვიცი.
ეს კი, იყო, ერთხელ ცოცხი მთხოვა. მითხრა - გავფრინდები, ჩემს გურამს მოვინახულებო.
მომენატრაო, და უარი უთხარი. არ შეიძლება ვინმესთვის ამ ცოცხის თხოვება.
ძალას დაკარგავს და ვეღარ ვიფრენ. ალბათ გამინაწყენდა.
  - გურამი, ვინაა, ბაბაიკა, ბებია?
  ვკითხე, მე.
  - გურამი?
გურამი, მისი პირველი და ბოლო  სიყვარულია.
  - მერე, სადაა, ახლა?
  - აღარაა
- იყო და აღარაა?
- აღარაა
- ზღაპარივით ყოფილა, მაი გურამი.
- კი.
ზღაპარივით ყოფილა, გურამი.
- გურამისაც უყვარდა,  აღმზდელი ლამზირა?
- ლამზირამ, მაი არ იცოდა
- მასე შეიძლება?
  ბაბაიკა ბებიამ გამომხედა, გამიღიმა და მითხრა:
- შენ, რომ იმ გოგოს ხშირათ უყურეფ, ლოყა რომ ეკუნჭება და აპრეხილი ცხვირი რომააქ, იმან იცის, რომ გიყვარს?
- არა
- ესეიგი, შეიძლება, ხომ?
- ჰო, კაი, შეიძლება.
  ვთქვი, მე.
  - აბა, მაგრათ შემუუჭირე ხელები ცოცხს, სიჩქარეს მუუმატეფ.
ისე ჩქარა მივფრინავდით, რომ თვალსაც ვერავინ მოგვკრავდა.
  - სად მივფრინავთ, ბაბაიკა ბებია?
ვკითხე, მე.
  - ნახავ, პაწახანში.
  ცოტახანში ქვევით ლურჯი მდინარე შევამჩნიე.
ზუსტად ისეთივე იყო, როგორც ჩვენს თავზე ცა.
სწორედ ამ მდინარის ყვავილებით მოჭედილ ნაპირზე დავეშვით. მეორე ნაპირიდან სუსტი, სასიამოვნო სიო უბერავდა და ულამაზესი მუსიკა მოისმოდა.
- რაია, აი, ბაბაიკა ბებია?
ვკითხე.
- ე! მოდის!
- ვინ მოდის?
- ნახავ, ახლა!
  იქითა ნაპირზე, ვიღაც მაღალი, სიმპათიური ახალგაზრდა გამოჩნდა.
ჩვენ გვიყურებდა.
მერე მდინარეზე გამოიარა და აქით ნაპირზე გამოვიდა.
ჩვენსკენ მოდიოდა და ფეხებქვეშ იყურებოდა. შევამჩნიე, რომ ისე მოგვიახლოვდა, არცერთი  ყვავილისთვის ფეხი არ დაუდგამს. არადა, ყველგან იყო.
მოგვიახლოვდა და გაგვიღიმა.
  მერე ბაბაიკა ბებიას ჰკითხა:
- აგია?
ბაბაიკამ თავი დაუქნია.
ჩემს წინ, მუხლებზე დადგა, და ჩემი სიმაღლე გახდა. ცოტახანს  მიყურებდა.
  მერე, სახე ჩემთან ახლოს მოსწია, დამყნოსა, თვალები დახუჭა, გაიღიმა და თქვა:
  - მისი სუნი აქ.
  - ვისი?
ვკითხე, მე.
- იცი, რა უთხარი?
- ვის?
  - უთხარი, რომ მოვდივარ, ისევლე იმ ყვითელ სკამზე ვჯდები.
  - რომელ ყვითელ სკამზე?
ვის უთხრა?
  - კიდომ, უთხარი, რომე მეც მიყვარს
- ვის?! ვის?! აღარ მეტყვი?!
  მეტი არაფერი უთქვამს. წამოდგა.
ბაბაიკა ბებიას თავი დაუხარა, მდინარისკენ გაემართა და ისევ იქით გადავიდა.
  - წავედით!
მითხრა, ბაბაიკამ.  მივხვდი, ისევ უკან მოვფრინავდით.
- ვინ იყო, იი კაცი, ბაბაიკა ბებია და ვის რა უნდა უთხრა?
  პასუხი დამიგვიანა.
  ბაღის ფანჯარაში რომ შევფრინდით და  იატაკზე, ისევ იმ ადგილას, ცოცხიდან ჩამომსვა,  მითხრა:
- მე, თიფთია მქვია და ბაბაიკა არ ვარ.
  გავხედე და ჩემს წინ უმშვენიერესი  ფრთებიანი ახალგაზრდა (დანამდვილებით ვერ გეტყვით გოგონა, თუ ბიჭი) იდგა.
ის ჩემსკენ დაიხარა და ჩუმად მითხრა:
- იი, კაცი, გურამი იყო, და აწი კი მიხთები, ვის რა უნდა უთხრა.
  მერე -
აბა, მშვიდობით-ო და უცებ გაქრა.
  სახეზე ცივი წყლის წვეთები ვიგრძენი და თვალები გავახილე.
იატაკზე ვიწექი და ზევიდან ბაღის  აღმზრდელების, ლუიზას, თამილას, ნუნუჩის და  ლამზირას შეშინებული  სახეები დამყურებდნენ:
  ყველას  გავუღიმე და ლამზირას ვუთხარი:
- ლამზირა მასწავლებელო, მითხრა, მეც მიყვარს იცოდესო, მასთან  რომ მივდივარ, სულ ყვითელ სკამზე ვჯდებიო და კიდომ, თიფთიას უთხრა - მისი სუნი აქ-ო.
  ცრემლიანი ლუიზა, თამილა და ნუნუჩი,  ლამზირას უყურებდნენ. გაოცებული ლამზირა მე მომშტერებოდა.
ტუჩების ცახცახით მკითხა:
- თიფთია, ვინაა?
  - თიფთია, იი ბაბაიკაა, ფანჯარაში რომ დამანახვე.
  ლამზირა აღმზრდელმა ფრთხილად წამომაყენა,  გულში ჩამიკრა და მომეჩვენა, რომ მანაც დამყნოსა.
ლოყაზე თბილი სისველე ვიგრძენი და ძლიერად მოვხვიე ხელები.
ყურთან მკითხა:
- როგორი იყო?
- მაღალი და ლამაზი და ყვავილებს ფეხს არ აბიჯებდა.
- გინახავს.
    თქვა და ცხვირაპრეხილის გვერდით დამსვა, ლოყა რომ ეკუჭებოდა. მე მისკენ გადავიხარე  და ყურში ჩავჩურჩულე ქვეყნიერების ის  ერთადერთი მთავარი სიტყვა, რომელიც გურამმა, ლამზირასთან გამომატანა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები