ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ველისციხელი
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2026


კარტოფილის ყვავილები

აბა , მოვიდა გუშინდელი დღიური ლექსად.  ჩვენ სხვებზე ადრე ჩამოვედით, ჯერ სანდიეგოში ვართ, მექსიკის საზღვართან  ახლოს და დანარჩენ მისიონერებს ველოდებით, რომ ავტობუსით  მათთან ერთად წავიდეთ.
  გუშინ  ,,მიდვეის” ავიამზიდი - გემ-მუზეუმი დავათვალიერეთ, შოკში ვარ!

#ლექსები

ნინო დარბაისელი

კარტოფილის ყვავილები

ერთი  კარტოფილი,
ორი  კარტოფილი,
სამი!-
ყვითლებში  - კაცია შავხელთათმანება.
რაცია - შემდეგი!….

შედეგი?!-
ზედ  გულზე შემდექი!
მტერს გაანადგურებ,
აქ დაისადგურებ.
სამხედრო გემბანი,
ყრუ დარიგებანი,
-ღმერთო, რა დიდია!
- ავიამზიდია.


მე კი მეგონა,  მეზღვაურები  ქვეყნად იმისათვის არსებობებენ, 
რომ ზღვას უხდება შორეული,
თეთრი გემები.
ხოლო გემები - ადამიანებს,
მეზღვაურებს  აუცილებლად საჭიროებენ,
საჭიროებენ,
შესაკრავ ღილებს  -
გაწკრიალებულ უნიფორმაზე.


2.
ერთი - კარტოფილი,
ორი - კარტოფილი,
სამი!…
მე კი მეგონა,
რომ ეს იყო მეზღვაურობა -
სადმე,
ბაქანზე ან ბულვარში გამოწკეპილად სეირნობა,
რანგით უფროსთა დანახვაზე  - მისალმება მეზღვაურული.
ხოლო ქალწულებს ოქროსთმიანებს, 
ნიავში  თეთრად მოშრიალეებს
კარტოფილის  ყვითელგულა ყვავილებივით,
მუდმივად უნდა ეცილებინათ ნაპირებიდან
ეს კაცები  ხელის დაქნევით,
უნდა ელოდათ  უსასრულოდ
და ჩამოსულებს  -
შეხტომით და ჩახუტებით შეგებებოდნენ…
როგორც ამ  ცნობილ ფოტოზეა!

3.
ერთი კარტოფილი,
ორი  კარტოფილი,
სამი!
რა სასტიკია და შეუვალი ეს ყველაფერი,
ეს რა ყოფილა მეზღვაურობა
ან გემი თურმე!
მართლა ნაპირთან მოქანავე,
კარტოფილის
თეთრი ყვავილი კი არ არის,
ამ ზღვისნაპირა,
ამ  დიდ ქალაქში -  ეს არის მთელი დიდი ქალაქი,
სახელმწიფოში  - სახელმწიფო,
მითუმეტეს თუა სამხედრო,
და მით უმეტეს - თვითმფრინავთა გადამზიდველი.
ბრძოლაში მიჰყავს ოთხმოცამდე ვეტმფრენი ერთად!

4.
ერთი კარტოფილი,
ორი  კარტოფილი,
სამი!
ო, რახანია, დატოვეს გემი მეზღვაურებმა,
სამხედროები -  გადარჩენილნი -  ჰოსპიტალებში შემორჩენილი ვეტერანები არიან ალბათ,
ვინც ვერ გადარჩა, სახელი მისი  სამარადისოდ ამ ოქროსფერ დაფაზე დარჩა.
ჩაბარდა  უკვე ავტომატური ღილაკის თხრობას ის დისციპლინა,
საყოველთაოდ
ნორმატიული მოზომილობა:
გაუქმებული საწოლები -
რკინის რიგები -
დაბალი, მრავალსართულიანი;
საშხაპენი და სამრეცხაონი,
სამკერვალო და სამზარეულო,
სასადილოთა  ხორცისა და ბოსტნეულის,
სხვა პროდუქტების  ცალკე მაცივარი-ოთახები უზარმაზარი.
სამედიცინო დეპარტამენტი,
საამქროები,
ამხელა ძრავა -
ამ ძრავაში მე და შენ ერთად,
შენ -  სულ იცვლები ასეთ მომენტში,
შენ ახლა  მართლა გავროში ხარ,
უზარმაზარი ცხოველის  გულში მოხეტიალე,
მე  კი გავროშის მოიმედე,
და  ხელის მჭიდროდ ჩამჭიდებელი  ობოლი ვინმე,
ციხეც კი, ციხის გისოსები,
ეს - დამთრგუნავი
ინდუსტრია უზარმაზარი!

5.
ერთი კარტოფილი,
ორი  კარტოფილი,
სამი!
ხელს გაგიშვებ და  ჩემს არსებაში ვიღაც ხმიანობს:
მე აქ რა მინდა,
აქ - არაფერი - მე -  არ მგულისხმობს,
და საერთოდაც,
არაფერია დარჩენილი დედამიწაზე,
გაუქმებულ სამხედრო  გემზე  უქალო და
გემზე უფრო მასკულინური.
(ეს- დღევანდელი ტურისტები - არ ითვლებიან!)
რატომ ვუცქერი დაჟინებით უკვე გემის სპეციპიკურ სუნს შეჩვეული
ამ რკინის პეპლებს,
მე აქ რა მინდა!
პეპლის საჭერით, მინდვრად პეპლებს უნდა დავდევდე
და უნდა მეცვას სულ ყვავილებით  მოჩითული  ფუშფუშა კაბა.
შენ რამ დაგძაბა, აბა, ეკლები?
შენ არ გინახავს  კარტოფილის ოქროსგულა,  თეთრი ყვავილი?
ამ თვითმფრინავის ბლანტ შუშაში
მე ვირეკლები.

ერთი კარტოფილი,
ორი კარტოფილი,
სამი!

- - - -

* ერთი კარტოფილი,
ორი  კარტოფილი,
სამი! -  თვლაა  საგანგებოდ, ყვითლებში ჩაცმული სამხედრო პირის მიერ. ძრავაჩართულმა თვითმფრინავმა  ამ დროში უნდა დატოვოს გემბანი,  თუ ვინმე  გაიტანა-გაიტანა,  არ უნდა შეჩერდეს! ეს - მისი პრობლემა არაა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები