ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
1 ივლისი, 2026


ძველთაძველი ზღაპარი

ძველთაძველი  ზღაპარი
   





  ძალიან დიდი ხნის წინ, უხსოვარ დროს, გვერდიგვერდ, სამი პატარა სამეფო მოთავსებულიყო. როგორც ყველას,  ამ სამეფოებსაც ალბათ მეფეები ჰყავდა და როგორც ყველა მეფეს შეშვენის, ალბათ სახელებიც ჰქონდათ. ჩვენ რომ სამეფო მოგვეწონებოდა, მარცხენა მხარეს მდებარეობდა და მის მეფეს მარგია ერქვა. ჩვენ რომ სამეფო არ მოგვეწონებოდა, მარჯვენა მხარე ეჭირა, რომელსაც მეფე ხარბია მართავდა.
    შუაში მდებარე სამეფოს ასავალ-დასავალი არავინ იცოდა. არც მეფე და არც მსახურები თვალით არავის ენახა და საერთოდ ჰყავდა თუ არა ამ სამეფოს მმართველი, ვერავის გაეგო. ერთადერთი რასაც ხედავდნენ ის იყო, რომ ღამ-ღამობით, სასახლიდან საოცარი შუქი გამოსჭვიოდა და გათენებამდე სასახლე მზესავით ანათებდა. და კიდევ, თვეში ერთხელ უზარმაზარი ფრინველი მოფრინდებოდა ხოლმე, სასახლეს რამოდენიმეჯერ გარს შემოუფრენდა  და გაუჩინარდებოდა.
    ხალხმა სამეფოებს სახელებიც შესაფერისი შეარქვა: მარგიას სამეფო, შუქიას სამეფო და ხარბიას სამეფო.
    მეფე მარგია, ძალიან კეთილი კაცი ბრძანდებოდა, ერთი ვაჟი ჰყავდა და ყველანაირად ცდილობდა, უფლისწულიც კეთილშობილ მეფედ გაეზარდა.
    ერთხელ მეფე მარგიას გლეხი ეახლა.
    - მეფეო, მცირე ზომის მიწა ან მომყიდე ან იჯარით მომეციო.
    - რატომ უნდა მოგყიდო, ან იჯარით რატომ უნდა მოგცე, ბევრი ფული გაქვსო? - ჰკითხა მეფემ. - მოიზომე რამდენიც გინდა და მოიხმარე როგორც გინდაო.
    - ასე არ შეიძლებაო - უპასუხა გლეხმა.
    - ვითომ რატომაო?
    - ასე არავინ აკეთებსო.
    - მერე მე განა “არავინ” ვარ? მე ხომ მარგია ვარო. - უპასუხა მეფემ და გლეხიც გაისტუმრა.
    ცოტა ხანში მეორე გლეხი ესტუმრა, შემდეგ მესამე და მეოთხე. ყველას ჩამოურიგა მეფემ მიწები და რაც მთავარია, თვითონაც ძალიან კმაყოფილი დარჩა. სასახლეღა შემორჩა მეფე მარგიას და დედოფლის საყვარელი ბაღი, სადაც ულამაზესი ყვავილები ყვაოდა.
    - მამა, სამეფო აღარ არსებობს, მიწები აღარ გვაქვს და ყმები არ გვყავს. რა უნდა ვჭამოთ, ან რა უნდა ვსვათ? - ჰკითხა ერთხელაც უფლისწულმა.
    - ჩვენი სამყოფი საჭმელიც გვაქვს და სასმელიც. შენ მაგაზე არ იდარდო. - უპასუხა მეფემ.
    ცოტა ხანში სასახლეს პირველი გლეხი ეწვია.
    - მეფეო, - მიმართა მან. - შენს მიწაზე ხორბალი მოვიყვანე. მოსავალი ავიღე, დავფქვი, პური და ნაზუქი გამოვაცხვე. ნაწილი სახლში დავიტოვე, ნაწილი შენ მოგართვი.
    - რატომ წუხდებოდი? ეგ მიწა ახლა შენია.
    - არა მეფეო, სიკეთეს სიკეთით უნდა გადახდა. - უპასუხა გლეხმა და წავიდა. მალე მეორე გლეხი მოვიდა, შემდეგ მესამე და მეოთხე. ზოგს ძროხა მოუშენებია, ზოგს ქათამი და ღორი. ზოგს კიდევ ყურძენი მოუწევია და ღვინო დაუწურავს.
- დღე არ გავიდოდა თითო გლეხი მაინც არ მოსულიყო ძღვენით. მარგია ძღვენს იღებდა, ნახევარს იტოვებდა, მეორე ნახევარს კი მსახურს ატანდა შუქიას სამეფოს სასახლეში.
    -კიბეზე ადი და კართან დააწყვე. მე მგონი სახლში მოხუცები ცხოვრობენ, აბა რატომაა, გარეთ გამოსული რომ არავინ გვინახავს? ღმერთი არ გაგიწყრეს, არ დააკაკუნო. შეიძლება მოერიდოთ და სანოვაგე უკან გამოგატანონ. ხომ ხედავ ღამე როგორ გვინათებენ კარ-მიდამოს, ეს ნამდვილად მადლობის ნიშანია.
    ყოველ დღე დაჰქონდა მსახურს ძღვენი შუქიას სამეფოში და წინა დღით მიტანილი ადგილზე აღარ ხვდებოდა.
    - ღმერთმა შეარგოთ - იტყოდა ხოლმე ნასიამოვნები მარგია.
    - მამა, დღეს მე წავიღებ ძღვენს მეზობელ სასახლეში, თან დავათვალიერებ იქაურ სამეფოს. ეგებ ცოტა წავინადირო კიდეც. -მიმართა მეფეს უფლისწულმა.
    - კარგი შვილო წადი, ოღონდ ფრთხილად იყავი. ხომ იცი, მაგ სამეფოზე ხარბიას უჭირავს თვალი და რაიმე შარს არ გადაგყაროს.
    - ხარბიას გამოზრდილ ლეკვებს ვეღარ მოვერევი? - გაეღიმა უფლისწულს. მეფემ ამაყად შეათვალიერა თავისი ვაჟი, რომელიც საოცარი სილამაზითა და ვაჟკაცობით გამოირჩეოდა.


     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები