ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა ჭიღლაძე
ჟანრი: პოეზია
10 ივლისი, 2026


უსიტყვოდ

ღამე იქნება ისე მშვიდი,ისე ლამაზი...
ქარი გაფანტავს სხეულიდან სევდის ნარჩენებს
და თეთრი მთვარე მოსვენებას აღარ დამაცდის
ისე წამიყვანს და უღრუბლო ზეცას მაჩვენებს.

სინამდვილეში მე დავეცი
ფრენით,  მიწამდე.
ქარიც ვიყავი.დიდხანს ვგავე ჩუმად ქუჩები
და არაფრისთვის ჩემი თავი ისე ვიწამე,
რომ გვიანია და ვერაფერს ვეღარ ვუშველი.

შენ არ შეგეძლო დაჯერება ჩემი წაქცევის.
შენ მზად იყავი ჩემთვის ცამდე კოშკი აგეგო.
შენ გეგონა,რომ უძლიერეს ქალად მაქცევდი.
ქალად რომელიც სიკვდილამდე უნდა აღმერთო.

მე კი  არ ვიცი რა გამოლევს შუშის ნამსხვრევებს.
მღვრიე გუბეებს , უცხო ქაოსს ვიწრო ზეცაში.
ზოგჯერ პატარა იმედებიც ვეღარ  მამხნევებს
და ვიკარგები ისევ ჩემი თავის ძერწვაში.

მაინც მგონია, რომ იქნება ღამე ლამაზი...
ქარი გაფანტავს სხეულიდან სევდის ნარჩენებს
და თეთრი მთვარე მოსვენებას აღარ დამაცდის
ისე წამიყვანს და უღრუბლო ზეცას მაჩვენებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები