| ავტორი: აგრო ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 19 აგვისტო, 2026 |
წლების მანძილზე ორი ხელით ჩაბღუჯული ბავშვობა გამიქრა თვალებიდან.ყოველ წელს, ერთით მეტი სანთლის ჩაქრობის შემდეგ, ერთით მეტ სისულელეს რომ ვამბობდი და ვაკეთებდი,ჩემს კალთაზე გამობმული ბავშვის გასახარად,ის სისულელეები გამომელია ალბათ.სარკიდან იმ ასაკის ბიჭი მიყურებს,ბავშვობაში რომ ამ ასაკის ადამიანი ნიკოლოზის დროინდელი მეგონა(ბებიაჩემისგან ვიცოდი ეს დროის საზომი,რომელიც ალბათ დინოზავრებთან სადღაც ახლო პერიოდი უნდა ყოფილიყო)წვერმა და თმამ სტუდენტობიდან დაიწყო გათეთრება,მაგრამ მაშინ ტრანსპორტში ბავშვები არ დგებოდნენ სკამებიდან ჩემ დანახვაზე,ახლა კი... ხომ ვთქვი ბავშვობა გამიქრა თვალებიდანთქო,ბავშვები კი ყველაზე ღრმად იყურებიან თვალებში და რას დაუმალავ. ვერც გავიგე რომელი დილა იყო როცა სარკეში მარტომ ჩავიხედე,როდის გამეშვა ხელი და როდის დავრჩი მარტო,უბავშვო და დავემაგავსე იმ ზრდასრულს,რომელიც პატარა პრინცის ნახატში უბრალოდ ქუდს ხედავს.ადრე ყურსასმენები არ მიყვარდა,რადგან ქუჩების ხმა მერჩივნა,განსაკუთრებით დილით.ახლაც არ ვიკეთებ ყურსასმენებს,ოღონდ მიზეზი უკვე ის არის რომ ხმამაღალი მუსიკა თავს მატკიებს და აღარ უხდება უბავშვო ფიქრებს.სანთლები ტორტზე ციფრებმა ჩაანაცვლა,სადღაა ამდენი სანთლისთვის სამყოფი ჰაერი,ადგილი ფილტვებში მხოლოდ ნიკოტინისთვის და მშრალი ხველისთვის დარჩა. მიყვარს შეგრძნება,როცა მოულოდნელად ჩემი შვილების შეხებას ვგრძნობ,როცა თავისი ნებით ხელს ჩამკიდებენ,ფეხზე შემომეხვევიან ხელში აყვანის იმედით სავსე თვალებით,თითქოს მხოლოდ ამ დროს სადღაც მათ უკან,ის დაკარგული ბავშვიც ლანდივით გაკრთება და ამ დროს,როგორც პირველი პაემნისთვის სამზადისში გართულ თინეიჯერს,ისე მინდება სარკეში ჩახედვა რომ ოსევ ვნახო და ბოდიში მოვუხადო რომ იყო დღე როცა ხელი გაეშვა,მე კი მანამდე ვერ შევამჩნიე,სანამ სარკიდან ვიღაც ჭაღარა კაცმა ისე არ დამიწყო ყურება,თითქოს მე ვიყავი მისი ანარეკლი და არა პირიქით.
წლების მანძილზე ორი ხელით ჩაბღუჯული ბავშვობა გავუქრი თვალებიდან და ერთხელაც კი არ შემობრუნდა ჩემ საპოვნელად...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|