მძღოლთან კამათით ჩამოვიდა ავტობუსიდან, ნაჭრის შავი შარვალი ჩამოიბერტყა, თითქოს სახლი სადაც ცხოვრობს ავტობუსზე სუფთა და მოწესრიგებული ჰქონოდა, შუაღამით ნაწვიმარ გუბეს რამდენადაც შეეძლო გადაახტა და ჩანთაში საფულის ძებნა დაიწყო, სადაც მხოლოდ ხურდები ეყარა. ბაზარში წითელი იაფიანი ვაშლის ძებნა დაიწყო, სადაც ხან რომელ ტალახში ჩადგამდა შემთხვევით ფეხს და ხანაც რომელში, აქა-იქ ჭუჭყიან დახლებსაც ეხებოდა თეძოებით და ასე გულიანად გარეცხილი შავი, გაცრეცილი შარვალიც კიდევ უფრო შესამჩნევად უსახური ხდებოდა. ზინა ერქვა, ქმარი, რომელიც სმისა და გინების მეტს არაფერს აკეთებდა, ხშირად ეუბნებოდა : " სახელიც სახესავით მახინჯი გაქვსო." არადა თავისი სახელი ქალს ძალიანაც მოსწონდა. როგორც იქნა ოთხი-ხუთი ცალი ვაშლი იყიდა, პაზიკში ავიდა და ბავშვთა სახლ-ინტერნატისაკენ გაემგზავრა. საგურამოში ორი წლის წინ პატარა ლიზიკო ჰყავდა დატოვებული. უსახსრობის გამო ვერც ბავშვს ზრდიდა ნორმალურად და დიდად ვერც შეიყვარა შვილი. ამ ხნის მანძილზე ორჯერ ჰყავდა ნანახი გოგო, რომელიც ახლა უკვე ექვსი წლის იყო და როგორც სხვა დანარჩენი ბავშვები, ისიც მოუთმენლად ელოდებოდა დღესასწაულებს, რომ დედა ენახა. ძირითადად მშობლები ბავშვებთან საახალწლოდ მიდიოდნენ, აღდგომას და დაბადების დღეებზე. ზინას წითელი კვერცხები არ ჰქონდა, მხოლოდ წითელი რამოდენიმე ვაშლი. ავტობუსი ბავშვთა სახლის ჭიშკართან გაჩერდა. ლიზიკოს თვალები მთელი დღე ჭიშკრისაკენ ჰქონდა მიმართული, თავის ოთახში იჯდა და ფანჯრიდან იყურებოდა. - დედა - დაიყვირა პატარამ ხმამაღლა და გარეთ გავარდა. ისე ეხუტებოდა შვილი ზინას, როგორც ვაშლი ტოტს, არაფრით უნდოდა ხელის გაშვება, მაგრამ დედამ გააშვებინა. - კარგი, გოგო, სირცხვილია, გამიშვი. - ლიზიკომ გაუშვა დედას ხელი, მაგრამ თვალებს არ აშორებდა. სანამ შენობაში შევიდოდნენ, ეზოში, გზად ყველას ეუბნებოდა, ჩემი დედიკოც მოვიდაო. ყველა ბავშვთან, დიდთან თუ პატარასთან იყვნენ დედები მისულები, მაგრამ ლიზიკოს ისე უხაროდა, გეგონებოდა მხოლოდ მასთან მივიდა დედა. ბავშვები საჩუქრებს ხსნიდნენ, ზოგს თოჯინა მიუტანა დედამ, ზოგს კანფეტები, სახატავი და გასაფერადებელი რვეულები. ლიზიკოს დედა ოთახში შეჰყავდა, სადაც ორი ოთახის მეზობელი, ხუთი წლის მართა და რვა წლის ალექსანდრა იყვნენ დედებთან ერთად. ზინამ აღმზრდელს და მმართველს ვნახავ და გამოვალ, იქამდე შენ შედი ოთახშიო და გვერდზე კაბინეტში შევიდა. - დალევთ ყავას? - ჰკითხა დირექტორმა და ზრდილობის გამო მოიკითხა ზინა. - კი, დავლევ, დილით ვერ მოვასწარი, იმდენი საქმე მქონდა და ისე ვჩქარობდი. მერე ცოტა ნორმალურად გამოვუვლი, რა ვქნა ისეთ გადარბენებზე ვარ, ვერც წამოვუღე ვერაფერი. Ზინა ხან ვის და ხან ვის ესაუბრებოდა, აღმზრდელს, დამლაგებელს, მასწავლებელს, დირექტორს, ყველას და ყველაფერზე. დრო გადიოდა, ლიზიკო ოთახში იჯდა და უყურებდა მართას და ალექსანდრას დედიკოები რომ ეფერებოდნენ და ახალმიტანილ საჩუქრებს აძლევდნენ. - მე ვაშლი მომიტანა დედამ - უთხრა მშობლებს ლიზიკომ და პარკიდან ერთი პატარა წითელი ვაშლი ამოიღო. - შენი დედიკოც მოვიდა? - ჰკითხა ერთ-ერთმა მშობელმა და გაუღიმა. - კი, მასწავლებელს ელაპარაკება, წავალ ვნახავ. დადო პარკიც და პარკიდან ამოღებული ვაშლიც საწოლზე ბავშვმა და დერეფანში გავიდა. აუვლიდა დირექტორის კაბინეტს ლიზიკო და ჩაუვლიდა, აუვლიდა და ჩაუვლიდა, ბოლოს ერთ-ერთმა მასწავლებელმა შეამჩნია და კარი შეაღო, ზინას უთხრა ღიმილით ბავშვი გელოდებაო, ისიც შეჭმუხნული ადგა, არაფერს ეს ბავშვი არ დაგაცდისო და გარეთ გამოვიდა. შარვალზე რომ დაიხედა, ცოტა ეუხერხულა და ბავშვს ოთახში არ შეყვა, ეზოში გავიდეთო. მოშორებით გავიდნენ, მშრალ ბალახზე ჩამოჯდნენ და ქალმა ფეხზე ძირგამოხეული ფეხსაცმელი გაიხადა. - მალე უნდა წავიდე, ხომ იცი მამაშენის ხასიათი, ყველაფერზე ჩხუბობს. - არ მახსოვს კარგად. - უპასუხა ლიზიკომ და სევდიანმა დედას ჰკითხა - ფეხები გტკივა, დედიკო? - მეტკინება, აბა რა იქნება, სულ დამისველდა თან. - გინდა, ფეხებზე მოგეფერები, მოგირჩება, მარინა აღმზრდელმა მასწავლა მაშაჟები. - რა დროს მასაჟია, გოგო, ვინმემ არ დაგვინახოს. ჭირი და სიკვდილი - დასველებული ფეხებით შეწუხებულმა ქალმა წაიჩურჩულა, ცოტა ხანში წამოდგა და ეხლა უნდა წავიდეო შვილს უთხრა, თან დაარიგა მერე კიდე მოვალ, თუ ვინმე გკითხავს, ეჩქარებოდაო და წავიდაო უთხარი. - მართლა მოხვალ? - აბა რა ჭირს ვიზავ. წავიდა და წავიდა, არც დაბადების დღეზე, არც საახალწლოდ და აღაც მომავალ აღდგომას აღარ მოსულა. ლიზიკოს არ უჭამია ვაშლები, დალპა და გაფუჭდა. ყოველ დღესასწაულზე ფანჯრიდან ჭიშკრისაკენ იყურებოდა, მაგრამ დედა არ მოდიოდა. ლიზიკო დიდი გოგო გაიზარდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|