ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით ფილო
ჟანრი: პროზა
22 აგვისტო, 2026


მიწათმოქმედი თავი 1

თავი 1


კარზე კაკუნი მაღვიძებს. საათის მიხედვით უკვე საუზმეს გადაცილებულა. ჩემი დროიდია, აშკარად ძილი გამიგრძელდა.
- მასტერ ზუ, გღვიძავს?
- უკვე კი რებუ.
- ოჰ... როგორ ვწუხვარ, მომიტევე გაღვიძებისთვის. მაგრამ უნდა მეკითხა, გუშინ არ დაგიბარებია დღევანდელ გეგმებზე, ხო და რას მიბრძანებთ? საუზმე აღარ გინდა და სადილს დაველოდოთ? - ემოციები აქვს როგორც ხნიერ მოსამსახურე ქალს. თუ არ დავაწყნარე რამენაირად ბებიაჩემი მიმიქარავს ისეთ ამბავს დამაწევს. - ხომ იცით საუზმე აუცილებელია ჯანმრთელი კვებისთვის. აქ, ამ პლანეტაზე ისედაც ცუდად იკვებები. შენი ანალიზები დღითი დღე უარესდება. სერიოზული სამედიცინო ჩარევა შეიძლება დაგჭირდეს.
ჰმ ... უკვე 1 ციკლია აქ ვართ, რაც მოვედით ამ დამახსოვრებულ ტექსტს იმეორებს. ჩემი ანალიზებიც სრულ წესრიგშია. არ მესმის დროიდმა როგორ მოახერხა და ტყუილები ისწავლა. პროგრამული დიაგნოსტიკაც არაფერს ამბობს რომ რამე არეული აქვს... ხანდახან მგონია რომ ბებიაჩემს აქვს დამაგრებული დისანციური მართვა და ის მელაპარაკება ამის პირით. რომ არა 6 000 პარსეკი  მის სახლამდე მართლა დავიჯერებდი რომ ასეა.
- მესმის რებუ მესმის, ავდგები. ცოტაც და გამოვალ. დღეს ხომ იცი რომ არ მეჩქარებოდა არსად, ხო და ძილი გავიგრძელე. არაფერი ისეთი.
- საუზმე...
- მოამზადე ხო ეგ საუზმე, ყავა აუცილებლად მინდა - შევაწყვეტინე მორიგი მოსალოდნელი ჭკუის დამრიგებელი მონოლოგი
- კარგი მასტერ ზუ, გელოდები სამზარეულოში.
არა ცუდს ვერ ვიტყვი რებუზე. ძალიან კარგი და სასარგებლო დროიდია. ყველაფერში მეხმარება, მაგრამ... ხანდახან მართლა ნერვებზე მწეწავს. თუმცა მისი წყალობით საერთოდ ვერ ვგრძნობ თავს მარტო.
პულტით ფანჯრის დარაბა გავხსენი. ოთახში მზის შუქი შემოვიდა. რაც მართალია მართალია, ჩემი ფანჯრიდან გადასარევი ხედი მოსჩანს. დილას აუცილებლად პოზიტივი მაქვს ხოლმე გარეთ გახედვისას. ხშირად გავირინდები ხოლმე ფანჯარაში ყურებისას, თითქოს სულიერადაც ვმშვიდდები ერთის მხრივ, მეორე მხრივ გონებას ვაძლევ თავისუფლად აზროვნების საშუალებას. ძილიდან გამოსვლაშიც მეხმარება ეს პროცესი და თან ესტეთიურადაც ვტკბები ხედით.
ჩემი მიწის ნაკვეთი მთაგრეხილის ძირში მყოფ ერთ-ერთ მცირედ შემაღლებულ ადგილზეა განლაგებული, ჩემს ქვემოთ დიდი ნახევრად უდაბნო ველობია. მას ნახევარ რკალის მსგავსად შემოვლებული აქვს მთაგრეხილის ნაწილი, რომელსაც პიკებზე მუდმივი მყინვარი და თოვლიც კი ადევს აქა-იქ. ველობზევეა პლანეტის ამ რეგიონში ერთადერთი ქალაქი განთავსებული. სახელს არ იკითხავთ? არ იფიქროთ როგორც ყველა ნორმალურ ქალაქს ამასაც რაიმე სახელი ქონდეს. არა.. მხოლოდ ნომერი  7566BF. არ ვიცი რას აღნიშნავს. ალბათ მომპოვებელი კომპანიის რეესტრის ნომერია. სიმართლე გითხრათ არც დავინტერესებულვარ. ქალაქი შორს არაა, ფეხით მაქსიმუმ 2 საათში მიხვალ საჭროების შემთხვევაში. ჩემი სახლიდან ხელის გულივით მოჩანს. ღამით ლამაზიც კია სხვადასხვა ფერებში განათებული ქუჩები. ქალაქს მიღმა მოშორებულ უბანზე სხვადასხვა მინერალების მომპოვებელი კარიერია. ქალაქიც ამ კარიერების მოსამსახურედ შეიქმნა თავის დროზე. სახელიც სავარუდოდ მაგიტომ არა აქვს. დროებითი დასახლებული პუნქტია. მოსახლეობაც დიდი არაა, ალბათ მაქსიმუმ 15 000 მაცხოვრებლამდე, მე პირადად არ დამითვლია. სიმართლე გითხრა არც ეს მაღელვებს. მთავარია ჩემი ბოსტნეულ-ბაღჩეული ჩაიბარონ კაქტუსის არაყთან და გაზთან ერთად და რამდენიც გინდა იყვნენ. რაც მეტნი მით უკეთესი-თქო ვიტყოდი მაგრამ, იქ მაცხოვრებლების უმეტესი გადმოსახლებული მსჯავრდებულია. როგორც კი მოიხდიან სასჯელს მიდიან. სხვა სტატუსით ცნობიერი არსებები აქ პრაქტიკულად არც არიან. თუ გაიზრდება რაოდენობა ესე იგი მსჯავრდებულები მოემატება აქაურობას.
დღესაც, შუადღისკენ არყის პარტია მიმაქვს დასახლებაში. რაც მთავარია ბარმენი კმაყოფილია, გაცილებით იაფი გამოდის ჩემი გამოხდილი, თან ხარისხშიც არ ჩამოუვარდება ჩამოტანილ ბრენდულებს. მანამდე რასაც ადგილობრივი თვითმხდელები აკეთებდნენ კარიერის ლაბორატორიის ქიმიკატებით, იმას კი დანამდვილებით ჯობია. ასეა თუ ისე, ჩემთვის საკმარის თანხებს კი მაძლევს ეს ყველაფერი.
ჩავიცვი, მოვწესრიგდი დილის ტუალეტით და სამზარეულოში გავედი. რებუს საუზმე მოუმზადებია და ცხელი ყავით სავსე კათხაც იდგა მაგიდაზე.
- მასტერ ზუ, რამეს ხომ არ ინებებთ დამატებით.
- თქვენობით მომმართავ? რა დავაშავე ამ ჯერად?
- რაღაც მინდა გთხოვოთ... სახლში ყავის მარაგი გვითავდება, ქალაქში რომ იქნებით იქნებ ამოაყოლოთ.
- აუცილებლად, მაგრამ ეს თქვენობით რა არის? რამე მოხდა კიდევ?
- მკლავის მართვის ბლოკს აქვს პრობლემები, ვერ მოვზომე და ჭიქა შემომეფშვნა - თავი დახარა დამნაშავედ რებუმ. - ბოდიში მინდა მოვიხადო.
ჰმ... ძირითადად გაკიცხვისას მომმართავს ხოლმე თქვენობით, ეს რაღაც ახალია. ეჰ... დამიძველდა რებუ. რაც აქ ჩამოვედით მხოლოდ ავტოდიაგნოსტიკის და პროგრამული განახლებების იმედადღა ვართ. სერიოზული ტექნიკური მომსახურება პრაქტიკულად არც ჩატარებია. მადლობა ღმერთს რომ სერიოზული დაზიანება არც ქონია აქამდე, თორემ ქალაქში არსებულ სახელოსნოში, როგორც მითხრეს მსგავსი მოდელისთვის არაფერი არა აქვთ. მისთვის მარაგად წამოღებულ სარემონტო პაკეტის იმედად ვარ.
- კარგი რებუ მიღებულია ბოდიში, მაგაზე აღარ ინერვიულო. ჭიქაა რა. ჩვენი ჭირიც წაუღია. შენ რას ფიქრობ რა გჭირს? პროგრამულია თუ რამე მექანიკური?
- პროგრამული დიაგნოსტიკა ჩავიტარე სანამ ადგებოდი, განსაკუთრებული არაფერი უთქვია. უფრო მექანიკურია. კუნთების მართვის ბლოკი მგონია რომ ძალას წესიერად ვერ ზომავს, ამთვლელი იტყუება მონაცემებს, ხო და მაგიტომაც ვერ მოვზომე.
- შენც ძალიან არ მოუჭრო ხელი სანამ რამეს გაგირკვევ.
- ეგეც ვცადე და იმის გამო რომ კარგად ვერ დავიჭირე თეფშიც გამიტყდა. - რებუ შეტრიალდა და თავის დამტენ ბლოკში ჩადგა. თან თვალებს მარიდებს. არა მაინც რად უნდოდა ამდენი ემოციის დაპროგრამება არ მესმის. ახლა მე ვგრძნობ თავს დამნაშავედ. ადრე მისაყვედურა ამ სიშორეზე რომ წამომიყვანე რამე თუ მომივა ვინ მომხედავსო.
- კარგი რებუ, რო ვისაუზმებ რემ-კომპლექტს მოვქექავ, წესით იქ უნდა მქონდეს ეგეთი რამეები. შენით შეძლებ გამოცვლას, თუ ჯობია ქალაქში წაგიყვანო?
- ქალაქში ჯობია. ეგ ბლოკები ჩემთვის მიუწვდომლადაა.
საუზმის შემდეგ რებუს ბოდიშების და ქოთქოთის ფონზე, რომ ბევრ წყალს და ჭურჭლის საპონს ვხმარობ, ჭურჭელი მე დავრეცხე, კიდე რამე არ შემოეფშვნას-თქო. რემ-კომპლექტში ვნახე შესაბამისი დეტალები. უკვე რებუს გამო ცოტა ადრე მომიწევდა წასვლა. ჩემი როვერი გამოვაგორე კარვიდან და დავტვირთე ალკოჰოლით. ადრე რებუ მეხმარებოდა ამაზე, ახლა შეშინებულმა მხოლოდ მანქანაში წყნარად ჯდომა ვთხოვე. სანამ ბოლო ყუთს დავდებდი არ გაჩერებულა ბოდიშების დაღვრაში. არც მოკეტეს დაძახილმა არ უშველა საქმეს.
სახელოსნო ქალაქის შესასვლელთანვეა ახლოს, კონკრეტულად სპეციალიზებული არაა დროიდებზე. ყველაფრის შემკეთებლები არიან, ყავადანიდან დაწყებული კარიერის  მართვის ოფისის ცენტრალური კვანტური კომპიუტერის სისტემებით დასრულებული. ჩემს ტექნიკას აქ ვარემონტებ რაც გადმოვსახლდი. შემიძლია გულზე ხელის დადებით შევაქო, დედაპლანეტაზე არსებულ ბევრ სახელოსნოს სჯობიან კიდეც კვალიფიკაციით. ან რატომ არ აჯობებენ? მაგალითად კატფოლკის რასის წარმომადგენელი პროგრამისტი ავიღოთ, ის საპლანეტათშორისო ხაკერი ზედმეტსახელად "მოჩვენებაა". ლამის ათეული ციკლი ეძებდნენ მთელი გალაქტიკის მასშტაბით, სანამ დააკავებდნენ. ათეულობით ბანკი ქონდა მანამდე გაძარცვული, თან არც მავნე პოლიტიკოსებს ტოვებდა უყურადღებოდ, ბევრი მათგანის შავი საქმეები ქონდა გამოაშკარავებული თავის ქსელურ რესურსებზე. თან თავისთვის არაფერს არ იტოვებდა ნაძარცვიდან, ერთგვარი რაინდული სულის პატრონია. ყველაზე დიდი საქმე რაც ქონდა, მეორე რგოლის ერთ-ერთი ბანკის ძარცვა, სადაც ტრილიონი კრედიტი მოხსნა რამდენიმე კორპორაციის ანგარიშებიდან. ბოლო პესომდე იმ რგოლის ღარიბი პლანეტების მოსახლეობას გადაუნაწილა. მთავარი მექანიკოსი კიდევ დედაპლანეტის სამთავრობო ანგარში მუშაობდა, მანამ ოჯახური კონფლიქტის დროს შემთხვევით მეუღლე არ შემოაკვდა. რის გამოც სიცოცხლის ბოლომდე მიუსაჯეს გადასახლება. მოგეხსენებათ იმ სამთავრობო ანგარში შემთხვევით პიროვნებებს არავინ გააჭაჭანებს. სხვებიც ასეთები არიან. თავად ჩვენი ქალაქის კანონებით კიდევ სადმე ვინმეს თუ ნიშნავენ, ის იქ შემთხვევითი არ არის. მოკლედ თქვენც თუ ამ ქალაქში აღმოჩნდით და რამე გაგიფუჭდათ, შეგიძლიათ დამშვიდებულად მიხვიდეთ ამ სახელოსნოში. უკმაყოფილო ნამდვილად არ დარჩებით.
- ოჰ... თავისუფალ მიწათმოქმედს ვახლავარ - შემომძახა ოფისში შესულს მოჩვენებამ - რამ შეგაწუხა? ისევ პლანშეტი დაგებრიდა? - თან თავისებურად ჩაიკრუტუნ ჩაიხითხითა.
- არაა ახლა უფრო რთულ საკითხზე ვარ, ამას რაღაც ჭირს ხო და იქნებ მიმიხედოთ - თან თითით უკან შემოყოლილ რებუზე ვანიშნე.
- რა ჭირს?
აღვუწერე მოკლედ სიტუაცია, თან დეტალები დავულაგე წინ.
- ჩემი და მისი ვარაუდით ეს დეტალები უნდა გამოდგეს.
- ხხოოო... მოდი აბა დიაგნოსტიკა ჩავუტაროთ. ასე ზეპირად არ გამოვა. თქვენი სახლის ტესტერი მეეჭვება გამართულად მუშაობდეს.
- რამდენი ხანი უნდა და რა დამიჯდება?
- დღეს დამიტოვე და ხვალ წაიყვანე. სადღაც... მოდი აბა დავითვლი. დიაგნოსტიკა კი იცი 30 პესოა, თუ ეს დეტალები იყო გამოსაცვლელი მართლა მექანიკოსის საქმეა და ძირითადად მსგავს პროცედურებში ის 50 პესომდე იღებს ხოლმე. მაგრამ მოიცა აბა ვკითხოთ. ვიტეეეე - დაიღრიალა ბოლო ხმაზე.
- ააააააა - ამოსძახა ვიტემ სახელოსნოდან.
- ზუბუა მოსული, დროიდმა აურია, ხო და თუ მართვის ბლოკი იქნა გამოსაცვლელი, რამდენი გინდა?
- ზუბუ? მოიცა - ლითონის კიბეზე ამოირბინა ვიტემ. - ისა... შენ დღეს ბარმენთან ალკოჰოლი მოგაქვს ხო?
- ხო.
- ხო და 2 ბოთლი შენი არაყი მომეცი და ფირმამ რომ გადასახადი გადაიხადოს კიდე 20 პესოც ეყოფა.
- მოვილაპარკეთ ესე იგი? - ხელი გავუწოდე ვიტეს.
- მოოიცა. რა მოილაპრაკეთ, ეგ უნდა დავადგინოთ ჯერ მართლა ეს ჭირს თუ სხვა რამე. - ჩაგვიშალა მოლაპრაკება მოჩვენებამ. -  მოკლედ დაახლეობით ვიცით რაც უნდა ამას. მაგრამ მერჩივნა ფული მიგეცა. ეგ ახლა წავა და იმ შენი 2 ბოთლით 3 დღე უგონოდ ეგდება თავის სოროში. კარგი ასეა თუ ისეა ხვალამდე აქ უნდა იყოს.
- ოჰ ღმერთო ჩემო, ხვალამდე? მერე სახლში ვინ მიხედავს სამუშაოებს? ბაღშიც მომხმარე ჭირდება ზუს - აქოთქოთდა რებუ.
- კარგი დამშვიდდი, არაფერია ერთი დღე-ღამე, სამაგიეროდ გაგარემონტებენ და იქნები ძველებურად.
- ძველებურად ანუ როგორც დედაპლანეტაზე?
- მთლად მასე ვერა მაგრამ... სსსადღაც მასე - ჩაიკრუტუნა მოჩვენებამ თან თვალდახუჭულმა ეშვებს შორის ენა გამოყო ხუმრობის ნიშნად.
შემდეგი გაჩერება ბარია სახელად „მარილიანი თევზი“. ამ ქალაქში 5 სხვა ბარია, მაგრამ ერთადერთი ვინც დამთანხმდა ჩემი ნაწარმის ჩაბარებაზე ამ დაწესებულების მეპატრონეა. რატომ ქვია ეს სახელი ვერ გავიგე, ამ პლანეტაზე თევზი ოკეანეებში თუა ისიც ისეთ სიღრმეზე რომ ვერ დაიჭერ. თავად ბარის მენიუშიც თევზს არ შემოგთავაზებენ. თუმცა ეგეც არ მაღელვებს, რაც მთავარია მიხდიან.
- მოხვედი ზუბუ? ცოტა ადრე კია - უკანა კართან დამხვდა ბარმენი მირო. ელფური რასის წარმომადგენელია, კანი მოცისფრო აქვს, წაწვეტებული ყურები და ღია ყვითელი თვალები. თავის დროზე სამხედრო იყო, როგორც ყვებოდა პოლკოვნიკის ჩინამდეც კი  მისულა, მაგრამ თაღლითობაზე დაუჭერიათ, სამხედრო ნაწილის საწყობიდან ყიდდა თურმე საკვებს და საჭურველს იატაკქვეშელებზე. 10 ციკლიანი ვადა მიუსაჯეს. იძახის გამიმართლაო რომ საერთოდ სიკვდილით არ დამსაჯესო. აგერ უკვე მე-3 ციკლია აქ არის. თავისი ოჯახის წევრებიც ჩამოიყვანა აქ საცხოვრებლად. ღიპიც მოიგდო და განცხრომაშია თუ შეიძლება ასე ითქვას. ეგ ციკლები რომ გამივა უკან აღარ წავალ ბიზნესი მოვიწყე, იქ რა მინდაო, იძახოდა ცოტა ხნის უკან.
- აგერ მოვიტანე პარტია. ჩაიბარებ?
- ჩავიბარებ რომელია, შესაძლოა ხვალიდან ამის მეტი ვერც დავუსხა ვერაფერი კლიენტურას.
- რა მოხდა კი მაგრამ?
- არ გაგიგია? ჩვენკენ მომავალი ტრანსპორტი დაუყაჩაღებიათ. მთელი საქონელი წაიღესო ასეთი ამბები მოვიდა, ეკიპაჟის ნაწილი ამოუხოციათ, მეორე ნაწილი ვინც მოახერხა სამაშველოებით გაიპარა ბორტიდან და ისე გადარჩაო. ჩვენს გარდა კიდე რამდენიმე კოლონია დარჩა მშიერი ამ პლანეტაზე.
- ოჰოო... არ გამიგია, ისე დილიდან სახლში არაფერი ჩამირთავს.
- ასეთი ამბებია. ეგ კი არა ამის გარდა თუ გაქვს კიდე რამე მარაგი? ისიც მინდა. ვიცი სხვა ბარმენები მოვლენ შენთან და ფასსაც წაგიმატებენ ვიდრე მე გიხდი, ამიტომაც ახლავე რაც ეს ღირს 15% უკვე გიმატებ. დანარჩენებზეც დამპირდი რომ არავის მისცემ.
- ამისთვის მადლობელი ვარ მაგრამ... სხვა ტრანსპორტი მოვა ბოლო-ბოლო, კვირაში ერთხელ მოდის და ერთი კვირა მოცდა რა პრობლემაა?
- შენ მაინც ახალი ხარ და არ იცი ეტყობა. 2 ციკლის უკან მოხდა ანალოგიური, მთელი თვე არაფერი აღარ მოსულა. სახუმარო ამბავი ხომ არაა ჰიპერ სივრციდან ხომალდის გამოძრობა? სერიოზული ბანდა დათარეშობს ესე იგი. თან გაიგე ახლა როგორ მოახერხეს, ან გრავიტაციული ჭა აქვთ დათრეული სადღაციდან, ან კიდევ თავად ბორტზე იყო მოღალატე. სანამ არ იპოვიან ყველას და არ გააუვნებელყოფენ კომპანია სხვა ხომალდებს არ გამოუშვებს იმის შიშით რომ კიდე არ გაძარცვონ.
- ოპაა. და თუ ვერ იპოვეს?
- ჩემს აქ ყოფნაში მსგავსი არ ყოფილა, ყველა კონტეინერი დანიშნულია, აუცილებლად იპოვიან... მაგრამ თუ ვერ იპოვეს ცუდად წაგვივა საქმე. შიმშლობისთვის უნდა მოვემზადოთ ესეიგი.
- კარგი ეს ჩაიბარე ჯერ. დანარჩენზე მერე ვილაპრაკოთ.
- ოხ ოხ ოხ, გაიღვიძა შენში როგორც ვხედავ საქმოსანმა. კარგი ახალვე 30% და დანარჩენებზე კიდევ 40% გიმატებ არავის მისცე. ამაზე მეტს ისინიც არ შემოგთავაზებენ მაინც. ხო კიდევ, ბოსტნეული ან ბაღჩეული რა გაქვს?
- ბარდეული მაქვს საწყობში და მარცვლეულიც, მაცივარში კიდევ პომიდორია. რა ხდება, ეგენიც გინდა?
- როგორ ფიქრობ? თუ შენი თქმისა არ იყოს და ვერ იპოვიან დროზე, რა ვჭამოთ? კონსერვები არ გვეყოფა დიდი ხანი. ასე რომ გეხვეწები, თუ რამე გაქვს მოუფრთხილდი, ქურდობაც იქნება თემაში. თოფი თუ არა გაქვს ჩემსას მოგცემ. ან თუ გინდა მცველ დროიდს გამოგაყოლებ...
- კარგი მირო რა გჭირს. ნუ პანიკობ, ყველაფერი კარგად იქნება. აგერ ნახავ. 1 კვირაში ინანებ ამდენი რომ გადაიხადე. მოდი დღეს 15% დავჯერდები და პირობასაც გაძლევ რომ თუ რამე სასწაული არ მითხრეს ვიტყვი რომ მეტი აღარ მაქვს არაყი. კარგი?
- კარგი კარგი... არ დამაღალატო.
ამასობაში მსახურმა დროიდებმა როვერი დამიცალეს. ეს ცუდი ამბავი მითხრა მირომ. ამ ტრანსპორტით სახლიდან ამანათს ველოდებოდი. ბებიამ მომწერა მთელი ნუსხა იმ საგნების რომელიც უნდა ჩამომსვლოდა. მეც აქ გავუმზადე ჩემი მოწეული საკვები, უკანა გზაზე ტრანსპორტს გავატან და გავახარებ მეთქი. რას წარმოვიდგენდი. ეს მეკობრეობა კიდე ვერა და ვერ აღმოფხვრეს ამ კვადრანტში. ჩვენს პლანეტას ჯერ არ შეხებია აქამდე, ეს პირველი შემთხვევა იყო რაც ჩამოვედი მის მერე.
ისე თუ მირო არ ტყუის, მაშინ მართლა მომიწევს ჩემი უსაფრთხოების გაძლიერება. რაც აქ ვარ არავის არაფერი მოუპარია. სახლს პრაქტიკულად არც ვკეტავ ხოლმე ისე მივდივარ საქმეებზე. მიუხედავად იმისა რომ მსჯავრდებულების დასახლებაა, ქურდობა და ძალადობა აქ უიშვიათესი რამეა. არ ვიცი რატომ, ბარში შეხლა-შემოხლაც კი არაა სიმთვრალის გამო. თუმცა ალკოჰოლოთ თრობა ერთია და მეორეა შიმშილი. დამშეული არსების ცნობიერება რას გააკეთებს კაცმა არ იცის.
სახლში დაბრუნებულმა ტელევიზორი ჩავრთე. ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვება იუწყებოდა ამ ამბებს. რეპორტაჟი ქონდათ გაკეთებული სატრანსპორტო ხომალდიდან. ტვირთის დიდი ნაწილი წაიღესო. სექტორის ამ კვადრანტში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებულიო და ყველანაირი მიმოსვლა იკეტება სიტუაციის გარკვევამდეო... ეგეც დღის სიურპრიზი. თან ძარცვა აქვე მომხდარა, პრაქტიკულად ჩვენი ვარსკვლავური სისტემის საზღვართან.
მობილური ამიწკარუნდა, დავხედე და ბებიაა. ჩემი საყვარელი ბებია. ვიდეო შეტყობინებაა. ღმერთო რა მაგრად გავს ჩემს დროიდს ამ მომენტში. ქოთქოთებს და მოთქვავს, ამისთვის ეწამა ამდენი ხანი რომ მისი წვალებით გაზრდილი შვილიშვილი, სადღაც მოუსავლეთში გადაკარგულიყო, სადაც ერთი ტრანსპორტი მიდის მარტო რომელსაც დღენიადაგ ვიღაც ნაძირლები ძარცვავენ... და რა თქმა უნდა როგორც სხვა დროს აქაც ისევ იგივე დასასრული.
- შენი სიჯიუტის ბრალია ყველაფერი, მასეთი უვარგისი ვის დაემსგავსე? ნიჭი შენ არ გაკლდა, განათლება და სანაცნობო წრე, როგორ გაიუბედურე მასე თავი რომ მანდ წასასვლელი გამხდარიყავი? რატომ? რატომ არ დამიჯერე? რა დროს სიამაყე და ქედმაღლობა იყო? იქნებოდი ახლა აქ, ჩემს გვერზე და ასე არ მანერვიულებდი. დავბერდი ბოლოს და ბოლოს. ხვალ რომ მოვკვდე ვინ დამკრძალავს? სანამ აქამდე მოაღწევ რამდენიმე დღე გინდა. წერილს რომ გიგზავნი მაგასაც ერთი დღე ჭირდება რომ შენამდე მოვიდეს. კიდევ კარგი შენი მშობლები ვერ მოესწრნენ ამ ამბებს. თან მანდ საერთოდ ვერ დაქორწინდები. ისე უნდა მოვკვდე რომ შენს შთამომავალს ვერ მოვესწრო. ეჰ... ბედი არ მქონია არაფერში.
ჰმ... ვერ დაქორწინდებიო, არა უშავს ჯერ არ ვეტყვი, სიურპრიზად გავუგზავნი ჩანაწერებს ქორწილიდან. არა რაღაც კავშირი აუცილებლად არის რებუს და ბებიას შორის... ან ამის ვიდეოზარებიდან სწავლობს ყველა ემოციას რებუ. ეჰ... დედაპლანეტაზე ცხოვრება რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ მე მართლა სხვა გზა არ მქონდა.

https://pilolit.wordpress.com/2026/01/30/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98-2/

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები