ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი"
სკვერში მოხუცი კაცი ზის. ამოიოხრა, გული ამოაყოლა. თუ ნახევარ საუკუნეს გადააბიჯე, სრულიად გასაგებია მისი განწყობა. უფროსი თაობა, თითქმის ყველა გარდასულია. ბევრი - შენი ტოლიც. შენი ბევრი მეგობარიც,უკვე წლებია იმ ქვეყნად არიან. ამას არ უნდა ჩაუღრმავდე. შვებისთვის ერთ აზრს ჩაეჭიდე, - შენი გზაც იქითაა. ძნელია ცხოვრება. წლების მატებასთან ერთად სიკვდილებს აგროვებ, ტვინის იმ არეში, რომელიც ხსოვნაზეა პასუხისმგებელი. თითქოს დაბადებიდან დაატარებ სიკვდილის ყულფს. ჯერ წელამდე დაგთრევს, მოშვებულია. გადის წლები, ყულფი პატარავდება, ვიწროვდება. ადის მკერდამდე, მკერდს ზემოთ, ყელთან ახლოს. არავინ იცის როდის წაგიჭერს... მაგრამ ყველაზე ძნელი ეს არ არის. მოგონებები ამ ყულფის ტარებაზე მძიმეა.
დედა... მოხუცი გარდაიცვალა. როგორ გეგონა, რომ მოხუცის დაკარგვა ადვილი იქნებოდა. ახლა ყოველი შენი უხეში სიტყვა, მისთვის ნათქვამი, ხიჭვებივით ერჭობა გულს და მუდმივად რჩება: - რა არის დედა, რა ხმებს გამოსცემ ჭამისას! არ შეგიძლია წკლაპუნის გარეშე ჭამო?! დედა უხმოდ წყვეტს ჭამას. ამიერიდან მაგიდიდან მოშორებით ჯდება, თეფშს მუხლებზე იდებს და ისე ჭამს. თურმე არ შეუძლია! ახლა, ასაკში შენც საკუთარი პირის აპარატით ხვდები ამას.
- რამდენჯერ უნდა მკითხო, დედა, ერთი და იგივე. წეღან არ გითხარი?! იმდენი ეკალია გულში, რამდენჯერაც ეს საყვედური გითქვამს მისთვის. ახლა, შენს იქაურ მომავალთან დაახლოებულს და ამ მომავლის ყოვლისმომცველობით დაბნეულს, თავადაც გავიწყდება ყოფითი წვრილმანები. არადა, შენგან რამდენი უცნაური ხმა, "სიბინძურე", ან კითხვების კორიანტელი, სიყვარულით უზიდია.
თინა! თინაც თან დაყვება. ახლაღა ხვდება, რა ძვირფასი იყო მისთვის.თურმე რამდენი დაუთმენია. თინა! როგორი ქალი იყო?! ძლიერები არიან ქალები. მხოლიდ 2 დღით მოიცვა მელანქოლიამ, დიაგნოზის გამო. მესამე დღეს ჩვეულებრივ გააგრძელა ცხოვრება. - აბა. ვინმეს უკვდავი ჰგონია თავი? ცხოვრება ისეთია, შეიძლება დღესვე, თავში რამე დაგეცეს და მოკვდე. შეიძლება წაიქცე, ისე რომ... ამაზე წინასწარ დარდი ღირს? არა! გინახავს მოხუცი, ვისაც ეთქვას -სიცოცხლე საკმარისიაო?! არ არსებობს ზღვარი, როცა ამას იტყვი. ამიტომ 10 ან 20 წელი ბევს არაფერს ცვლის. სიცოცხლის წყაროთი ვერასოდეს დარწყულდები. ამიტომაც არაა აქვს რამდენიმე წელს დიდი მნიშვნელობა! სიკვდილი არ იმსახურებს, სულ მასზე ვფიქრობდეთ! - ჯერ ხომ კარგად ვარ. კიდევ დიდხანს კარგად ვიქნები. - თქვა და მკურნალობას შეუდგა.
საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების: ოდეს მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების.
სიცოცხლის ბოლო დღეებში კი ასეთი "სიურპრიზი" გაუკეთა. რად უნდოდა, რატომ თქვა ეს?! რატომ დაუტოვა ასეთი მოურჩენელი წყლული?! რატომ ამოუყირავა წარსული?! რომ ეგონა, მისი ბრმა სიყვარული ბოლო წუთამდე გაგრძელდა, თურმე, როგორი ტკივილი უტარებია, როგორი იმედგაცრუებული ყოფილა ცხოვრებით: -ღმერთმა დაწყევლოს ყველა ტრადიცია, ღმერთმა დაწყევლოს საკუთარი თავისადმი სხვისი თვალით შეხედვა. შენ რომ "იმასთან" და " იმასთან" საწოლში ნებივრობდი, მე სახლში გული მეგლიჯებოდა. შენს მიმართ ცალმხრივი სიყვარულის და ღალატის გამო კი არა, სიყვარული ცალმხრივობის გაცნობიერებიდან მალევე მოკვდა, იმიტომ ვდარდობდი, რომ ვერ შევძელი ჩემი თავისუფლებისკენ გადამედგა ნაბიჯი. შვილები რას იტყვიან; სხვები რას იტყვიან. "ვინც ბედნიერია, მართალიც ის არისო" , დოსტოევსკის ერთი გმირი ამბობს. ჰოდა მივდივარ ამქვეყნიდან ასე გამტყუნებული! რატომ დაუტოვა ამხელა ტვირთი, ბოლო წუთებში?! ბარემ ბოლომდე ჩაეტანა!
ჰო, უნამუსობაა! ჯერ ადგე და მანქანაში ჩატენო, არც კითხო, იქნებ სხვა უყვარს? მერე მთელი ცხოვრება იმსახურო და მისი იმედგაცრუებაც არ გინდოდა მოგესმინა?! იმსახურებ, სიბერის წლებში მაინც დაგქენჯნოს სინდისმა! დაგკორტნოს დარდმა! ერთი რამ უშვებს მოჭერილ მარწუხებს: სანამ ამას იტყოდა, რამდენიმე დღით ადრე ბედის მადლიერი იყო, შვილების, შვილიშვილების გამო. ბევრი მეგობარი ჰყავდა. უყვარდა მათთან ერთად ყოფნა, მოგზაურობა, მხიარულება. ადამიანს მიმდინარე მოვლენების შესაბამისად ცვალებადი განწყობა აქვს. ადამიანიც ტაროსივითაა. შენც ხომ ასე ხარ?
იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა
მადლობა ღმერთს, მხოლოდ მოგონებები არ არის ცხოვრება. არიან ახალი სიცოცხლეები, ახალი სიხარულები. სწორედ ასაკის სიმძიმის დასაბალანსებლად მოავლინა ღმერთმა შვილიშვილები. ყველა ცუდ მოგონებას გადაწონის ახალშობილის სუნთქვა შენს კისერთან; მისი ძილში ჩაღიმილების ყურება; (ადრე ამბობდნენ, ანგელოზებს უღიმისო.) მისი კისკისის მოსმენა; ტკბობა, მის მიერ სამყაროს აღქმის ბუნებრივი მშვენიერებით; ყურება, როცა შენი დანახვისას სიხარულით ხტის. ეს არის ცხოვრების არსი. ამისთვის ღირს ცხოვრება, სიცოცხლე ეშხს არ კარგავს...მაგრამ როდესმე შენც გული უნდა ატკინო, შენი გარდასვლით. .. არა ამაზე არ უნდა იფიქრო, ამაზე ხომ შევთანხმდით!? მიიღე ასე: *ნაყოფი უნდა დალპეს, რომ ახალი მცენარე აღმოცენდეს. ცხოვრება მშვენიერია.
*ნაყოფი უნდა დალპეს, რომ ახალი მცენარე აღმოცენდეს. ( მამა ზოსიმე " ძმები კარამაზოვები" - დან)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|