ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
17 სექტემბერი, 2026


ტაო-კლარჯეთზე

,,არა მგონია თანამედროვე პოეტებიდან რომელიმეს იმდენი ლექსი ჰქონდეს დაწერილი ტაო-კლარჯეთზე, რამდენიც ოთარ რურუას“.

თეიმურაზ გოგეშვილი (ბიძაჩემი, დედაჩემის დეიდაშვილი)

.................................................................................................................................................

ჩემო ქართველებო, - ჩემო გულმხურვალე მამულიშვილებო, შეგვეწიოს ჩვენი წმინდა სალოცავების ძალი და მადლი. ❤ ❤ ❤

ეს ტაო-კლარჯეთია! ეს საქართველოა! ეს ქართული მემკვიდრეობა - ოშკის დიდებული ტაძარია!

ტაო-კლარჯეთზე ლექსების მთელი ციკლი მაქვს შექმნილი.

ჩემი ლექსების გარდა, ტაო-კლარჯეთზე ორმოცდაშვიდი პოეტის - იოსებ ნონეშვილის, მორის ფოცხიშვილის, შოთა ნიშნიანიძის, ნოდარ ჯალაღონიას, მუხრან მაჭავარიანის, რეზო ამაშუკელის, გიორგი ლეონიძის, ლადო ალფენიძის, ანა კალანდაძის, ზვიად გამსახურდიას, ვაჟა ოთარაშვილის, თემურ ჩალაბაშვილის, დავით შემოქმედელის, ზურაბ გორგილაძის, ფრიდონ ხალვაშის, ტარიელ ჭანტურიას, ვახტანგ ღლონტის, ჯემალ ინჯიას, ოთარ ურუშაძის, პეტრე კვარაცხელიას, ირაკლი ვაშაყმაძის, ელდარ ჭიჭიაშვილის, ვაჟა სამსონიძის, სულიკო ჯამალაშვილის, ოტია ზედგინიძის, კობა მოდებაძის, ირაკლი ნადარეიშვილის, ფრიდონ ზოიძის, გიორგი ბერიძე-ბერჯავახის, იროდი ასანაშვილის, ვაჩე რაინდელის, გუარამ გვარამიას, თამარ შაიშმელაშვილის, შორენა გაბელაშვილის, ნანა ღვინეფაძის, დალი მაზმიშვილის, ციური ასპანიძე-მესხიშვილის, ეთერ გოგეშვილი-ისაკაძის, ნათია ჯიმშელეიშვილის, იზა კარიჭაშვილის, მირანდა ერისთავის, ეკატერინე გაბედავას, შორენა თამაზაშვილის, ნინო ნეკერიშვილის, ქალთამზე ანა სურმანიძის, თეა თაბაგარისა და ნუკრი ბერეთელის სტრიქონები მაქვს წაკითხული.

ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად ვეწვევი ტაო-კლარჯეთს და აუცილებლად მოვილოცებ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ამის. ისე არ მოვკვდები, ჩემი ისტორიული სამშობლოს მიწა-წყალი არ დავკოცნო და არ მოვილოცო.

ჩემთვის თურქეთიც ისეთივე ოკუპანტია, როგორც რუსეთი! დარწმუნებული ვარ, დაუბრუნდება ტაო-კლარჯეთი თავის დედასამშობლოს. მთავარია, რწმენა არ დავკარგოთ. ის, რაც შეუძლებელია კაცთაგან, შესაძლებელია უფლისგან.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

ტაო-კლარჯეთის მიწის სურნელი -
არის სურნელი საქართველოსი,
მჭირს სიყვარული განუკურნელი
ბაგრატიონთა სამფლობელოსი.

დღეს აღარ რეკენ ოშკის ზარები,
თუმც კვლავ აოცებს მნახველებს ოშკი,
თითქოს ყველა დღე არის ზმანების,
სიზმარში ვხედავ: ხუთჯვრიან დროშით

როგორ შევდივარ წმინდა ტაძარში
და როგორ მლოცავს გრიგოლ ხანძთელი,
ვხედავ დედოფალს - ქართულ კაბაში
და მიხარია რომ ვარ ქართველი.

ჭოროხს გაღმაც ძგერს ქართული გული,
იმ ლაზისტანსაც ვლოცავ ბერივით,
შეინარჩუნეს ენა ქართული
ფერეიდნელი ქართველებივით.

მინდა ამიხდეს ყველა სიზმარი,
ცხადად ვიხილო ყველა ზმანება,
ვიდრე მასველებს ჩემი ცის ნამი,
იარები მაქვს სულში ბზარებად.

ტაო-კლარჯეთის მიწის სურნელი -
არის სურნელი საქართველოსი,
მჭირს სიყვარული განუკურნელი
ბაგრატოვანთა სამფლობელოსი.

თუმც აღარ რეკენ ოშკის ზარები,
დღესაც აოცებს ოშკი მნახველებს,
გულით მიქებენ ლამაზმანები
დიდ წინაპართა უკვდავ სახელებს.

დედამ ფიალა ღვინით ამივსო,
მსურს ვნახო ერი-გამარჯვებული,
ჩემი ფესვები სამარადისოდ
ამ მიწაშია დამარჯნებული.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები