ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭობიჩი
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2026


ხედავ, ისევ ვწერ...

ვგრძნობ დამეუფლე
მაწუხებ, მტანჯავ
ჩემს სულს სიმშვიდის
არ აძლევ საბაბს.
  მუდამ დამყვები
  ლაქუცობ, მთაფლავ
  სიამოვნების
  წინ მიდგამ ლანგარს.
მომწყვიტე სიბრძნეს,
წიგნსა და კალამს,
ფურცლები აღარ
მეტყვიან სალამს,
    ვეღარ ვწერ, მორჩა
    დამთავრდა, ჩაქრა 
    და პოეზიაც
    უკვალოდ გაქრა.
ვეღარ ვფიქრობ და
ვეღარ ვაზროვნებ,
სულის ძახილსაც
ვეღარ ვაგონებ,
    მხოლოდ ხორცს ვკვებავ
    ჰოი, მტარვალო
    შემბოჭე , შემკარ შენ
      მე საბრალო.
თავისუფლების ვეღარ ვგრძნობ სიოს,
მხოლოდ ბორკილი დამადე ბეჭზე,
ყველა დატოვე, ყველას შეეშვი
და მოიცალე შენ მხოლოდ ჩემზე.
      აჰა მითხარი: შენ ქალის სითბო,
      მიბრძანე, რომ ვსვა მე ბევრი ღვინო,
      და ეს მტარვალი შრომის ჭაპანი
      მომთხოვე, რომ მე უსიტყვოდ ვზიდო.
რათა დავნაყრდე , ფაშვი გავივსო
შვილი ვკვებო და ცოლი ვადიდო.
მახსენებ ურცხვად ყოველ საღამოს,
რომ მე ოჯახი უნდა ვარჩინო.
      თან მეკითხები, ჩუმი ხმით ნაზად:
      ხომ არ დამღალა მე ამ ცხოვრებამ ?
    აჰა შენ ფული , კიდეც მთავაზობ
    ოღონდ დაჰკარგე ეს  სათნოება,
მოჰპარე მოძმეს და მოატყვილე,
იმლიქვნელე და იფლიდე მარდად,
თან სხვის შრომაზე შენი სიმდიდრე,
სხვის ოფლზე, ცრემლზე გაზარდე მარად.
    მაშინ შენ  დროიც  ბევრი გექნება
    კიდეც დაწერ და კიდეც იკითხავ,
    ეკლესიაშიც ხშირად ივლი და
    აღარც არავის არ განიკითხავ.
ყველა მოგიწვევს სტუმრად, გაგიღებს
ფართოდ კარებს და დაგიკლავს საკლავს,
მამაოები ილოცებს შენზე
სხვანი მადლობის დაგიკრავს დაფდაფს.
    შემამცივნა და შემაძაგძაგა
    მისი შეხება ვიგრძენი მკლავზე,
    წადი წყეული შევძახე სწრაფად
    მოვშორდი, მოვწყდი განვედი  განზე.
მისი თვალები ვიხილე მაშინ ,
ცივი, ცბიერი, ფლიდი და მავნე
ამა ცხოვრების სიამტკბილობით,
არარაობით, მთლიანად სავსე.
    ზიზღი დამეტყო სახეზე უცებ,
      წადი, მომშორდი შევყვირე და ჯვარს
      ხელი შევავლე ვითარც მებრძოლმა,
      ბრძოლის ველზე რომ ისხამდა აბჯარს.
ვერ გამაბრიყვებ, ვუთხარი მწარედ
ვერ შემაშინებ, ვერ დამცემ სულით.
მე ქრისტიანი ვიქნები მარად
სულ მეყვარება უფალი გულით.
    არვის მოვპარავ, არ მოვატყუებ,
    მე არ გავხდები ფლიდი, მლიქვნელი,
    სხვისი შრომისა მიმთვისებელი,
    არ მსურს ამ ცოდვის ვიყო მზიდველი.
ვიშრომებ დღისით, ვიშრომებ ღამით
ცოლ შვილსაც ვაჭმევ, ვაცმევ- დავხურავ
  და თუ  ოქროთი ვერ ამოვავსე
მე არ მეტყვიან ვიცი სამდურავს.
      რამეთუ მიყვარს, მათაც ვუყვარვარ
      იცი საერთოდ შენ ესე გრძნობა?
      სიყვარულია ქვეყნისა მხსნელი,
    პატივისცემა, ერთურთის ნდობა.
არ მოგეწონა? ხედავ, ისევ ვწერ
ისევ ვასხურებ ხოტბას სიყვარულს,
ვამჩნევ შენ ბოროტ გამოხედვას და
ვეღარა ვხედავ მასში სიხარულს.
    ვერ გაიმარჯვებ, ვერ მოშლი ჩემში
    იმას რაც ღვთისგან ნაბოძებია,
    ჩემი სული და ჩემი ბუნება
    შენ არასოდეს დაგმონებია....

     

   


 
   
   





     
   


   
   



   
   

   

     



 





   


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები