ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთ
ჟანრი: პროზა
4 აპრილი, 2009


მინიატურა

ისევ გადაბმულად წვიმს. ჩაკიდული დღეები ზანტად მიედინებიან. ნაბიჯების ხმაზე ყოველთვის ვიძაბები. ასე მგონია ჩემი ქალბატონი მოდის. მაღალი, შევერცხლილი თმითა და გამყინავი გამოხედვით. ქედმაღლური ღიმილი დასთამაშებს ტუჩებზე. ბავშვობაში დედა მაშინებდა ხოლმე,  ქალბატონი ჯულია დაგსჯისო. მახსოვს, საბანში წავყოფდი ხოლმე სახეს და ვფიქრობდი დღეზე, როდესაც ჩემი ქალაქი ქალბატონი ჯულიას გარეშე იარსებებდა. მერე უზომოდ ბევრს ვნერვიულობდი ჩემს გატეხილ ცხვირზე და წელამდე ჩახვეულ თმაზე. იმ დღესაც ბავშვობაზე ფიქრით გადავკვეთე ფერმის საზღვარი, ჰაერში თავისუფლების ნოტიო სურნელი იდგა. ჭვავის თავთავები მორცხვად ირწეოდნენ და შორიდან დამცინოდნენ დაჭორფლილი სახის გამო..
ნაბიჯები მიმძიმდებოდა, მიმოხვრაც გამიუცხოვდა თითქოს.
ფერმიდან საკმაოდ მოშორებით, მწვანედ მოპრიალებულ მდელოზე ფეხმორთხმით დავჯექი. კალთაში ოცნებებს ვარჩევდი და მზეს ვემალებოდი.
ლონდონში, სადაც განუწყვეტლივ წვიმს, არსებობს ფერმა, სადაც ჩემნაირი უსახური არსება ცხოვრობს.
" გარდატეხის ასაკში მყოფ ჟღალთმიან გოგონას მოსამსახურე დედის გარდა არავინ ჰყავდა. თავადაც დედასავით დაკოჟრილ ხელებს დაატარებდა და სიმპატიური ყმაწვილის დანახვაზე თვალებთან ერთად მალავდა დამსკდარ ხელებს ჩამოძონძილი ტანსაცმლის მიღმა. ყოველი დღე წინამორბედის ანარეკლი იყო. საკუთარ სამყაროში გამოკეტილ გოგონას არასოდეს უნატრია თავისუფლება, მისი სუნთქვაც ხომ გამოზომილი იყო. ოცნებებით გატენილკალთიანი გოგონა ცაზე ფიგურებს ხატავდა, ჟღალი თმის მიღმა კი მალავდა დაკოჟრილ ხელის მტევნებს და ყოველდღე მონდომებით სწავლობდა ასოებს, რათა ლამაზყდიანი წიგნები წაეკითხა".

 
ვიოლინოს გაკვეთილები საოცრად მღლის. დედაჩემი მაღალი  საზოგადოების გამო მზად არის საუბარიც კი ამიკრძალოს. უკუვაგდებ ხოლმე ყველა შენიშვნას, ფეხაკრეფით ვტოვებ მარმარილოთი გაფორმებულ ჩემს ოთახს და საათობით ვიხედები წყლიან თასში, საიდანაც დიდთვალება გოგონა მიმზერს.
..მე ახლაც წყალში ვიხედები და ურცხვად გაშლილ თმას ვიხვევ დაჭმულ ფრჩხილებზე. დედაჩემი, ქალბატონი ჯულია, მკაცრი ქალია, მთელი ბავშვობა მეგონა, რომ ყველა დედის ვალი შვილის მკაცრად აღზრდა იყო. შიში პატივისცემას გულისხმობდა და ყველას მიაჩნდა, რომ  შიში უნდა ჩაენერგა თავისი პირმშოსთვის, რათა შეცდომებისგან დაეცვა იგი. წლებთან ერთად მივხვდი, რომ ყველა ქალი დედობის ღირსი არ არის. მოლურჯო-შინდისფრად გადღაბნილ ცაზე მთვარე ამოიწვერა. ყოველთვის მინდოდა ლექსები მეწერა, საათობით შემეძლო მეკითხა წიგნები და მემოგზაურა ყველგან, სადაც კი გონება აღწევდა.
ჩემი ძიძა თვლის, რომ დაუმორჩილებელი ბავშვი ვარ, მემუქრება ხოლმე დედაშენს ვეტყვი ყველაფერსო. მე კი ჯიუტად არ მჯერა მისი, რადგან იგი ჭეშმარიტი დედის თვალებს ატარებს. დაუდგრომელი ვარ, არ შემიძლია აქ ცხოვრება და ვიცი ოდესმე ამოხეთქავს ყველაფერი და ერთიანად წამლეკს.
ქურდივით მივიხედე ფერმისკენ და სწრაფი ნაბიჯით გავშორდი დედისეულ სამყოფელს. გზად ჭვავის თავთავებს ვთელავდი და ვფიქრობდი დღეზე, როდესაც დამავიწყდებოდა ჩემი არსებობა და თავისუფლებას ჩავისუნთქავდი ჰაერთან ერთად. ლონდონში იშვიათია მზე, მე კი ზოგჯერ უაზროდ ვიყინები..
შორს მოვიტოვე ათასი მზერა და მთელი ძალით გავიგლიჯე საკინძე. მაღალ თავთავებში ჩავმალე შიშველი სხეული და ბუნებისგან შექმნილი არსება მიწას შევეზარდე. არასოდეს მიგრძვნია ასეთი მჭიდრო კავშირი მასთან, ახლა კი თავთავების სუნთქვას ვგრძნობდი სიშიშვლისგან აპრიალებულ კანზე.
მიწას შეეზარდა ჩემი ყორნისფერი თმა, თვალებმიხუჭულს მზე წამომდგომოდა თავზე. არასოდეს მიგრძვნია სითბო, ლონდონში ხომ  ჩემი სულივით მუდამ წვიმს..


   
  ზოგჯერ თავადაც ვერ ვხვდებით როგორ გადის ჩვენი ბედნიერების გზა სხვის ოცნებებზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები